
,,ქართული ოცნების” გამორჩეული სახე ზურაბ ხაჩიძე დესტრუქციული ოპოზიციის პარლამენტში შესვლას პროგნოზირებს და მიხეილ როთის ქვეყნისადმი საზიანო ქმედებებზე მიუთითებს
,,Geo News” მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, პარტია ,,ქართული ოცნების” თანადამფუძნებელს ზურაბ ხაჩიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა.
ინტერვიუში ბატონი ზურაბი ქართველი ერის კონსოლიდირებული არჩევანის სისწორეზე და საქართველოს მოქალაქეთა გადაწყვეტილების ეროვნულ ფასეულობათა სიმყარეზე მიუთითებს, რაც ნათლად გამოვლინდა 26 ოქტომბრის ,,ქართული ოცნების” კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებაში.
–რადიკალური ოპოზიცია 2020 წლის სცენარს მიჰყვება და პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებს. რამდენად მოსალოდნელია, ვიხილოთ მსგავსი სცენარი – როცა ოპოზიცია თავდაპირველად თავს იფასებდა, შემდგომ კი, ერთი მეორეს მიყოლებით პარლამენტში შევიდა ?
-გეთანხმებით, რომ მსგავსი სცენარი რადიკალური ოპოზიციის აქტორებმა უკვე გაათამაშეს, თუმცა შედეგი ყველამ ვნახეთ. ანალოგიურ სცენარს ავითარებენ დღესაც და შესაბამისად, ფინალიც მსგავსი იქნება. საბოლოოდ აუცილებლად ვიხილავთ მათ პარლამენტში, დროის საკითხია. ყოველ შემდგომ ჯერზე მათი ქუჩის აქციების მასშტაბები მცირდება, ამდენად ვფიქრობ, მალე ვიხილავთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში, მიმდინარე დემარშებს და ბოიკოტირების პოზიციის ცვლილებას კი საკუთარ ამომრჩეველთა
დაკვეთის შესრულებით შეფუთავენ.
–სხვათა შორის, რადიკალები ცესკოსგან სიების ჩახსნას ითხოვენ, ეს მორიგი თავის აგდებაა ?
-აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, გამარგინალებული ოპოზიცია დაუნდობლად ატყუებს თავიანთ ელექტორატსაც და დასავლელ პარტნიორებსაც პარლამენტის სიების ჩახსნის თაობაზე. მათ კარგად იციან, რომ მსგავსი პროცესების სამართლებრივი ჩარჩოები არ იძლევა ისტერიული თვითნებობის საშუალებას და სავალდებულოდ მოხდება მათი უფლებამოსილების ცნობა.
–ბატონო ზურაბ, მიხაელ როთისა და ევროპარლამენტარების რადიკალების აქციაზე გამოჩენას, როგორ შეაფასებდით ? არის თუ არა ეს დესტრუქციული ოპოზიციის ბოლო ბერკეტი, რომ მსგავსი ქმედებებით მმართველ პარტიაზე ზეწოლა მოახდინონ ?
-საქართველოს მართავს მთავრობა, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე, სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის 12 წლიან პერიოდში შექმნა და განავითარა ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლითაც დღეს ავტორიტეტული საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების შეფასებებითაც, მყარი საფუძვლები ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის სტაბილური და თანაც სწრაფი განვითარების პირობას.
თუ თვალს გადავავლებთ ამავე პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე მღელვარების პროცესებს, მკითხველი დამერწმუნება, რომ რთულად მისაღწევი ამოცანების შესრულება მოუწია ჩვენს მთავრობას. პირველყოვლისა მშვიდობის უზრუნველსაყოფად და შენარჩუნებისათვის. დიდი წნეხი იყო მეორე ფრონტის გახსნათან დაკავშირებითაც.
საინფორმაციო წყაროები ყველასთვის გახსნილია, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველიც აანალიზებს მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობ, არც მათ სურთ მშვიდ და განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაში მძიმე წლების დაბრუნება.
