
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
29 აპრილს, მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიმდინარე წლის 29 აპრილს, მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2025 წლის სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე, სიმბოლურად, ვეტერანმა და მოხალისემ ორგანიზაციის დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს, „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, “საქართველოს გენერალთა კლუბის” დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ.
ჩვენი ორგანიზაციის აქტიურმა მოხალისემ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ნანა გორგასლიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო, არამედ აუცილებელიცაა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, გენერლები, ვეტერანები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები.
ცერემონია მუსიკალურად გააფორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო კაპელამ.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა გომბორის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
მოხალისეთა ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 2025 წლის პირველი ნაკადი დღეს მიიღო, სწავლება კი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეავსონ ელექტრონული ანკეტა და ჩაერთონ მოხალისეთა პროგრამაში.
პროექტის ფარგლებში მოხალისეები შეისწავლიან შემდეგ დისციპლინებს:
თვითგადარჩენა
საცეცხლე მომზადება
დრონების მართვა
პირველადი სამედიცინო დახმარება
საინჟინრო მომზადება
ტოპოგრაფია
კიბერუსაფრთხოება
მოსამზადებელი კურსის პერიოდში, მოხალისეები უზრუნველყოფილი იქნებიან – კონტეინერის ტიპის კომფორტული საცხოვრებლით, სამჯერადი კვებით, 24-საათიანი სამედიცინო ბრიგადის მეთვალყურეობით, ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგით, ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტითა და ტრანსპორტირებით.
თაობები სამშობლოს სადარაჯოზე!