• September

    1

    2025
  • 164
  • 0
ექსკლუზივი : რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას აფხაზეთიდან იმ ლტოლვილებს და მათ შთამომავლებს, ვინც ათწლეულების წინ თავი სხვა ქვეყანას შეაფარა ?

ექსკლუზივი : რატომ არ ვაძლევთ მოქალაქეობას აფხაზეთიდან იმ ლტოლვილებს და მათ შთამომავლებს, ვინც ათწლეულების წინ თავი სხვა ქვეყანას შეაფარა ?

არ მიყვარს პირველ პირში რაიმეს თხრობა, მით უფრო ისტორიული ამბების, რომლის მონაწილეც ვიყავი და რომელსაც სადღეისოდ სულ სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოგვითხრობენ, თუმცა ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, ეს აუცდენელია და ამჯერად ზუსტად ეს შემთხვევაა.

მე ვარ ირაკლი კერესელიძე, თადარიგის ოფიცერი ( სამხედრო წოდება -კაპიტანი ), ,,GEO NEWS”-ის იურისტი და გამომძიებელი ჟურნალისტი. 1992 წელს მაისში დავხურე მხატვრული კინოს რეჟისურის პირველი კურსი, რეჟისორისა და მსახიობის რამაზ გიორგობიანისა და რეჟისორი ზურაბ ინაშვილის სახელოსნოში.

იმ ზაფხულს, ორ ჯგუფელთან ერთად, ვირწმუნე, რომ კამერა და მიკროფონი, ჩემთვის თავისუფლების მომანიჭებელი ინსტრუმენტები იქნებოდა, ასე დავიწყე მუშაობა ახლად დაარსებულ, პირველ ქართულ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იბერვიზიაში“.

ვიყავი საკუთარი საავტორო გადაცემის ,,კონტრაჟურში” რეჟისორი და საინფორმაციო გამოშვების ,,მონიტორის” ერთ-ერთი რედაქტორი. იმავე ზაფხულს, უკვე როგორც „იბერვიზიის“ რეპორტიორი, კოლეგებთან, მათ შორის ,,მონიტორის” მთავარ რეჟისორ გიორგი შარაძესთან ერთად, რამდენჯერმე ჩავედი აფხაზეთში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.

იქ, ზღვისა და მთის პეიზაჟში, სეპარატიზმი უკვე აშკარად „მწიფდებოდა“, ხილული ნიშნებით, უხილავი ქსელებითა და ხმაურით, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვეძახდით „ომს“.

ვსაქმიანობდი ორი მიმართულებით :

სტუდიური სამუშაო და ველი ( ქალაქი სოხუმი ), რომელიც ჯერ რუკაზე არ იყო მონიშნული, როგორც წართმეული, მაგრამ ქუჩებში, ბაზრებსა და საუბრებში უკვე მკაფიოდ იგრძნობოდა. თვალით ვხედავდი, როგორ მყარდებოდა აგრესია : ახალი სიმბოლიკა ძველ შენობებზე, ახალი სიტყვები და ძველი შიშები. ქალაქის პეიზაჟში ყველაზე მეტს ხალხის მზერა ამბობდა – დაძაბული, მოზომილი, თითქოს ყოველი წინადადების შემდეგ ყველაფერი შეიძლებოდა დასრულებულიყო.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან მალევე, ჩემი ჯგუფელი და უახლოესი მეგობარი, გიორგი პოპიაშვილი – მაშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის პირველი უფროსი და, ფაქტობრივად, ამ დანაყოფის ნულიდან შემქმნელი, სოხუმში ბომბზე აფეთქდა. ამის შემდეგ ჩემთვის დრო გაიყინა.

1993 წლის დასაწყისიდან მე ჩავანაცვლე გიორგი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, რის მერეც უკვე საკუთარი თვალით ვნახე ის „ჯოჯოხეთი“, რომელსაც ხშირად მეტაფორად ვიყენებთ, მაგრამ იქ აფხაზეთში, მეტაფორა აღარ მუშაობდა, რადგან რეალობად იქცა. დარჩა მხოლოდ ტკივილი, ქაოსი და ადამიანების დაუჯერებელი სიმამაცე, დაუჯერებელ განუკითხაობასთან ერთად, რომელსაც სახელი არ ჰქონდა.