ბატონი როთის და მისი მეგობრების ვიზიტი, რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის პროგრესულ ინტერესებს, თუმცა გავლენას ვერ იქონიებს მიმდინარე მოვლენებზე. რევოლუციების პერიოდი, რომ ჩვენს მიერ განვლილი მძიმე ისტორიის კუთვნილებად ვაქციეთ, აღნიშნულს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ლიბერალ-ფაშისტებიც ხვდებიან. ამ „გაერთიანებულ“ ძალებს მმართველ პარტიაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვთ.
დასავლეთი ითხოვს ,,ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმებას და საუბრობს შანტაჟის ენით, ამის შესახებ აუცილებელია დასავლეთისგან ლიბერალური-ფაშიზმის მიმდევარი მარგინალების გამიჯვნა, რომელთაც დროებით მოირგეს ძალაუფლება.
ეს უკანასკნელნი კი ცდილობენ ჩვენს ხელისუფლებასთან შანტაჟის ენით საუბარს, დაჟინებით მოითხოვენ ოჯახური ღირებულებების და ,,ლგბტ” პროპაგანდის ამკრძალველი კანონების გაუქმებას, თუმცა უკვე თვითონ აღმოჩნდნენ უმცირესობაში, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე საკუთარ სახელმწიფოებშიც.
ოჯახურ ფასეულობებზე უარის თქმას და ,,ლგბტ” პროპაგანდას დასავლეთის, არც ერთ სახელმწიფოში არ ექნება მოსახლეობის მოწონება და მხარდაჭერა, ეს არასდროს ყოფილა და არც იქნება ევროპული კულტურის განმსაზღვრელი, იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც ამას მიუთითებს.
მჯერა, რომ ჩვენ გავხდებით პროგრესული დასავლეთის ფასეული შემადგენელი.
–დაბოლოს, შეაფასეთ 26 ოქტომბრის არჩევნები და „ქართული ოცნების“ ისტორიული გამარჯვება ?
–დიახ ისტორიულს დავარქმევდი მეც, თუმცა უამრავი შრომა უნდა გასწიო იმისათვის, რომ 12 წლიან პერიოდში, ქვეყნის განვითარების მუხრუჭად ქცეულ რადიკალური ოპოზიციასთან თანაცხოვრების პირობებში, საგრძნობ წარმატებას მიაღწიო, მათ შორის ელექტორალურ ველზეც.
ეს არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდთან ერთად იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საერთაშორისო აქტორების პოლიტიკურ ბანაკში წარმოშობილ ყველა პრინციპულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. გადაცდომები, რომლებიც დაფიქსირდა შესწავლის და რეაგირების საგანს წარმოადგენს, თუმცა სიმცირის გამო შედეგებზე გავლენის მომხდენი ვერ იქნება. განსაკუთრებით აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა ხალხმა და ხელისუფლებამ აჩვენა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შენების და მართვის სრული სიმწიფე. გაზრდილია ელექტორატის სახელმწიფოებრივი ხედვა და მშობლიურის განცდა. ნათლად გაცხადდა ეროვნული ფასეულობების ქვაკუთხედის თაობაზე. გამოჩნდა ურყევი მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებსათვის ერის
შეკრულობა.
არჩევნების ტექნიკური მხარეც იმდენად პროგრესული და წარმატებული იყო, რომ ახალი სისტემების დანერგვამ არამეგობარ სადამკვირვებლო ჯგუფებშიც კი ვერ გააჩინა კითხვები.
ვფიქრობ, უკვე შემდგომ ეტაპებზე ყველასათვის მხოლოდ სასიხარულო იქნება თუ ქვეყანაში მშვიდობით, პოლიტიკური სტაბილურობით და სოციალურ-ეკონომიკური წინსვლით, საგარეო ურთიერთობებშიც ჩვენი სუვერენული და დამოუკიდებელი სამშობლო, სტაბილური პარტნიორის სახელით პოზიციონირება, ეს ხომ უამრავ ბენეფიტს მოგვიტანს.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”






1 COMMENT
ლევან ნანაძე
November 14, 2024, 4:44 pm REPLYწარმატებებს გისურვებთ ზურაბ ბატონო.