• December

    27

    2024
  • 258
  • 0
ჰაფეზობისკენ მიმავალი გზა საქართველოს ჭრილში

ჰაფეზობისკენ მიმავალი გზა საქართველოს ჭრილში

,,GEO NEWS” უცვლელად გთავაზობთ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის საინტერესო მასალას იმ რელიგიის თაობაზე, რომლის მიმდევარი ასი ათასობით ქართველი პატრიოტია, განსაკუთრებით კი აჭარაში, სადაც არსებობს არაერთი მეჩეთი და რელიგიური დაწესებულება. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, რომ სტატიაში მონათხრობი ნამდვილად საინტერესო ამბავი, დაინახოს იმ კუთხით, რომელიც აერთიანებს ჩვენი ორი რელიგიის ჰუმანურ საწყისებს და არა ყოფს მათ, ასეთ ჭრილში კი, ნამდვილად სასიამოვნო და საინტერესო საკითხავი გელით წინ.

გთავაზობთ ინტერვიუს ზვიად ვანაძესთან. ერთ-ერთი ქართველი მუსლიმი, რომელიც ყურანის ყველაზე ლამაზ მკითხავად აღიარა მუსლიმურმა თემმა. ის დაიბადა 1982 წელს 18 სექტემბერს გურიაში, ოზურგეთის რაიონ დაბა ნასაკირალში. მე-8 კლასი სწორედ აქ დაასრულა, ხოლო მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, ის წავიდა თურქეთში.

1999 წლიდან 2001 წლამდე განათლება მიიღო ისლამში და ყურანი ზეპირად ისწავლა. როდესაც დაბრუნდა რელიგიურ განათლებასთან ერთად, მიიღო საუნივერსიტეტო განათლება ანკარაში თეოლოგიურ ფაკულტეტზე, 2006 წელს თავისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გადაწყვიტა.

მან და თავისმა რამდენიმე მეგობარმა, რომლებთან ერთადაც დაასრულა სწავლა, გადაწყვიტეს საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,მიზნის” ჩამოყალიბება. ამ ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს მიუსაფარ ბავშვებს, განათლება მისცეს ახალგაზრდებს.

ის ბათუმში 2008 წლიდან ორთა ჯამის იმამია. დღეს-დღეობით ორი საერთო საცხოვრებლის ხელმძღვანელია და სამოცდაათამდე ახალგაზრდა სტუდენტს აცნობს ისლამის შესახებ ისტორიებს.

ამ თემასთან დაკავშირებით ზვიად ვანაძე გაგვიზიარებს თავის განვლილ პერიოდს თუ საიდან დაიწყო მისი ისლამური თავგადასავლები.

-რა მოტივაცია გქონდათ, რომ ყურანი ზეპირად გესწავლათ ?

-მოტივაცია არ მქონია იმიტომ, რომ ზოგადად ჰაფეზობა რა იყო არ ვიცოდი და არც ისწავლებოდა საქართველოში. მე, საზღვარგარეთ წავედი 1998 წლის დეკემბერში, რათა იქ მესწავლა არაბული. სწავლის დროს ყურადღება ექცევა ასაკს იმისთვის, რომ ყურანი ისწავლო, ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყო სწავლა. მე, 16 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე ამ გზას გავყოლოდი. თავიდან, როცა წავედი გეგმაში არ მქონია გადაწყვეტილება მიღებული, რომ ყურანი ზეპირად მესწავლა, მაგრამ იქ გავიგე ამის შესახებ და ძალიან დამაინტერესა.

-რა სახის მხარდაჭერა მიიღეთ ოჯახისგან ან თემისგან ჰაფეზობისკენ მიმავალ გზაზე ?

-არანაირი მხარდაჭერა არ მიგრძვნია, არც ოჯახისგან და არც თემისგან. სრულიად მარტო, დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება. თავდაპირველად მამაჩემი უარზეც კი იყო, რადგან ჯერ პატარა ხარ, დარჩი სწავლა დაასრულე და შემდეგ წადიო. დღევანდელი გადმოსახედიდან კარგია, რომ არ დავუჯერე, ორივე იდეალურად შევუთავსე ერთმანეთს.

-რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ამ გზაზე გადალახეთ ?

-თავდაპირველად, როდესაც წავედი, წავედით მეგობრები. მახსოვს, ყველანი 15 დღიანი ვიზით ვიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველანი უკან დაბრუნდნენ ჩემს გარდა. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარ თავთან ეგ იყო, უცხო ქვეყანაში მეგობრების გარეშე მომიწია ყოფნა, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ამავდროულად, კარგი. საკუთარი თავი გამოწვევების წინაშე დავაყენე. ჩემი განვითარებისთვის მოვითმინე ყველა დაბრკოლება, გადავლახე და დღეს, ამის მადლიერი ვარ. სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ სანამ არ დავასრულებდი სწავლას, სახლში არ წამოვიდოდი. სწავლის დასასრულებლად და ყურანის თავიდან ბოლომდე დასაზეპირებლად ორი წელი და შვიდი თვე დამჭირდა. ამ დროის განმავლობაში პირობა მართლაც არ დამირღვევია და არ ჩამოვსულვარ საქართველოში.

-შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება ყურანის ზეპირად სწავლის შემდეგ ?

-ნამდვილად შეიცვალა, რადგან ყურანის ზეპირად სწავლა, ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ყურანი, პირველ რიგში, არის ღმერთის სიტყვა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის კონსტიტუცია. ამის დაზეპირება ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩემთვის ძალიან ბევრი რამ შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ მე ვარ მოსიარულე წიგნი ყურანი.

-ყურანის რომელ ნაწილს ან სურას ( თავს ) მიიჩნევთ ყველაზე ძნელად დასაზეპირებელს ?

-იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც მიტირია იმის გამო, რომ გამიჭირდა დაზეპირება. ეს მომენტი ჰაფეზების პერიოდში არ ყოფილა, ეს იყო მანამდე, როცა მოსამზადებელ კურსს გავდიოდი. დღევანდელი დღის მსგავსად მახსოვს, ეს იყო სურა ვაყიღა. იმდენად ვინერვიულე ამ ყველაფერზე, რომ რაღაც მომენტში თავის დანებებაც კი ვცადე, რომ არა ჩემი მეგობრები და მათი გვერდით დგომა, გამხნევება, შესაძლოა, არც დამესრულებინა. ჰაფეზების პერიოდში უკვე, როცა ყურანის დაზეპირება დავიწყე, იყო ისეთი აიათები, რომლებსაც მთელი გვერდი ეკავა, მაგრამ არ გამჭირვებია მათი დაზეპირება. ჩემი გადმოსახედიდან, ალბათ, როცა რაიმეს ახლად იწყებ, შეგუების მომენტი გიჩნდება, ჩემს შემთხვევაში ასე იყო.

-როგორ ინარჩუნებთ ცოდნას და როგორ ახერხებთ მის რეგულარულ გამეორებას ?

-მე, რომ ჰაფეზობა დავასრულე, მაშინ მითხრა ჩემმა მასწავლებელმა, რომ რამდენიმეჯერ კიდევ გადამემეორებინა თავიდან ბოლომდე წიგნი. იმდენად მონატრებული მქონდა სახლი და მშობლები, რომ ვეღარ გავჩერდი და წამოვედი, რამაც სამომავლოდ ცუდად იმოქმედა ჩემზე. როდესაც დავბრუნდი უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა. 6 წლის მანძილზე შეხება აღარ მქონია ყურანთან, შესაბამისად დამავიწყდა. ჩემი გამეორების ყველაზე კარგი საშუალება ბავშვებთან ერთად სწავლა აღმოჩნდა. დღეს ვასწავლი 40 – მდე ახალგაზრდა ბიჭს ყურანს და მათთან ერთად მეც გადამეორების პროცესში ვარ.

-რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა ბოლო გაკვეთილი ჩააბარეთ თქვენს მასწავლებელს ?

-ენით აღუწერელი გრძნობა იყო იმ კუთხით, რომ მიზანს მივაღწიე. შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, როცა ბოლო გაკვეთილს აბარებ და მასწავლებელი გილოცავს, რომ შენ ხარ ჰაფეზი.

-რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ყურანის დაზეპირებას ახლა იწყებს ?

-ერთ და მთავარ რჩევას მივცემდი, თუ მტკიცედ აქვს ადამიანს ჰაფიზობა გადაწყვეტილი ვურჩევ, რომ ყველაფერი გვერდით გადადოს და მხოლოდ ამ საქმით დაკავდეს. ყურანის დაზეპირებასთან ერთად, არაბულსაც თუ ისწავლის, ეს იმის დასტურია, რომ შენ მხოლოდ არ იზეპირებ შენს ცოდნას და შრომას, არამედ აანალიზებ და განამტკიცებ.

-რა გავლენას ახდენს ყურანის ცოდნა თქვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებასა და ქცევაზე ?

