
საერთაშორისო ურთიერთობებში გამოწვევები გარდაუვალია, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიციები გაამყაროს !
,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობებისა და მათი გავლენის შესახებ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.
მისი განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირთან მიმართებით აჩვენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენიანი მოთამაშეები ხშირად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
მაჭავარიანის განცხადებით, დონალდ ტრამპი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ევროკავშირი ამერიკის ეკონომიკას უსამართლოდ ექცეოდა და ეს ვითარება მტკიცე ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა.
დეპუტატის აზრით, მსგავსი მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ თუ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ ასეთი პოლიტიკით მოქმედებენ, მით უფრო საქართველოს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა იყოს გასაკვირი.
მაჭავარიანმა ასევე, გაამახვილა ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობების დარეგულირება უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე იქნება დამოკიდებული. მან ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ ამ ომის დასრულებას ისახავს.
მისი თქმით, ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ ომის დასრულებას თავისი მმართველობის პირველივე ეტაპზე შესძლებდა.
საქართველოს კონტექსტში, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის გადატვირთვა ქვეყნისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
მისივე თქმით, საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მზად არის აქტიური დიალოგისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
ამასთან, მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობებში მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად მზადყოფნა გამოხატა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გაფართოებას 2030 წლამდე არ აპირებს, შესაბამისად, საქართველო ამ დროისთვის მზად იქნება ყველა კრიტერიუმის შესასრულებლად და დარჩენილი რეფორმების წარმატებით გასატარებლად.
დეპუტატამა, ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები საქართველოზე პირდაპირი გავლენის მქონეა, ამიტომ, ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობები.
მაჭავარიანის თქმით, ქვეყნის სტრატეგია უნდა იყოს ორიენტირებული, არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივებზე, არამედ გრძელვადიან მიზნებზე, რათა საქართველოს, როგორც საერთაშორისო პარტნიორის როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
ლევან მაჭავარიანის კომენტარი მიანიშნებს, რომ საქართველომ გლობალური პოლიტიკის დინამიკაში, დიდი სახელმწიფოების ურთიერთობებისა და ინტერესების ფონზე, მჭიდროდ უნდა გაიაზროს საკუთარი სტრატეგიული როლი. მისი მოსაზრებები ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათი ხშირად არასწორხაზოვანია და ქვეყნები, განსაკუთრებით, მცირე სახელმწიფოები, უფრო მოქნილი უნდა იყვნენ თავისი მიზნების მისაღწევად.
მაჭავარიანის განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც სტრატეგიული შეხსენება, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები მუდმივად იმყოფებიან გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენის ქვეშ, სადაც ძირითადი მოთამაშეები, როგორებიც არიან აშშ და ევროკავშირი, განსაზღვრავენ თამაშის წესებს. ასეთ პირობებში, ქვეყნის მთავრობასა და დიპლომატიურ კორპუსს ევალებათ, არა მხოლოდ რეაგირება, არამედ წინმსწრები ნაბიჯების გადადგმაც.
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში გამოწვევები გარდაუვალია, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიციები გაამყაროს, თუ იხელმძღვანელებს გრძელვადიანი სტრატეგიით, რომლითაც ყურადღებას გაამახვილებს რეგიონულ სტაბილურობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და საკუთარი ინტერესების ეფექტიან დაცვაზე.
მოამზადა-გიული ირემაძემ





