
ფრანც კაფკა და მისი მისტიური ,,მეტამორფოზა” – 2 ნაწილი
ფრანც კაფკა ( 1883-1924 ) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მისტიური, ტრაგიკული და გავლენიანი მწერალია მე – 20 საუკუნის ლიტერატურაში.
სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტები :
კაფკა მოთხრობაში, არა მხოლოდ პერსონაჟის ფიზიკურ გარდაქმნას, არამედ სოციალური მდგომარეობის შეცვლასაც წარმოაჩენს. გრეგორი მანამდე ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, თუმცა, ტრანსფორმაციის შემდეგ, ის უსარგებლო ხდება, რის გამოც ოჯახის დამოკიდებულება მის მიმართ ნელ-ნელა უარესდება. ეს ასახავს საზოგადოებრივი სისტემის კრიტიკას, სადაც ინდივიდის ღირებულება დამოკიდებულია მის ფუნქციურ შესაძლებლობებზე.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ,,მეტამორფოზა” ასახავს ადამიანის შინაგან ბრძოლას, დეპრესიას, კრიზისისას საკუთარ თავთან მარტო დარჩენას და გაუცხოებას.
გრეგორის პერსონაჟი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს შეეგუოს იმ ცვლილებებს, რომლებიც მის ცხოვრებაში ხდება, თუმცა, საბოლოოდ, ვერ ახერხებს გარემოსთან ადაპტაციას.
პარალელები სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან :
კაფკას ,,მეტამორფოზა” ხშირად შეედრება სხვა გამორჩეულ ლიტერატურულ ნამუშევრებს, რომლებიც ეგზისტენციალურ კრიზისსა და ინდივიდის წინააღმდეგობას ეხება :
ალბერ კამიუს ,,უცხო” ( L Etranger ) , რომელიც 1942 გამოიცა, აღწერს მერსოს, პერსონაჟს, რომელიც ასევე განიცდის საზოგადოებრივი ნორმებისგან გაუცხოებას და, საბოლოოდ, ბედის მსხვერპლი ხდება.
სამუელ ბეკეტის პიესა ,,გოდოს მოლოდინში” ( Waiting for Godot ) 1952 წელს გამოქვეყნდა.
პიესაში ადამიანს ცხოვრების აბსურდულობა და უაზრობა უპირისპირდება წესრიგსა და ლოგიკას,მისი პერსონაჟები, ისევე როგორც გრეგორი, ვერ პოულობენ აზრს თავის გარემომცველ რეალობაში.
ასევე, ფრანგული ლიტერატურის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჟან-პოლ სარტრი, თავის ნაშრომში ,,სიბნელე” აღწერს პერსონაჟების ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას, რაც ასევე შეგვიძლია გრეგორის ცვლილებას შევადაროთ.
ლევ ტოლსტოის ,,ივან ილიჩის სიკვდილში”, რომელიც 1882-1886 წლებში იქმნებოდა და ერთადერთია, რომელიც დროში უსწრებს კაფკას „მეტამორფოზას“, რომელიც 1915 წელს გამოიცა. აღწერილია პერსონაჟის ეგზისტენციალური ტანჯვა, რაც ძალიან მსგავსია გრეგორის განცდებისა, როდესაც ხვდება, რომ მისი არსებობა ოჯახისათვის ტვირთია.
დასკვნა :
ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა”, არა მხოლოდ ერთი ადამიანის ტრანსფორმაციის ამბავია, არამედ ღრმა სიმბოლური ნამუშევარიცაა, რომელიც ეხება ადამიანის ეგზისტენციალურ მდგომარეობას, ოჯახის დინამიკას, საზოგადოებრივ ნორმებსა და ცხოვრების ბანალურობამდე დაყვანილ პრაგმატულ და იმავდროულად, ბოროტ მხარეს, მის სიმკაცრეს.
ფრანც კაფკას სხვა ნაწარმოებების მსგავსად, ეს მოთხრობა მკითხველს აიძულებს დაფიქრდეს იმაზე, თუ რამდენად აბსურდულია ცხოვრების წესები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოება მოქმედებს.
მისი ნამუშევრები დღემდე აქტუალურია და განაგრძობს მკითხველთა შთაგონებას მსოფლიოს მასშტაბით.
ირაკლი კერესელიძე





