
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„აქსიოსი“ – ტრამპის ადმინისტრაციამ, სატრანზიტო დერეფნის განვითარების სანაცვლოდ, სომხეთს აზერბაიჯანის თავდასხმისგან დაცვა შესთავაზა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთს აზერბაიჯანის თავდასხმისგან დაცვა შესთავაზა, აშშ-ის მონაწილეობით სატრანზიტო დერეფნის განვითარების სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ, აშშ-ისთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარების ნებართვის მიცემით, ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ ბუფერს მოიპოვებდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალი შემოჭრის წინააღმდეგ.
„აქსიოსის“ თანახმად, სომხეთი დათანხმდა თავის ტერიტორიაზე 43,5-კილომეტრიანი დერეფნის გავლას, რომელსაც აშშ განავითარებს და რომელსაც ეწოდება „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.
დერეფანი ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებას უზრუნველყოფს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და მის ფარგლებს გარეთ, ირანის ან რუსეთის გვერდის ავლით. ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი ჩაკეტილია და მაღალ დონეზეა გამაგრებული.
კონფლიქტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა მარტში დაიწყო, როდესაც თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვიდან ბაქოში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
„აქსიოსის“ მიხედვით, აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მოგზაურობის შემდეგ უიტკოფმა დიპლომატიური ძალისხმევის ხელმძღვანელობა თავის გუნდში მთავრობის სპეციალურ თანამშრომელს, არიე ლაითსტოუნს დაავალა. ლაითსტოუნი რეგიონში მხარეებთან მოლაპარაკებებისთვის ხუთჯერ იმყოფებოდა.
„რუსეთი, ირანი და ჩინეთი კარგავენ გავლენას მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელსაც ისინი საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევდნენ“, – აცხადებს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი.





