
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ შედის.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახალი „თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდგომ შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვაა.
სამინისტროს განმარტებით, სააგენტოს სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს სამსახურებს და მას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის გამოყენება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში საჭირო გახდება.
„ამდენად, მშვიდობიანობის დროს საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების, ტრენინგების, სწავლებების დაგეგმვა-ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება“, – განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.





