• November

    24

    2024
  • 159
  • 1
წარმატებული მეფუტკრე მანანა ბოლქვაძე საქართველოში მეფუტკრეობის პერსპექტივებზე საუბრობს

წარმატებული მეფუტკრე მანანა ბოლქვაძე საქართველოში მეფუტკრეობის პერსპექტივებზე საუბრობს

მანანა ბოლქვაძე ერთ-ერთი ქალი მეფუტკრეა საქართველოში, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გამოიარა იმისთვის, რომ დღეს წარმატებული და შემდგარი ქალბატონი ყოფილიყო. ქალბატონმა მანანამ სწავლისა და დაუღალი შრომის ფასად, თავის ოცნებები რეალობად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე სახარბიელო ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა, არასდროს უთქვამს უარი საკუთარი მიზნებისთვის. ცხოვრების ახალ ეტაპზე, როდესაც გადავიდა მისი ყურადღება მეფუტკრეობამ მიიქცია. დღეს ის აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელია. ასევე, საოჯახო სასტუმრო აქვს, რომელიც მეფუტკრეობის ტურებს უმასპინძლდება და „გეოფლაუერში“ ჩაის მიმართულებითაც მუშაობს.

,,GEO NEWS” მანანა ბოლქვაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ქალბატონო მანანა, როდის დაინტერესდით მეფუტკრეობით და როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?

-მთაში ცხოვრების პერიოდში, მეზობლად მეფუტკრე კაცი ამოვიდა სკებით. მაშინ, პირველად დავინტერესდი მეფუტკრეობით და საშუალება მომეცა დღეში ორი-სამი საათი სკაში გამეტარებინა და მეზობლების დახმარებით ყველაფერი შემესწავლა. ამ საქმიანობას ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ამ პერიოდის განმავლობაში, მთაში, კარავში ვცხოვრობდი. საბოლოოდ, ამ საქმიანობამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ გადავწყვიტე მეფუტკრე გავმხდარიყავი. მთაში ამოსულმა მეზობელმა ორი ოჯახი ფუტკრის სკა დამიტოვა. ერთი ოჯახი მთის ზამთარს გადაურჩა, მეორე დაიღუპა. ასე დავიწყე მეფუტკრეობა. ჩემს საქმიანობას კიდევ ერთი ახალი გამოწვევა დავუმატე.

რა იყო თქვენი მთავარი გამოწვევა მეფუტკრეობის დასაწყისის პირველ ეტაპზე, როგორც ქალის, ამ სფეროში?

-ყველაზე დიდი გამოწვევა იმ პერიოდისთვის, როდესაც მე მეფუტკრეობა დავიწყე, ფინანსების არარსებობა იყო. ბანკიდან სესხიც კი ვერ გამომქონდა, იმიტომ რომ ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ იყო ასახული. არც ოჯახისგან, არც მეგობრებისგან, არც ნათესავების მხრიდან არ მქონია მხარდაჭერა, რადგან ყველას ეგონა, რომ მეფუტკრეობა ქალის პროფესია ვერ იქნებოდა და მალევე დავანებებდი თავს. ერთი ოჯახის ყიდვა სადღაც 500 ლარს მაინც შეადგენს, გააჩნია რამდენ რამკაზე ზის ფუტკარი და რამდენად ძლიერი დედა ჰყავს. ეს ფინანსები, მაშინ არ მომეპოვებოდა. მთაში ნახირში ვმუშაობდი. თუმცა მაინც მოვახერხე ეს ყველაფერი.

რამდენი ხანია გასული, რაც მეფუტკრეობა დაიწყეთ ?

-2014 წელს მივიღე ეს გამოწვევა და დღემდე ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. ფუტკართან კომუნიკაცია სასიამოვნოა და რთულია ერთხელ დაუახლოვდე, შემდგომ კი დათმო. აი, რაიმეს ან ვინმეს, რომ შევადარო, თუნდაც შვილებს. ზუსტად ისე მიყვარს თითოეული ჩემი სკა, როგორც საკუთარი შვილები და ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორსაც ბავშვები.

რამდენი სკა გყავთ და როგორ განვითარდა თქვენი ფუტკრების ფერმა ?

-ამ დროის მონაცემებით, 130 ოჯახი ფუტკარი მყავს. არავინ იცის, როდის რამდენი დაიღუპება და როდის შეგემატება ახალი. ძალიან მარტივია აივსოს სახლი და მეორე დღეს ცარიელი დაგხვდეს. ათი წლის განმავლობაში, უფრო მეტი ოჯახიც მყოლია, მაგრამ ზამთარი ვერ გადაუტანიათ.

-როგორი პროცესია სკის მოვლა და ფუტკარზე ზრუნვა ყოველდღიურად ?

-საინტერესო, სახალისო, შთამაგონებელი, მოტივაციის მომცემი. ყოველ ჯერზე რაღაც ახალს სწავლობ მათგან. გაძლევენ საშუალებას განვითარების, აზროვნებისა და დაფიქრების. რაც შეეხება პროფესიას, არსებობს ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი საქმიანობა ? ჩემთვის წარმოუდგენელია, ვაკეთო ის, რაც ჩემთვის ინტერესის სფერო არ არის.

-რა ცოდნა ან უნარებია საჭირო მეფუტკრეობისთვის ?

-სიმშვიდე, სისუფთავე, პუნქტუალურობა. ფუტართან მუშაობას თავის დრო აქვს. დღეს გასაკეთებელ საქმეს ხვალ ვერ გააკეთებ, გვიანია. ოდნავი ყურადღების მოდუნების უფლება არ გაქვს.

-ფუტკრის პროდუქციის, რომელი ნაწილია თქვენთვის ყველაზე ღირებული ?

-ვერც ერთ პროდუქტს ვერ გამოვარჩევდი, რადგან ყველა პროდუქტი უნიკალურია. ამ ეტაპზე ჩემი ყურადღება მთლიანად მიმართულია ფუტკრის სადედე რძეზე, რომელიგ გამოირჩევა არაერთი სასარგებლო თვისებით. ფუტკრის რძეს სამედიცინო განხრით მკურნალობის კურსის ჩასატარებლად იყენებენ. ის 54 დაავადებას კურნავს. იშვიათ შემთხვევაში ალერგიის გამომწვევი მიზეზიც ხდება, მაგრამ ამის პროცენტული რაოდენობა ძალიან დაბალია. 1 გრამის საშუალო ფასი სამიდან ოთხ ლარამდე მერყეობს.

-როგორ შეარჩიეთ მეფუტკრისთვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები ?

– როგორც იცით, თავდაპირველად ყველაფერი ჩემმა მეფუტკრე მეზობელმა შემასწავლა. მარტივი მისახვედრია, რომ საჭირო მასალა და ინვენტარიც მან შემაძენინა პირველ ეტაპზე. დროთა განმავლობაში, დამოუკიდებლად ვყიდულობდი მზა სანთელს, დაჭედილ რამკებს და იმ საჭირო ინვენტარს, რომელიც მჭირდებოდა. ახლა, მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვას და დავეხმარო თუ რამე შემიძლია.

-რა სახის სირთულეებს აწყდებით ფუტკრების მოვლასთან დაკავშირებით ?

-ვერ ვიტყოდი, რომ მეფუტკრეობაში რაიმე რთულია. რთული არაფერია, რადგან რაც გსიამოვნებს იმის კეთება სირთულეს არ წარმოადგენს. სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს ათვისება და სწავლა, რადგან ბიოლოგიურ არსებასთან გაქვს საქმე. ადვილად ავითვისე მეფუტკრეობა, იმიტომ რომ მქონდა სურვილი შემდგარი მეფუტკრე ვყოფილიყავი.

– როგორია სეზონური ციკლი მეფუტკრეობაში და როგორ იცვლება თქვენი სამუშაო წელიწადის განმავლობაში ?

-მეფუტკრეობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სეზონურ მუშაობას. გაზაფხული ზაფხულის სეზონი ძალიან დატვირთულია, თუმცა დაზამთრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ სწორად ვერ დააზამთრებ, საკვებ მარაგს, გათბობას, ვინტილაციას სწორად არ გაუკეთეთ, რა თქმა უნდა, გაზაფხულზე ჯანმრთელი ფუტკარი ვერ იქნება. ამიტომ ყველა სეზონი ძალიან მნშვნელოვანია მეფუტკრეობაში.

როგორ გადააჭარბეთ იმ სტერეოტიპებს, რომ მეფუტკრეობა უფრო მამაკაცის საქმიანობაა ?

-საზოგადოებაში ოდიდგანვე დანერგილი იყო ის სტერეოტიპი, რომ ქალი მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს, შვილები აღზარდოს და ოჯახური საქმიანობით დაკავდეს. არასდროს მდომებია მეც იმ ქალთა ერთერთთაგანი ვყოფილიყავი, რომელიც სახლს ვერ ტოვებს, ან საშუალებას არ აძლევენ იყოს დამოუკიდებელი. მე ამ ყველაფრისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, რადგან ძალიან მაინტერესებდა და ვიცოდი, რომ ეს საქმიანობა სიამოვნებას მომანიჭებდა. ადრე თუ არ მაღიარებდენ, დღეს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ვარ ჩემი დარგის მიმართულებით.

-გაქვთ თუ არა სურვილი ან გეგმა, რომ მეფუტკრეობის სფეროში რაიმე სიახლე ან ინოვაცია დანერგოთ ?

-სიახლეების დაგეგმვას მე და ჩემი მეუღლე ცხადია ვაპირებთ. ჩვენ სმარტ სკას ვქმნით, რომელიც უკვე დასასრულის პირასაა. გაზაფხულიდან გაყიდვაშიც შეიძლება, რომ ჩაეშვას. რაც შეეხება ფუნქციებს, ის უზრუნველყობს ფუტკრის ტემპერატურას, ტენიანობას ტკიპის რაოდენობას შესული და გამოსული ფუტკრის რაოდენობას, ასევე წონას. სკის მართვა შესაძლებელია სმარტფონით. ზემოთ ჩამოთლილ ყველა ინფორმაციას გვაწვდის აპლიკაცია ჩვენს ტელეფონში. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოსავალია ზამთრის პერიოდში ვაკონტოლოთ თბოიზოლაცია.

– რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც მეფუტკრეობით არიან დაინტერესებულები ?

-ქალბატონებს ვეტყოდი, რომ აუცილებლად გამოუვათ ყველაფერი, რადგან ქალის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. თუ ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, უარი არასდროს არავისთვის მითქვამს,  ჩემს ცოდნას ყველას უსასყიდლოდ და უანგაროდ ვუზიარებ და გავუზიარებ ყოველთვის.

ავტორი – გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

1 COMMENT

  • ირაკლი სტამბოლციანი
    November 24, 2024, 4:20 pm REPLY

    ძალიან საინტერესო ინტერერვიუა და ბევრი გამორჩეული ინფორმაციაა

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor