
„ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ
ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები თბილისის ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობენ.
მმართველი გუნდის მხარდამჭრები დედაქალაქის ქუჩებში პარტია „ქართული ოცნების“ და საქართველოს ეროვნული დროშებით გადაადგილდებიან.
სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით, „ჰარის იქსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%.
ტელეკომპანია „ფორმულას დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 40,9% აქვს; „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16,7%; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ – 16,7%; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10,3%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%.