ჩემი გზა, ჩემი მეხსიერება :

გეზი თბილისიდან სოხუმისკენ მქონდა, მაგრამ ხშირად ვბრუნდებოდი საკუთარ დღიურში. იქ ვწერდი იმას, რასაც ეთერში ბოლომდე ვერ იტყოდი, რომ ომი, პირველ რიგში, ადამიანებს ანადგურებს, ხოლო ტერიტორიები მხოლოდ თანმდევი დანაკარგის საფასურად თავისუფლდება. ვხედავდი ბიჭებს, რომლებიც გუშინ უნივერსიტეტში კარადებზე ნახატებს ტოვებდნენ, დღეს კი ხიდებზე ტყვიების კვალი რჩებოდათ. ვუსმენდი მოხუცებს, რომლებიც 1940-იანების ისტორიებს გვიყვებოდნენ და უცებ ვხვდებოდი :

ამ მიწაზე მშვიდობა ყოველთვის დროებითი სტუმარი იყო…

სეპარატიზმის „გაღვივება“ ერთ დღეში არ მომხდარა. ეს იყო გეოპოლიტიკის ცივი გათვლა, იმპერიული ჩვევის დაქანცული ინერცია და ჩვენი შინაგანი სისუსტეც, რაც ერთმანეთის მოსმენის უნარის დაკარგვაში გამოიხატა. კამერით ვაფიქსირებდი სცენებს, სადაც კედლებზე წარწერები ერთმანეთს ეჯახებოდა და ადამიანების თვალებში უთქმელი შიში ყველაზე გასაგებ სათაურად იქცეოდა.

მეგობრის ადგილი, რომელიც ვერ შეივსო :

გიორგი პოპიაშვილის ამბავს დღემდე ზედმეტი სიტყვების გარეშე ვიხსენებ. ზოგი ადამიანი პროფესიულად გზრდის, ზოგი მეგობარი, მორალურად გაძლევს ძალას. გიორგიმ ორივე გააკეთა. მისი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როცა მის მაგიდასთან დავჯექი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, მივხვდი, რომ ამბები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას უნდა ვესაუბრო, უკვე აღარ იყო მხოლოდ „საინფორმაციო“ – ეს იყო ბრძოლა ადამიანურობის გადასარჩენად. თითოეული ტკივილიანი ფრაზა სინამდვილეში არჩევანი იყო, რა დაგვეკარგა და რა შეგვენარჩუნებინა.

დისლოცირებული ცხოვრება – დაბრუნების უფლება, რომელიც ქაღალდზე წერია და ცხოვრებაში არ რეალიზდება :

დღეს, როცა აფხაზეთის ომიდან ათწლეულებია გასული, ყველაზე რთულია მადლობის თქმა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამშობლო, როგორც გეოგრაფია, დაკარგეს, მაგრამ სამშობლო, როგორც სულიერი სივრცე, დღემდე ატარეს. ვგულისხმობ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ოთხმოცდაათიანებში გაჭირვებისა და უიმედობის გამო, რუსეთში გაიხიზნენ და განსაკუთრებული პატივისცემით მოვიხსენიებ მათ შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებიც დღეს საქართველოში, სურვილის მიუხადავად, მოქალაქეობას ვერ იღებენ. მათ ნაცვლად საქართველოს მოქალაქეები ხდებიან ათასობით არაბი, თურქი, სირიელი, ირანელი და რავიცი კიდევ რამდენი ისეთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც დიამეტრალურად დაშორებულია ქართულ სულთან და ჩვენს ისტორიულ ფასეულობებთან. უფრო მეტიც, უმეტესი მათგანის ისტორიული სამშობლო, ჩვენი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა.

