
ცნობილი ადვოკატი დიანა გვიშიანი ონლაინ ბულერთა მხილებასა და შეურაცხად კრიმინალთა მიმართ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს
,,GEO NEWS” ცნობილ ადვოკატს, დიანა გვიშიანს აქტუალურ და საინტერესო ორ თემაზე ესაუბრა. პირველი, 21-ე საუკუნის დანაშაულად წოდებულ კიბერბულინგის არსებული ფაქტების საქართველოში ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დადგენის საკითხს მოიცავს. მეორე, ფაქტობრივად, მსოფლიო გამოწვევის ქართულ რეფლექციას წარმოადგენს და შეურაცხადი კრიმინალების ეფექტური სამართლებრივი შეკავების მეთოდებს ეხება.
ქალბატონი დიანა, საკუთარი სამართლებრივი პრაქტიკის მოშველიებით, ზემოთ აღნიშნულ ორ თემაზე ვრცლად საუბრობს. დარწმუნებული ვართ, მისი ცოდნითა და კომპეტენციით შეჯერებული პასუხები ჩვენს კითხვებზე მკითხველთა ფართო წრეს დააინტერესებს.
–ქალბატონო დიანა, თქვენ როგორც ცნობილ და გამოცდილ ადვოკატს, თუ გქონიათ სამუშაო პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც დადგინდა ანონიმური პირის ,,IP” მისამართი, მას შემდეგ, რაც ამ პირმა „ფეიკ ექაუნთით“ კიბერდანაშაული ჩაიდინა ?
-ასეთი გამოცდილება ნამდვილად მქონდა და ეს ეხებოდა ჩემი კლიენტის შვილის ფოტოების გავრცელებას სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე. პლუს ამას, შეურაცხმყოფელი ტექსტების გასაჯაროებას, როგორც ჩემი კლიენტის, ისე მისი ქალიშვილის მისამართით.
ჩემმა კლიენტმა მიმართა პოლიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი ვერ დადგა. ეს განცხადება შესაბამისს უწყებაში, არც გადაიგზავნა – დამნაშავე ვერ დადგინდა. შემდეგ ეს ქმედება გაგრძელდა. კერძოდ, უცობი პირი ჩემს კლიენტს უკვე შეურაცხმყოფელ ვოისებს უგზავნიდა. აი, შექმნიდა ფეისბუკის გვერდს, გაუგზავნიდა ვოისებს დაზარალებულებს და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. დე ფაქტო იყენებდა ,,ფეიკ ექაუნთს”, რომელზედაც, არც ფოტო ედო და არც მისი იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი. ეს უცნობი დამნაშავე ქმნიდა 10, 20 ექაუნთს ფეისბუკზე. ეს ერთი წელიწადი გრძელდებოდა.
ამის შემდეგ მათ მე მომმართეს და ჩვენ განვახორციელეთ შემდეგი : მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, მით უფრო, რომ მათ აქვთ კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი და პარალელურად, მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თვითონ განესაზღვრა გენერალურ პროკურატურას ქვემდებარეობის საკითხი, ანუ ვის უნდა გამოეძიებინა ეს საქმე. საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ორი წელიწადი დაგვჭირდა, მასალა იყო ტომები, იყო სირთულეც. თუ ახლად შექმნილი ყალბი ექაუნთი გამოყენებიდან მალევე წაიშლებოდა, დაახლოებით 10 წუთში, ეს ართულებდა, ან შეუძლებელს ხდიდა პირის დადგენას, ვინც იმ ყალბი ექაუნთის უკან იდგა, თუმცა ჩვენ მოვიქეცით ერთგვარად ეშმაკურად, ,,მივუშვით“ ეს ექაუნთები და ამით ხელი შევუწყვეთ მათ მხილებას.
აღმოჩნდნენ საკმაოდ ბევრნი, გაგიკვირდებათ და, ზოგი არასრულწლოვანიც იყო, ასევე სრულწლოვანიც. აი, ამ გვერდიდან დაიწყეს – ჩაატარეს ექსპერტიზები, დაადგინეს ტელეფონის რა ნომრით შეიქმნა ეს ექაუნთი, მერე აქედან დაადგინეს ეს პიროვნებები, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს, ორი წელი დასჭირდა, ანუ გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე, რომ მისულიყო.
–ქალბატონო დიანა, ანუ გამოდის ისე, რომ ჭეშმარიტება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა და ამის გაკეთება პოლიციამ ვერ შესძლო, რადგან ეს მათი ქვემდებარე არ იყო ?
-იცით, პოლიციას ეს არ ხელეწიფება. შეხედეთ, ეს დანაშაული, რაზეც მოგიყევით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე იყო და ისედაც, სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იკვეთებოდეს და, სამწუხაროდ, ვიღაც თუ ყალბ ექაუნთს შექმნის და ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს ადმინისტრაციული წესით ისჯება, სისხლით არ ისჯება, ასეთია კანონი, თუმცა ვიმეორებ, ადმინისტრაციული წესით ისჯება.
–თქვენი მხრიდან ამ კუთხით რა რეკომენდაცია შეგიძლია მისცეთ სამართალდამცავებს ?
-აი, უყურეთ, მე პრეტენზია სამართალდამცავებთან ვერ მექნება, მით უმეტეს, რომ ისინი დამოკიდებულები სამხარაულის საექსპერტო ბიუროზე არიან და იქიდანაც ხანდახან ექსპერტები ხან ადგენენ, ხან ვერა. ამიტომაც ასეთი პროცესები დიდხანს გრძელდება.
ჩემი რჩევა მოქალაქეებს, მიმართონ გენერალურ პროკურატურას, ისევე როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსს და შემდეგ ისინი თავად განსაზღვრავენ ქვემდებარეობას.
აი, მაგალითად, მე მქონდა კიდევ ერთი საქმე, სადაც ქმარი შევიდა ცოლის მეილზე და მისი სახელით გადააგზავნა რაღაც შეტყობინება. მაგალითად, ასეთი – მჭირდება ნარკოტიკი, მოვიხმარ ნარკოტიკს, მომეცით ფსიქოტროპული საშუალებები და ის ქალი ვისი სახელითაც დააგზავნეს შეტყობინებები ისეთ ადგილას მუშაობდა, რომ მაგვარი მეილები არ შეიძლებოდა. აი, ეგ საქმე კიბერუსაფრთხოებამ გახსნა და დადგინდა, რომ ქმარი ამ ქალის მაგივრად ახდენდა მადისკრედიტირებელი მეილების დაგზავნას.
ერთი სიტყვით, საქმე შეიძლება გაიხსნას, უბრალოდ, უნდა მოინდომონ და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს უნდა შეიცავდეს. მარტო შეურაცხყოფა საკმარისი არ არის.
-გვინდა ერთ აქტუალურ საკითხზეც მომცეთ პასუხი. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა ახლახან ბათუმში – შეურაცხადმა პირმა რამდენიმე პოლიციელი დაჭრა, ასევე თბილისის მეტროს ტრაგიკული შემთხვევაც. მიგაჩნიათ თუ არა, რომ აქ სახელმწიფო ჩარევაა საჭირო ?
-ამ კუთხით კანონმდებლობა ხარვეზიანია. მაგალითად, ოჯახის წევრებმა, რომ მიუთითონ ამ შეურაცხადი პირის მხრიდან საფრთხეზე, ამაზე არაფერი მოხდება, სანამ თავად შეურაცხადი პირი რაიმე წარმოუდგენელს არ ჩაიდენს. ფაქტობრივად, საფრთხის არსებობაზე რეაგირება არ ხდება, ანუ ეს მხოლოდ პოსტ ფაქტუმ არის შესაძლებელი, როცა გამოუსწორებელი უკვე მომხდარია. არადა, ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ესაა მიზანი. და პოლიცია ვერაფერს იზამს, თუ ზურგი კანონით არ აქვს გამაგრებული. აი, თუნდაც, თბილისში, გახმაურებული სასტუმროს დაწვის ფაქტი გაიხსენეთ, იგივე მეტროში მომხდარი უბედურება. პირი, რომელმაც ეს ჩაიდინა შეურაცხადი იყო და სანამ ეს საშინელება არ გააკეთა, ვერაფერი მოუხერხეს. ის რომ ადამიანი, ამ თვალსაზრისით, ბაზაშია აღრიცხული, კანონის თანახმად ქმედებისთვის საკმარისი უნდა იყოს და ამ კუთხით, კანონმდებლობა არსებულ რეალობას უნდა მოერგოს და შედეგზე ორიენტირდეს.
სამწუხროდ, ასეთი შემთხვევებისგან საზოგადოება დაცული არ არის, ამიტომ აუცილებლად შესაცვლელია კანონმდებლობა, რადგანაც ვიმეორებ, ყველა დაუცველები ვართ, ვინაიდან, რთულია ამ რისკების წინასწარ განსაზღვრა.
ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე
p.s. გვახსენდება ჩვენს მიმართ ,,ფეიქ ექაუნთებიდან” განხორციელებული ( დღემდე განგრძობადი ) კიბერბულინგის არაერთი ფაქტი.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაზე მიმართული გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ისევე, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, თუმცა უშედეგოდ ( ამ თემაზე ჩვენ სტატიების ციკლი გვიდევს, ახლაც ვამზადებთ ). აღნიშნულის გამო, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ არგუმენტირებული საჩივრით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართოთ და ბოლოს და ბოლოს, თითოეული ,,ფეიკ ექაუნთის” უკან მდგარი პირის თუ პირების გამოვლენა ვთხოვოთ.
,,GEO NEWS”