
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.
700-მდე წვევამდელმა დღეს სამხედრო ფიცი დადო და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა ქვეყნის მასშტაბით ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის კათედრალთან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.
ამასთან, ღონისძიებისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ხსოვნას.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში.