დევნის, შიმშილის, უსახლკარობისა და დოკუმენტების დაკარგვის მძიმე მეხსიერებით, აფხაზეთიდან რუსეთში გახიზნულები, დღესაც ქართული ბიუროკრატიის გაუვალ და ცივ კედელთან დგანან.

თითქოს, ისტორიის ყინულში ჩარჩენილი ხელები კვლავ კარზე აკაკუნებენ, ხოლო პასუხად ესმით :

„დაამტკიცე, რომ ჩვენი ხარ“.

მაგრამ როგორ უნდა დაამტკიცო „ჩვენობა“, როცა ეს უკვე ენაში, ტკივილსა და ოჯახურ მეხსიერებაშია ?

სახელმწიფო, უნებლიედ თუ განზრახ, მოქალაქეობის მიღების ფორმალურ ბილიკებს ისე აგებს, რომ ფაქტობრივად ამბობს : „არ დაბრუნდე“. ეს კი დაუშვებელია.

საქართველოს ვალია ბოლომდე უპატრონოს აფხაზეთიდან ლტოლვილებს, მათ შორის იმათაც, ვინც მაშინ რუსეთში იძულებით გაიხიზნა და დღეს იქიდან დაბრუნებას ცდილობს.

სწორედ ისინი და მათი შთამომავლები შეიძლება გახდნენ ხიდები, როგორც აფხაზებთან, ასევე რუსეთთან. ეს ხიდები კი გახდება წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა – კონფლიქტისა და ომის გარეშე.

რა ვისწავლე იქ, სადაც სიმართლე ბევრჯერ უთქმელია :

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტერიტორიების დაბრუნებაზე სამხედრო ან დიპლომატიური ლოგიკით, მაგრამ ტერიტორია ხალხის გარეშე მხოლოდ რუკაა. მაშინ როდესაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ნაწილი, რუსეთიდან დაბრუნებას ცდილობს, სახელმწიფოს ვალია, მათ კარი ფართოდ გაუღოს.

დღეს არის ისტორიის გამოცდა, არა მხოლოდ მათთვის, ვინც დაბრუნებას ელოდება, არამედ ჩვენთვისაც, ვინც ამ კარს უნდა აღებდეს სიხარულით და ყოველგვარი კითხვების გარეშე.

რა უნდა გაკეთდეს დღეს :

• გამარტივებული „დამკვიდრებული კავშირის“ მექანიზმი – საქართველოსთან კავშირის დასადასტურებლად საკმარისია მშობლების/ბებია-ბაბუების წარმოშობა აფხაზეთიდან, ქართული ენის საბაზისო ცოდნა ან ინტეგრაციის მოკლე კურსის გავლა.

• დოკუმენტების რეაბილიტაციის პროგრამა – ომისა და იძულებითი გადაადგილების გამო დაკარგული/გაუქმებული დოკუმენტების აღდგენა ერთჯერადი სახელმწიფო ინიციატივით.

• „ნულოვანი ვარიანტის“ ჯგუფური გადაწყვეტილებები – დევნილობის სტატუსის მქონე ოჯახებისთვის მოქალაქეობის ერთობლივი მინიჭება, უსაფრთხოების ელემენტარული შემოწმების პარალელურად.

• დროებითი სტატუსი ინტეგრაციის გზით – მოქალაქეობის მიღებამდე სრულფასოვანი სოციალური გარანტიების და საქართველოში ბინადრობის შეუზღუდავი უფლება.

• მტკიცე, მაგრამ სამართლიანი უსაფრთხოების ფილტრი – ინდივიდუალური დანაშაულებრივი წარსულის შემოწმება, მაგრამ არა კოლექტიური და შაბლონური უარი ათასობით ოჯახისთვის.

• საჯარო პოლიტიკური ნება და სიმბოლური ჟესტები – სახელმწიფოსგან მკაფიო გზავნილი : „ჩვენ გელით, თქვენ დაბრუნება გვსურს“.

აფხაზეთი – გეოგრაფია თუ პასუხისმგებლობა ?

როცა ამბობენ, რომ „დრო შეიცვალა და რეალობაც სხვაა“, ვპასუხობ : დიახ, მაგრამ პასუხისმგებლობა იგივეა.

აფხაზეთი მხოლოდ დაკარგული ქალაქების ტოპონიმი არაა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი შეგნების ტესტი :
ვაღიარებთ თუ არა, რომ მოქალაქეობა და სამშობლო პირველ რიგში ურთიერთ ზრუნვის ქსელია და მხოლოდ შემდეგ – პასპორტი.

საქართველო ვალდებულია ბოლომდე უპატრონოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა ადამიანს, მათ შორის იმათ, ვინც ოთხმოცდაათიანებში რუსეთში იძულებით გაიხიზნა და მათ შთამომავლებსაც. სწორედ მათი დაბრუნება და სახელმწიფოში ინტეგრაცია შეიძლება იქცეს სტრატეგიულ რესურსად – მათ შეუძლიათ ხიდები ააგონ, როგორც აფხაზებთან, ასევე რუსეთთან. ეს ხიდები კი იქნება წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა მშვიდობით, ომის გარეშე.

თუ რომელიმე ოჯახი, რომელიც 1992–1993 წლების არეულობის დროს რუსეთში აღმოჩნდა, დღეს საქართველოში დაბრუნებაზე უარს იღებს – ჩვენ, როგორც საზოგადოება, კვლავ იგივე შეცდომას ვიმეორებთ, რამაც აფხაზეთის დროებით დაკარგვას ხელი შეუწყო.

ტერიტორიის დაბრუნებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ გახდება რეალური, როცა ადამიანთა დაბრუნება გახდება ბუნებრივი და წინააღმდეგობების გარეშე შესაძლებელი.

ჩემი პირადი აღქმა :

როცა სოხუმიდან უკან ვბრუნდებოდი, ხშირად ვიდექი ცხენისწყალთან და ვუყურებდი ნისლს, რომელიც მდინარეს მიუყვებოდა. იმ ნისლში სიჩუმე იდგა, სიჩუმე, რომელშიც ადამიანები საკუთარ ოცნებებს კარგავდნენ. მერე თბილისში ქარი უბერავდა და ქალაქი ხმაურით ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ცხოვრება გაგრძელდა.

დიახ, გაგრძელდა, მაგრამ ტკივილი არ დასრულებულა.

დღეს, როცა ეს ტექსტი „GEO NEWS“-ის მკითხველამდე მიდის, მინდა მკაფიოდ ვთქვა : როგორც ის ბიჭი, რომელმაც 1992-ში სეპარატიზმის მწიფება კამერით გადაიღო ; როგორც მეგობარი, რომელმაც გიორგი პოპიაშვილის მაგიდასთან დაჯდა და მისი საქმე განაგრძო ; როგორც იურისტი, რომელიც კანონში, პირველ რიგში, ადამიანს ეძებს, ვერ შევეგუები მდგომარეობას, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს თანამემამულეებს და მათ შთამომავლებს საქართველო კარს უხურავს.

ეს არც სამართალია, არც პოლიტიკა, ეს არის უმეცრება ისტორიის წინაშე.

ჩვენი არჩევანი მარტივ სიმართლემდე დადის :

სამშობლო ან არის ადგილი, სადაც შენს დაბრუნებას ელიან, ან რუკაზე დატანილი სიტყვაა შინაარსისა და ბედნიერების განცდის გარეშე.

მე ვირჩევ პირველს და ველოდები, რომ ჩემი სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფო, ამ არჩევანს ყოველდღე, პრაქტიკული ნაბიჯებით დაამტკიცებს.

ჩემის მხრივ, როგორც იურისტი, დაუღალავად დავიცავ აფხაზეთიდან ლტოლვილთა და მათი შთამომავლების სამართლებრივ უფლებებს, ვისაც ბიუროკრატიული აპარატი, ფორმალური მიზეზებით, უსულგულოდ, საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე უარს ეუბნება.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor