
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ხორვატიის თავდაცვის მინისტრი ივან ანუშიჩი აცხადებს, რომ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში სამხედროებს არ გააგზავნიან
ხორვატიის თავდაცვის მინისტრი ივან ანუშიჩი აცხადებს, რომ ხორვატია არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში. ამის შესახებ ანუშიჩმა ზაგრებში სლოვენიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხორვატიის არმია არ გაემგზავრება უკრაინაში. ჩვენ არც მზად ვართ, არც გვსურს და არც ვგეგმავთ ხორვატიის არმიის უკრაინაში გაგზავნას“. როგორც ხორვატმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, ბოლო დღეებში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნისა და „მსურველთა კოალიციის“ გარკვეულ გადაწყვეტილებებში ნახსენებია მათი ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც.
„ხორვატია ამის ნაწილი არ არის. ხორვატია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ყველა გზით, რასაც აქამდე ვაკეთებდით, პოლიტიკური მხარდაჭერით, იარაღით, აღჭურვილობით და ფინანსური დახმარებით“, – განაცხადა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.





