
ისრაელი, ირანი და საქართველოს სტრატეგიული დილემა გლობალური ძვრების ფონზე !
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ბატონი დემურ გიორხელიძე, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსი და ინტელექტუალი, ცნობილია საერთაშორისო ურთიერთობების ღრმა ცოდნითა და კრიტიკული ხედვით. მისი ანალიზი გამოირჩევა სისტემური მიდგომითა და მოვლენების ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში განხილვით. როდესაც ჩვენ საკუთარ მედიას ვპოზიციონირებთ, როგორც არა მარტო საინფორმაციო, არამედ ანალიტიკურ ინსტრუმენტადაც, ძირითადში, ეს სწორედ იმას გულისხმობს, რომ ჩვენს მკითხველს ვაცნობოთ ისეთი სახის საექსპერტო ცოდნის მქონე ზეპროფესიონალების ნააზრევი, ჩვენს საკუთარ შეფასებებთან ერთად, როგორიც ბატონი დემურია, რომელიც აზრისა და ლოგიკის გამოყენებით, მკითხველს გლობალური რთული გეოპოლიტიკური პრობლემების იოლად აღქმად ინტერპრეტირებასა და არსში წვდომას სთავაზობს.
წინამდებარე ინტერვიუში ბატონი დემური განიხილავს ისრაელსა და ირანს შორის არსებულ დაპირისპირებას, მის გლობალურ ფონს და ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დილემებს.
-ბატონო დემურ, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი და ინტელექტუალი საქართველოში, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში ისრაელსა და ირანს შორის განვითარებულ დაპირისპირებას და რა შეიძლება იყოს ამ კონფლიქტის გლობალური მიზეზი ?
-უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამჟამინდელი ეპიზოდით.
ეს არის ისტორიული, ხანგრძლივი და კომპლექსური კონფლიქტი, რომელსაც დროთა განმავლობაში არაერთი ტრანსფორმაცია განუცდია. ბოლო მოვლენები კი პირდაპირ უკავშირდება გეოპოლიტიკურ ძვრებს მსოფლიო ასპარესზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია სრული ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილებების დეტალების შესახებ, ცხადია, რომ ისრაელმა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი განიცადა – ამაში ეჭვი არ მეპარება.
თუმცა, ამგვარ კონფლიქტებში, განსაკუთრებით თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში, გამარჯვებული არ არსებობს, რადგან სურათი გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მსგავსი არადიპლომატიური სვლები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემის ბალანსი სერიოზულად ირღვევა.
-თქვენც აღნიშნეთ, რომ ასეთი ნაბიჯები არადიპლომატიური იყო. როგორ ფიქრობთ, ბატონო დემურ, დაიცავს თავის სიტყვას პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც კვლავ ცდილობს მსოფლიოზე საუბარს მშვიდობის პოზიციიდან ?
-ეს მართლაც მეტად რთული შეკითხვაა. დღევანდელი სურათი არაერთგვაროვანია. დამოუკიდებელი ანალიტიკური წრეების შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია, რასაც თავისი ლოგიკური საფუძველი გააჩნია.
ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შინაარსის საუბრები შედგა ამერიკის, რუსეთის და ჩინეთის ლიდერებს – ანუ ტრამპს, პუტინსა და სი ძინპინს შორის, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ზარები განხორციელდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად საქმე გვაქვს პროქსი-დაპირისპირებასთან, გლობალურ ბრძოლასთან გავლენებისთვის, სადაც ისრაელი და ირანი, ფაქტობრივად, მონაწილეები არიან ერთგვარ გლობალურ ჭადრაკის დაფაზე.
მოდით, გავიხსენოთ ისტორიული კონტექსტი :
ირანი და ისრაელი კონფლიქტში იმყოფებიან 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. თუმცა, ბოლო წლებში ახალი ფაქტორები გამოიკვეთა – მაგალითად, ჩინეთის მიერ ირანში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციები და სარკინიგზო კორიდორების ამუშავება, რაც ირანს ამერიკული სანქციებისგან გარკვეული დოზით გათავისუფლების საშუალებას აძლევს.
ჩემი აზრით, მთავარი სამიზნე აქ შესაძლოა ირანი კი არა, არამედ ჩინეთი და მთლიანად BRICS ბლოკი იყოს. ამერიკის სტრატეგიული მიზანია ამ მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანების განეიტრალება. ამ თვალსაზრისით, ეს კონფლიქტი უკვე გასცდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ ფარგლებს.
-საკმაოდ მწვავე ხედვა გააჟღერეთ. რამდენად რეალურია, რომ ბრიტანეთი, როგორც მხარე, ცდილობს ახლო აღმოსავლეთში გავლენის აღდგენას და რამდენად მართალია ის მოსაზრება, რომ ისრაელი დიდწილად ბრიტანული დაზვერვის გავლენის ქვეშ იმყოფება ?
–ეს არ არის კონსპირაციული თეორია, ესაა ისტორიული რეალობა. დიდ ბრიტანეთს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ახლო აღმოსავლეთში, დაწყებული მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა. დღესაც კი, ისრაელის ზოგიერთ სტრუქტურაში MI6-ის გავლენა საკმაოდ დიდია. საქმე მხოლოდ ისრაელში არ არის – ეს გლობალური სტრატეგიული ქსელია, რომელშიც ბრიტანეთი ფარულ, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
რაც შეეხება ლონდონ სიტის – ეს არის არა უბრალოდ ფინანსური ცენტრი, არამედ ერთგვარი ჩრდილოვანი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც საკუთარი წესებით მოქმედებს. ის არ ემორჩილება ბრიტანეთის მთავრობას და ხშირ შემთხვევაში პირიქით – მთავრობა ემორჩილება მას. ამიტომ, როდესაც ისრაელზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ვაშინგტონის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა.
ბრიტანეთის მიზანი ახლო აღმოსავლეთში გავლენის აღდგენაა, ხოლო ამერიკა, რომელსაც სურს რეგიონიდან გასვლა ვერ ტოვებს მას ისე, როგორც არეულად და განადგურებულად დატოვა ვიეტნამი ან ავღანეთი. ეს არის დასავლური სტრატეგიის მთავარი წინააღმდეგობა – ერთის მხრივ, სურთ წასვლა, მეორეს მხრივ, გავლენის დაკარგვა არ შეუძლიათ.
-ბატონო დემურ, როგორია თქვენი მოსაზრება საქართველოს საგარეო სტრატეგიაზე ? უნდა შევინარჩუნოთ დღევანდელი კურსი ევროკავშირისა და ნატოსკენ, თუ უკვე დროა უფრო მოქნილი პოლიტიკისკენ გადავიდეთ ?
-ამ კითხვაზე პასუხი უნდა დაეფუძნოს რეალობის სწორ შეფასებას.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროატლანტიკური კურსი დღეს აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ გლობალურ კონტექსტთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს ჩანაწერი აფერხებს ჩვენი სახელმწიფოს მოქნილ და რეალისტურ საგარეო პოლიტიკას.
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია – ამას აღარავინ მალავს დასავლეთშიც კი. ამავდროულად, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა უნდა მოერგოს არა ილუზიებს, არამედ ამჟამინდელ რეალობას.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი მთავარი იარაღი დიპლომატიური მოქნილობაა. თუ კონსტიტუციური ჩანაწერები ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და ეროვნული ინტერესების დაცვას, ისინი უნდა გადაიხედოს.
დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიცენტრული ხდება – ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და არაბული სამყარო – საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მხოლოდ ერთ ბანაკში ჩარჩეს. საჭიროა გააზრებული, სუვერენული პოლიტიკა, რომელიც არ დაეფუძნება უცხოეთიდან წამოსულ რეკომენდაციებს ან ზეწოლას, არამედ ეროვნული ინტერესების უპირატესობას.
P.S. დასკვნა :
დემურ გიორხელიძის ინტერვიუ ნათლად გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მარტივი ხაზები და სვლები აღარ არსებობს. ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება მხოლოდ რეგიონის შიდა პრობლემა არ არის – ეს არის ფართო გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი. საქართველომ კი საკუთარი ადგილი სწორედ ამ ცვალებად საერთაშორისო სისტემაში უნდა მოძებნოს – სიფრთხილით, გონივრულად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად.
ირაკლი კერესელიძე





