
შამათი კახურად, რუსი სტრელცები კახეთში !
ქუჩაში ადამიანი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, თუ ვინ იყო ის ქართველი მეფე, რომელმაც რუსეთთან პირველმა დაამყარა კავშირი, დაუფიქრებლად დაგისახელებთ ერეკლე კახთა მეფეს. რაც წლები გადის, მით მეტად დავიწყებას ეძლევა ლევან კახთა მეფის სახელი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საჭეთმპრყრობელი, რომელიც თვით ივანე IV მრისხანეს დაუმეგობრდა და მისგან სამხედრო დახმარებაც კი მიიღო. ყველაფერი კი ასე იწყებოდა…
მე-16 საუკუნეში, საქართველო აღარ იყო ერთიანი და წვრილ სამეფოებად დაშლილი, ოსმალოს და ირანელთა გავლენის ქვეშ მოექცა. ჯერ კიდევ ამასიის ზავამდე, კახეთის მეფე ლევანმა, შაჰ-თამაზის ქვეშევრდომობა იტვირთა. როგორც კი ამასიის ზავი 1555 წელს გაფორმდა ხონთქარსა და შაჰს შორის, აღმოსავლეთ საქართველოს ორი სამეფო, ქართლის და კახეთის, ყაზვინის გავლენის სფეროში მოხვდა. ირანის შაჰს მადა ჭამაში მოუვიდა და სულ მეტ ხარკს ადებდა თბილისს და გრემს. შაჰ-თამაზისგან წაქეზებული და მისივე სავასალო მუსულმანური წარმონაქმნები ხშირად ესხმოდნენ თავს კახეთის სამეფოს და აქედან გამომდინარე, გრემში უჭირდათ ღირსეული პასუხი გაეცათ მოთარეშეებისთვის. აშკარა იყო, რომ ქართული სამეფო დაძაბუნდა, ეკონომიურად გაპარტახდა.
იმ პერიოდში მოსკოვიის სამეფოს, ივანე მრისხანე განაგებდა, რომელმაც ყაზანის და ასტრახანის მტრული სახანოები დაამარცხა და მათი ტერიტორიები სამუდამოდ შეუერთა მოსკოვიას. საქმე ამით არ მორჩა და იმიერკავკასიაში მოლაშქრე რუსთა მხედრობამ, მდინარე თერგზე ციხე-სიმაგრე ააგო. ეს ის დროა, როდესაც ეკონომიკურ ინტერესები იზრდება პოლიტიკურში და სწორედ აქედან ჩნდება ინტერესი ორ სამეფოს შორის დაახლოების. არადა კახეთის სამეფოს გავარდნილი აქვს, როგორც აბრეშუმის მწარმოებლის სახელი…
კახეთის სატახტო ქალაქ გრემში, ლევან მეფემ დიდებულები შეკრიბა და მოახსენა, რომ აპირებდა ერთმორწმუნე ივანე მრისხანესთვის სამხედრო დახმარება ეთხოვა. აზრი ორად გაიყო. მავანი თვლიდა, რომ შაჰ-თამაზი მეტად გაბოროტდებოდა და ერთხელ და სამუდამოდ კახეთს ააოხრებდა. მეფეს კიდეც ურჩევდნენ, თავად ხლებოდა შაჰს ყაზვინში და პირადად ეთქვა სათქმელი და დაზავებოდა. მცირე ნაწილმა თათბირის დროს, ოსმალო ხონთქარის მრისხანება წარმოიდგინა. საბოლოო გადაწყვეტილება კი მაინც მეფემ მიიღო.
თავად კახთა მეფეს ივანე მრისხანე, როგორც მართლმადიდებლობის დამცველად წარმოედგინა და საჩქაროდ ელჩობაც აფრინა მოსკოვს… 1563 წლის ბოლოს, კახთა ელჩები დიდი ზარზეიმით მიიღო კრემლის პალატაში მოსკოვიის დიდმა მეფემ, რომელიც პარალელურად ლივონიის ომს აწარმოებდა დასავლეთის მიმართულებით. ყურადღებით მოუსმინა ქართველებს, რომლებიც მისგან სამხედრო დახმარებას ითხოვდნენ და ამის შემდეგ ბოიარებთან სათათბიროდ განმარტოვდა.
ბოიარების დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო სამხედრო დახმარება გაეწიათ კახეთისთვის, რადგან მოსკოვიის სამეფო მძიმე, ლივონიის ომს აწარმოებდა. ივანე მრისხანემ თათბირის ბოლოს მოკლედ მოჭრა, რომ მართლმადიდებელი მეფე ერთმორწმუნე სამეფოს გასაჭირში არ დატოვებდა. ასეც მოხდა…
ყაზვინის სასახლეში სუნთქვა დამძიმდა. შაჰ-თამაზი გაბოროტებული ერთი კუთხიდან მეორეს აწყდებოდა და გიაური მეფის სამაგალითო დასჯას ითხოვდა. ვეზირებმა გადააფიქრებინეს, რადგან ჯერ ერთი ხაზინაში ოქრო არ იყო საკმარისი და მეორეც, კახეთში ლაშქრობა რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.
ოფიციალურად, ამასიის ზავის მიხედვით, ოსმალოს არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია კახეთის სამეფოს მიმართ, მაგრამ ხონთქარი სულეიმანი ირანთან ზავს, მხოლოდ დროებითს უწოდებდა. სტამბოლშიც ვერ დამალეს უკმაყოფილება. ხონთქარის კარი ვერ შეეუგუებოდა გიაური მეფეების დაახლოებას.
1564 წელიც დადგა და თერგის მხრიდან ამიერკავკასიას რუსი სტრელეცები მოადგნენ. ზოგ წყაროში 500 სტრელეცია მოხსენიებული და ზოგშიც 3 000. უფრო სარწმუნო სწორედ 3 000 უნდა იყოს და აი რატომ.
იმ პერიოდის კახეთის სამეფო ესაზღვრებოდა როგორც ირანს, ასევე მის ყურმოჭრილ სავასალოებს. სწორედ ამიტომ, ლევან კახთა მეფემ რუსი სტრელცები ირანთან სასაზღვრო ზოლში არსებულ ქართულ ციხე-ქალაქებში მეციხოვნეებად განამწესა.
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ რუსული, თუნდაც მცირე არმიის მთავარსარდალი უშუალოდ გრემის გვირგვინოსანი ყოფილა. პირადად მას ემორჩილებოდნენ სტრელცები.
ყაზვინში კი მორიგი შიკრიკი მიიჭრა და შაჰ-თამაზს კახეთიდან გამოგზავნილი ფირმანი გადასცა. ლამის ჭკუიდან შეირყა ირანელი. წერილით მას ატყობინებდნენ, რომ რუსებს თანამედროვე ყაიდის სამხედრო არსენალი ჰქონიათ და უკლებლივ ყველა მეომარი, თოფით და დამბაჩით ყოფილა აღჭურვილი. რა გაეწყობოდა, შაჰ-თამაზს ისღა დარჩენოდა, კახეთის წყენა დროებით ჩაემარხა გულში და დალოდებოდა უკეთესს დროს.
სტამბოლშიც უკმაყოფილება იზრდებოდა. სულეიმანი მზად იყო დიდი მხედრობა დაეძრა კახეთისკენ, მაგრამ ბოლოს მაინც დასძლია ბოღმა და ხელი აიღო. ვეზირები ურჩევდნენ, რომ მისი კახური ლაშქრობა, დროზე ადრე დაარღვევდა ამასიის ზავის პირობებს და ქართულ-რუს მხედრობასთან ერთად, სპარსულ არმიასთან დაპირისპირებას ვერ აიცილებდნენ…
რეალურად, ლევან კახთა მეფემ გენიალურად შეარჩია დრო. კახეთში მშვიდობამ დაისადგურა. იბადებოდნენ მრავლად ჩვილები, კეთდებოდა გზები, მდიდრდებოდნენ ოჯახები, გლეხები თავდაუზოგავად შრომობდნენ, იმატა მოსავალმა, განახლდა ეკლესიები, ამაგრებდნენ სიმაგარეებს. ერთი სიტყვით, მე-16 საუკუნეში, კერძოდ მეორე ნახევარში, კახეთის სამეფომ ეკონომიური მაჩვენებლით იმ პერიოდის სხვა ქართულ სამეფო/სამთავროებს ერთად აღებულს გაუსწრო.
სტრელცების შემოსვლიდან 10 წლის თავზე, 1574 წლისთვის, კახეთის სამეფო ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალად იქცა კავკასიაში. ამასობაში მოსკოვიის სამეფოს ლივონიის ომში მისჭირდა. ივანე მრისხანე იძულებული გახდა კახეთიდან გაეწვია 3 000 სტრელეცი. ლევან მეფე საგონებელში ჩავარდა. დღე დღეზე განჯას სახანოდან ირანელთა არმიას ელოდა. შაჰ-თამაზმაც ძველი, ცოდვა გაუხსენა ურჩ კახელს და გამალებით შეუდგა სამხედრო ძალით ერთხელ და სამუდამოდ კახეთის მიწის გავერანების გეგმის დასახვას. სწორედ ამ დროს, გრემში გარდაიცვალა მეფე. ვერც შაჰ-თამაზმა მოიცალა კახეთისთვის ბოლომდე, რადგან ურჩი, უზბეკი ბეგები აუჯანყდნენ… ისიც მალევე, 1576 წელს გარდაიცვალა და ტახტი ისმაელ-მირზამ ( უფლისწულმა ) დაიკავა, რომელიც სხვა მირზებს ებრძოდა ყაზვინის ტახტის შემომტკიცებისთვის…
ლევან კახთა მეფის საგარეო პოლიტიკის გეზი, მისმა შვილმა ალექსანდრე II-მ აიტაცა, რომლის დროსაც, მოსკოვიის სამეფოს ელჩობის აქტიურ სტუმრობას არ ისაკლისებენ გრემის სასახლეში, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…
გრეი კლარკი