-ზოგადად მორწმუნე ადამიანი, რომელიც ჩახედულია ამ საქმიანობაში და ამ კუთხით განათლება აქვს მიღებული, მთავარი არ არის, რომ აუცილებლად იყო ჰაფეზი. ეს გადაწყვეტილებებთან არაფერ შუაშია. თუ შენ ხარ ჰაფეზი, ეს იმას არ ნიშნავს რომ ამის გამო რამეზე უარი თქვა ან და პირიქით რამეს დათანხმდე. უბრალოდ არის ის მომენტი, როცა იცი ასე თუ ისე ისლამი რაღაც მომენტში შესაძლოა დაფიქრდე კონკრეტულ ქმედებაზე. გავიხსენებდი შუამავლის ქალიშვილს, როდესაც მას კითხეს მამაზე თუ როგორი ადამიანი იყო მან უპასუხა, რომ თქვენ ყურანს არ კითხულობთო. აქედან გამომდინარე ყურანი ზნეობასაც გვასწავლის.

_არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ტექნიკა ან მეთოდი, რომელიც დაზეპირების პროცესში განსაკუთრებით დაგეხმარათ ?

-განსაკუთრებული მეთოდი ჩვენ არ გვქონია. ჩვენით უნდა გვენახა რაიმე გზა, რომ გვესწავლა. ვიზით ვიყავით წასული, ამიტომ მასწავლებელი თავზე არ გვედგა ისე, როგორც მე დღეს ახალგაზრდებთან ვარ, ამიტომ გვიწევდა მარტო შევჭიდებოდით სირთულეებს.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ყურანის სხვადასხვა თარგმანთან მიმართებაში ?

-ზოგადად ყურანი უნდა თარგმნოს მან, ვისაც ამის სჯერა და სწამს. ყურანში ამბობს გამჩენი, რომ ( ასთაიზუბილლაჰ. ზაალიქალ ქითააბუ ლაარაიბა ფიიჰ ) ეს ისეთი წიგნია, რომ მასში ეჭვი არ არსებობს ( ჰუდენლილ მუთაყიინ ) , ეს არის მორჩილებისთვის სწორი გზის მაჩვენებელი. თუ ის არ გწამს, მას შენ თარგმნი ზედაპირულად. ყურანს აქვს თავისი განმარტებები, ყველა ციტატას აქვს ახსნა რის გამო დაიწერა.

-გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც რაიმე აიათი განსაკუთრებულად დაგეხმარათ რთულ სიტუაციაში ?

-კი როგორ არა, არის გარკვეული აიათები, რომლებიც გარკვეულ მომენტში იკითხება. მგზავრობის პერიოდში არის საკითხავი აიათი, რომელიც ერთგვარი ვედრებაა მშვიდობით გადასაადგილებლად. განსაკუთრებულად სენსიტიური თემაა ჩემთვის, როდესაც ჩემი შვილი ჭიდაობს, ამ დროს ყურანიდან ვკითხულობ აიათებს, რაც ნაწილობრივ ეხმარება.

-როგორ ასწორებთ შეცდომებს ან აიათებს, როდესაც ის გავიწყდებათ ?

-რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს გამოსწორება, მათ შორის ამასაც. ყურანში არის ძალიან ბევრი აიათი, რომელიც ერთმანეთს ჰგავს, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ შეგეშლება რაღაც. ამის გამოსწორება იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლია დაგაშალო წიგნი და რამდენჯერმე გადაიმეორო.

-არსებობს თუ არა ისლამურ ტაძარში დამატებითი წესები, რომლებსაც ჰაფეზები უნდა იცავდნენ ?

-მსგავსი რამ არის რამაზანის პერიოდში ( მარხვის დროს ), ხათმის ჩამოყვანა ( ყურანის ზეპირად კითხვა ) და თარავის ლოცვა ( მარხვის დროს ლოცვა ). ზემო ჩამოთვლილი ყოველი ქმედება ჰაფეზმა უნდა შეასრულოს.

-რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად ისლამში ?

-რელიგიაში მთავარი არის რწმენა, თუ ადამიანს არ გააჩნია რწმენა, მისი ყოველი ქმედება არის ფუჭი. ადამიანი, რომელსაც არ სწამს, მის არც ლოცვას, არც მარხვას, აზრი არ აქვს.

-ახლა რომ დაბრუნდეთ წარსულში გექნებოდათ თუ არა სურვილი, რომ თავიდან განგევლოთ ის გზა?

-ამაზე არასდროს მიფიქრია და დამაფიქრეთ. ისევ ის ბიჭი, რომ ვიყო ალბათ, ისევ იმ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან არ მომწონდა, როცა რამეს მეუბნებოდნენ, თითქოს და არ შემეძლო. თითოეული ადამიანის ნათქვამი სტიმულს და მოტივაციას მაძლევდა, სულიერად მაძლიერებდა და დღეს ყველა, იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც მეუბნებოდა, რომ არ გამომივიდოდა, არ შემეძლო.

ავტორი – გიული ირემაძე

 

 

 

 

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor