• November

    6

    2024
  • 127
  • 0
ცხოველთა უფლებების დამცველი ნატალია ჯიქია საზოგადოებას ჰუმანიზმისა და თანაგრძნობისაკენ მოუწოდებს

ცხოველთა უფლებების დამცველი ნატალია ჯიქია საზოგადოებას ჰუმანიზმისა და თანაგრძნობისაკენ მოუწოდებს

დღევანდელ ინტერვიუში ,,GEO NEWS” გაგაცნობთ ნატალია ჯიქიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, სრულიად უსასყიდლოდ, მხოლოდ მისი კეთილი სურვილით, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს.

მისი ყოველდღიურობის ნაწილი ოთხფეხა მეგობრების გამოკვება და სამედიცინო მომსახურეობაა. ნატალია ამბობს, რომ თუ ადამიანი გამოიჩენს კეთილშობილებას მიუსაფარი ცხოველების მიმართ, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ქალბატონო ნატალია, როგორ დაიწყო მიუსაფარ ძაღლებთან თქვენი ურთიერთობა და რა გახდა ამის წინაპირობა ?

-ყველაფერი შვილის თხოვნით ოჯახში პატარა ლეკვის მოყვანით დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძაღლი გარდაიცვალა, ამან ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია, თან იმდენად, რომ ამ ტრამვის შემდეგ ძაღლებისკენ არც კი გამიხედავს. ყველაფერი კი, მას შემდეგ შეიცვალა, რაც შვილის თხოვნით სახლში კიდევ ერთი ძაღლი მივიყვანე, ამის შემდეგ ცხოველებისადმი სიყვარული და მზრუნველობა ჩემს ყოველდღიურ რუტინად იქცა.

ერთდროულად რამდენი მიუსაფარი ცხოველი გყოლიათ ?

-იყო პერიოდი, როდესაც სახლში ერთდროულად ექვსი ძაღლი მყავდა. ქუჩის ძაღლები, რომლებსაც ვუმკურნალე, გავზარდე და შემდგომ ყველა გავაჩუქე არაჩვეულებრივ ოჯახებში. მე თვითონ ვუკეთებდი აცრებს, ვუვლიდი ისე, რომ რაიმე ინფექცია არ შეჭრილიყო, ან სხვა რაიმე დაავადება არ შეხვედროდათ.

ძალიან ბევრი პატარა ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლე გადავარჩინე. მერე, როცა ამ გადარჩენილ სიცოცხლეს საუკეთესო ადამიანებთან ვაბინავებდი, ამ ოჯახებთან შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია, მიგზავნიდნენ ფოტოებს. მიხაროდა, რომ ისინი კარგი ადამიანების ხელში მოხვდნენ.

როგორი რეაქცია აქვთ თქვენს მეზობლებს ან გარემოცვას თქვენს ამ საქმიანობაზე ?

-დროთა განმავლობაში, ეზოში მომიმრავლდა რამდენიმე მიუსაფარი ძაღლი, რომლებზეც ასევე ვზრუნავდი. ჩემს გარდა არის კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს ეზოში, ისიც ასეთი ზრუნვით არის დაკავებული და ერთმანეთი სწორედ ძაღლის სეირნობის დროს გავიცანით.

მე და ეს ქალბატონი დღეს ერთად ვზრუნავთ ეზოში მიუსაფარ ცხოველებზე, გვყავს სხვადასხვა ჯიშის ძაღლები. ვუვლით, არ ვაკლებთ არაფერს. ადამიანებს რაც შეეხება, ბევრი არ იჩენს ჰუმანურობას ცხოველების მიმართ. პირადად მე ძალიან ბევრი ბრძოლა გადავიტანე ჩემს ეზოში.

ადამიანებს შეიძლება აქვთ ცხოველების მიუღებლობა, მაგრამ უყვართ კიდეც.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ადამიანები და ამიტომაც მიყვარს ცხოველები. სიყვარული არის ჩემში, ჩემი შინაგანი მეს გამოხატულებაა. ის კი, ვისაც ცხოველები არ უყვარს, მე ვფიქრობ, რომ რაღაცით გაბოროტებული ადამიანები არიან და მათში არის დარღვეული შინაგანი ჰარმონია.

რამდენად გულისხმიერები არიან ადამიანები ქუჩის ძაღლების მიმართ ?

-მინახია ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველი, რომელიც არის მარკეტთან და ადამიანები, რომლებიც მათთვის ყიდულობენ საკვებს და უმასპინძლდებიან მიუსაფარ ცხოველებს. თუმცა, ისეთებიც ხდება, რომ ზედაც არ შეხედავენ და გულგრილად ჩაუვლიან გვერდით, ზოგი კი, ფეხის წაკვრასაც არაფრად დაგიდევს.

მოვლა – პატრონობას ფინანსები სჭირდება. კი მე მათ ვუწევ ვეტერინარულ მომსახურებას, მაგრამ ამათ გარდა, მათ სჭირდებათ საკვები, რაშიც გვერდში მიდგას და მეხმარება ჩემი ახლობელი გოგონა, ასევე ის მეზობლები, რომლებიც კეთილად განწყობილნი არიან ცხოველების მიმართ.

უკანასკნელ პერიოდში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს როგორ შეაფასებდით, რის შედეგადაც გამკაცრდა სასჯელი ცხოველისადმი არაჰუმანური მოპყრობის გამო ?

რა თქმა უნდა, კარგია და მხოლოდ მივესალმები პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, რომ გაამკაცრა კანონი ცხოველთა ძალადობის მიმართ. ეს პრობლემა განსაკუთრებით დიდია რეგიონებში, იქ სადაც ეს ძალადობა თვალსაჩინო არ არის.

მადლობა ღმერთს, რომ პირდაპირ არ კლავენ ძაღლებს, მაგრამ ადამიანები უშუალოდ შარაგზაზე ტოვებენ ლეკვებს. მოიმატა მიუსაფარი ცხოველების რიცხვმა. მათ კეთილი ადამიანები კვებავენ, მაგრამ, მათთვის რაღაც უნდა იყოს ორგანიზებული ქვეყანაში, ასე ინდივიდუალურად უბრალოდ ჩვენი რესურსებით – ყველას მოვლა პატრონობას ვერ მოვახერხებთ.

ჩვენ, მოხალისე ჯგუფებს, ადამიანებს ვისაც გვიყვარს ცხოველები, გვინდა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ გამოგვიყონ, თუნდაც სახლი ცხოველებისთვის მერიის საფარქვეშ. ამ შემთხვევაში, ცხოველებს ხელს ვერავინ მოჰკიდებს. დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ცხოველებზე,უვლიან და პატრონობენ, თუმცა ეს ხდება ჩვენი კეთილი ნებით.

-დასასრულ, ახალი წელი ახლოვდება და გთხოვთ, შეგვიფასოთ რა საფრთხეები არსებობს საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებით?

მინდა, რომ სახელმწიფო გააქტიურდეს ამ მიმართულებით, რაც შეეხება ამ მიმართულებით საზოგადოებას, ისიც უფრო აქტიური უნდა გახდეს.-ძაღლებს, რომლებსაც ეშინიათ პიროტექნიკის აშკარად ადგებათ ზიანი და ეს ზიანი შესაძლოა, იყოს ფატალურიც, რადგან სრულიად არაპროგნოზირებადია ამ სახის პიროტექნიკის ეფექტი ჩვენს დაუცველ ოთხფეხა მეგობრებზე.

ჩემი აზრით, პიროტექნიკის გამოყენება უნდა აიკრძალოს და ჩვენს შვილებს უნდა აუხსნათ, რომ მათი წუთიერი სიხარული ახალ წელს ათასობით მიუსაფარი ცხოველის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

ცხოველთა ძალადობის მიმართულებით რამდენად მნიშვნელოვანია მედია საშუალებების როლი და საინფორმაციო კამპანია ?

-რა თქმა უნდა, ამ პროცესში საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისით მედიის როლი დიდია. მადლობა ამისთვის თქვენს მედიას, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. კი მესმის, რომ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება, მაგრამ დახმარება სჭირდებათ ცხოველებსაც და ამას ჩვენს გარდა ვერავინ გააკეთებს. ეს მადლი არავის არ დაეკარგება. 

ირაკლი გუნია, გიორგი კორძაძე

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor