• September

    15

    2025
  • 244
  • 0
ექსკლუზივი : დავით გულუა – „აფხაზეთის პრობლემა ვერ მოგვარდება ლოზუნგებით – საჭიროა სახელმწიფოებრივი საგზაო რუკა და უშუალო ჩართულობა“

ექსკლუზივი : დავით გულუა – „აფხაზეთის პრობლემა ვერ მოგვარდება ლოზუნგებით – საჭიროა სახელმწიფოებრივი საგზაო რუკა და უშუალო ჩართულობა“

,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავჯდომარესთან, აფხაზეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გენერალ დავით გულუასთან – ადამიანთან, რომელმაც უშუალოდ იცის აფხაზეთის ტრაგედიის ისტორია, ომის მძიმე გამოცდილება და ის შეცდომები, რის გამოც საქართველოს სახელმწიფოებრივი კონტროლი ამ რეგიონზე დაიკარგა.

დღეს გთავაზობთ ამ იმტერვიუს პირველ ნაწილს, რომლის მეორე ნაწილში უშუალოდ ვკონცენტრირდებით აფხაზეთის ომზე. აქ კი გაგაცნობთ გენერალი გულუას მოსაზრებებს პრობლემების დაძლევისა და აფხაზეთის ეფექტური რეინტეგრაციის გზაზე, რაც განსაკუთრებულად მნიშნველოვნად მიგვაჩნია საქართველოს მოსახლეობის პატრიოტი ნაწილისათვის, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას განსაკუთრებულად აფასებს.

გენერალი დავით გულუა ის უნიკალური გამონაკლისია, რომელიც წლების განმავლობაში მებრძოლიც იყო და სახელმწიფოს საკვანძო გადაწყვეტილებების უშუალო შემსრულებელიც, როგორც აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი სიტყვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, არა მხოლოდ პირადი გამოცდილების, არამედ დღევანდელი ხედვის გამოც, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს – აფხაზეთის საკითხი ვერ გადაწყდება მხოლოდ ლოზუნგებით, არც ზედაპირული „შერიგების პროგრამებით“.

დავით გულუას ღრმა რწმენაა, რომ საჭიროა ახალი პოლიტიკა, ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვა და საგზაო რუკა, რაც რეალურ გზას შესთავაზებს აფხაზებსა და ქართველებს საერთო მომავლისკენ.

„რატომ შეიქმნა აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო“ ;

-ბატონო დავით, რა იყო წინაპირობა 2024 წელს აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს, თქვენი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებისათვის და ვინ გახდნენ მისი დამფუძნებლები ?

-აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოყალიბების გადაწყვეტილება, რომლის ფორმირებაც ჯერ კიდევ 2023 წლიდან დავიწყეთ და 2024 წელს ლეგალურად დავაფუძნეთ, დიდწილად 2022 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენებით იყო განპირობებული. სწორედ მაშინ დავინახეთ, რომ რეგიონში ვითარება ისე სწრაფად იცვლებოდა, საქართველოსთვის არ შეიძლებოდა პასიურად დარჩენა. ეს იყო ზუსტად ის მომენტი, როცა მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი მზად უნდა ყოფილიყო ახალი გამოწვევებისთვის და, რაც მთავარია, ახალი შესაძლებლობებისთვის.

საბჭოში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ ომი და ბრძოლა, არამედ მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაიარეს. ეს არის ხალხი, რომელსაც არც წარსულის სიმძიმის ეშინია და არც მომავლისკენ გახედვის. ესენი არიან ადამიანები, ვინც აფხაზეთის ტრაგედია საკუთარ თავზე იწვნიეს და ამიტომაც არიან გულწრფელები და მიზანდასახულები. ასეთი ადამიანები ვიპოვეთ აფხაზეთშიც, ავტორიტეტული, სანდო პირები, რომელთა სიტყვასაც იქ მნიშვნელოვანი წონა აქვს. ეს არის ჩვენი ფუნდამენტი.

ჩვენი მიზანია არა პოლიტიკურ ბრძოლებში ჩართვა, არამედ აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის ავტორიტეტული ნაწილის ჩართვა ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ხიდი აფხაზებსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

ხშირად თბილისში ისეთ ხალხს ვხედავთ, ვინც კომფორტულად არის მოწყობილი, ასეთებს აფხაზეთზე მხოლოდ ლაპარაკი უნდა. სამწუხაროდ, ასეთი ბევრი აღმოჩნდა თვით ლტოლვილთა ხელისუფლებაშიც, სადაც, სადღეისოდ, უკვე მათი შვილები და შვილიშვილებიც კი არიან დასაქმებულები სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ რეალურად ვერაფერს აკეთებენ პრობლემის გადასაჭრელად.

ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ : აფხაზეთის დაბრუნება იწყება არა ლამაზი ლოზუნგებით, არამედ კონკრეტული ნაბიჯებითა და გულწრფელი დიალოგით.

„ლოზუნგების ნაცვლად – ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა“ ;

-თქვენი აზრით, რა არის მთავარი შეცდომა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაში აფხაზეთის მიმართ ?

-პრობლემა ის არის, რომ დღემდე ბევრი რამ ფორმალურ დონეზე დარჩა. შეიქმნა უწყებები, დეპარტამენტები, სამსახურები, თითქოს აფხაზეთის თემაზე მუშაობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რეალური შედეგი თითქმის არ გვაქვს. აფხაზეთის საკითხი გადანაწილებულია ათობით უწყებაზე, მაგრამ არც ერთი არ არის კონკრეტულად და სრულად პასუხისმგებელი. ამით იქმნება ილუზია, თითქოს ბევრი მუშაობს, მაგრამ სინამდვილეში პროცესს არ ჰყავს ერთი ლიდერი, ერთიანი ხედვა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი.

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს :

აფხაზეთის დაბრუნება არ იწყება შერიგების სამინისტროს არსებობით ან მრავალი, ლამაზსახელიანი პროგრამებით. ეს იწყება ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკით, სადაც აფხაზეთი ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდება.

„რუსეთთან დიალოგის გარეშე გამოსავალი არ არსებობს“ ;

-თქვენ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ შეუძლებელია აფხაზეთის საკითხზე რუსეთთან დიალოგის იგნორირება. რას გულისხმობთ კონკრეტულად ?

-მსოფლიო პოლიტიკის რეალობაა, რომ რუსეთს რეგიონში აქვს ძლიერი ისტორიული ფუნდამენტი და უშუალო გავლენა. ჩვენ ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

თუ გვინდა, რომ აფხაზეთის საკითხი წინ წავწიოთ, უნდა ვისაუბროთ ყველასთან, ვინც ამ პროცესში გავლენას ახდენს.

ეს არ ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას. ეს ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას რეალისტური მიდგომებით. ვერასდროს ავუხსნით აფხაზებს, რომ ძმობაზე გვიყვარს საუბარი, მაგრამ მათ რეალურ პარტნიორთან, რუსეთთან – კონტაქტის თავიდან არიდებას ვცდილობთ. ასეთი პოლიტიკა არ არის გულწრფელი და არ არის ეფექტური. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, ვითანამშრომლოთ ყველასთან, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს.

თქვენ როგორ ფიქრობთ ? თუ აფხაზები დაინახავენ, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ვიაროთ შერიგების გზაზე, რუსეთთან შეთანხმების გარეშე, ისინი ამ პირობაზე წამოვლენ ? ეს ხომ ფაქტობრივად ნიშანვს მათ დატოვებას მომავალში რეალური საფრთხეების წინაშე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს კომპლექსური დიალოგის ფორმატი, რომელიც მოიცავს როგორც დასავლელ პარტნიორებს, ისე რუსეთს. ეს არის ერთადერთი გზა, რათა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და რაც მთავარია, დავუბრუნოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები საქართველოს.

„ჰუმანიტარული ხიდები და ახალი თაობა“ ;

-თქვენ ხშირად საუბრობთ ჰუმანიტარულ მიმართულებაზე, რას გულისხმობთ ?

-ჩვენ გვჯერა, რომ პირველ რიგში სწორედ ჰუმანიტარული პროგრამებია გასაღები. ომის დროსაც ვიცავდით, არა მხოლოდ ქართველ, არამედ აფხაზ მშვიდობიან მოსახლეობას.

დაახლოებით 19 ათასმა აფხაზმა იმკურნალა საქართველოში, ე.ი. ფაქტობრივად ყველა ოჯახი შეხებულია ჩვენს ექიმებთან. ეს არ არის მხოლოდ ციფრი, ეს არის ნდობის ფუნდამენტი, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ავაშენოთ.

დღესაც ბევრი აფხაზი ახალგაზრდაა, ვისაც არ უნდა დაპირისპირება და სურს თავისუფალი ურთიერთობა ქართველ თანატოლებთან. ჩვენ ვმუშაობთ სწორედ ამ ხალხთან. გვახსოვს გამორჩეული გვარებიც – შერვაშიძეები, ანჩაბაძეები, ემხვარები, მარშანიები, ინალიშვილები და თუ ისინი ჩვენთან ერთად არიან, მაშინ გასაგებია სად არის რეალური აფხაზეთი.

ჩვენ მივიყვანეთ ჯანდაცვის მინისტრთან 30 პროფესორი. წარმოშობით აფხაზეთიდან არიან და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს. უკვე გვაქვს პროექტები დაავადებების დიაგნოსტიკასა და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე.

ეს არის პრაქტიკული, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქმნის ნდობას და აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მზად არა მხოლოდ ლაპარაკისთვის, არამედ საქმისთვის.

ეს არის ის, რაც აფხაზებს აჩვენებს, რომ ჩვენი დაპირებები არ არის ცარიელი სიტყვები.

„საგზაო რუკის გარეშე წინსვლა ვერ იქნება“ ;

-რა არის თქვენი ხედვა იმ საგზაო რუკის, რომელიც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ?

-პირველ რიგში, უნდა არსებობდეს ერთიანი დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ნაბიჯები : ეკონომიკური, ჰუმანიტარული, იურიდიული და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს დოკუმენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სამთავრობო უწყებების დონეზე განხილული, არამედ უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე შექმნილი.

მაგალითად საკითხავია, რატომ არ არსებობს გალისა და ზუგდიდის მასშტაბით სისტემური შეხვედრები აფხაზებთან ?

ჟენევის ფორმატი კარგია, მაგრამ იქ მიდგომა თავიდანვე იყო : „ჩვენ რა გვინდა“. არადა, მთავარი კითხვა უნდა იყოს : „იმათ რა სურთ“ ?

თუ მათთან არ ვისაუბრებთ უშუალოდ, როგორ გავიგებთ მათ საჭიროებებს და როგორ შევქმნით რეალურ ალტერნატივას რუსეთის მოქალაქეობასთან შედარებით ? ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ უკეთესი მომავალი, მეტი შესაძლებლობა და რაც მთავარია, უსაფრთხოება.

ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ აფხაზები, რომ საქართველოსთან ერთად ცხოვრება არის მათთვის უფრო მომგებიანი და უსაფრთხო.

„პროგრამები პროგრამებისათვის უდრის – პრობლემას“ ;

-თქვენ ახსენეთ, რომ აფხაზეთის მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. რატომ თვლით, რომ ისინი უშედეგოა ?

-ოფიციალურად ამბობენ, რომ 50-ზე მეტი პროგრამა არსებობს, მაგრამ ისმის კითხვა – საითკენ არიან მიმართული ისინი ? რატომ არ არის ინფორმირებული აფხაზეთის საზოგადოება ? რატომ არავინ არ გვეკითხება ჩვენ, აფხაზეთის წარმომადგენლებს, თუ რა ჯობია მოცემულ ეტაპზე ? არა მგონია, რომ ყველა ეს საკითხი ჩვენზე და ჩვენს აქტივზე უკეთესად იცოდნენ.

ეს პროგრამები რეალურად იქცა ბიუროკრატიული დასაქმების წყაროდ.

ასევე, პრობლემურია საქართველოს კანონი – ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც არანაირად არ ემსახურება აფხაზეთის პრობლემის მიგვარებას, პირიქით, ყველანაირდ ხელს უშლის ამ პროცესს.

აფხაზეთის თემაზე სახელმწიფო სტრუქტურებიდან ბევრი თანხები იხარჯება, ისმება კითხვა გვაქვს ადეკვატური შედეგი ? სამწუხაროდ, არა.

„მოქალაქეობის საკითხი“ ;

-ამბობთ, რომ კონკრეტული საქმეების ნაცვლად, მხოლოდ საქმის ილუზია იქმნება. შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი მოგვიყვანოთ ?

მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. დამირეკა აფხაზმა, რომელიც ბედიაში ცხოვრობს, ბედიერი მონასტერი ხომ იცით, ქართული კულტურის უდიდესი ძეგლია. მას უნდოდა მონასტრის მოვლა და საქართველოს მოქალაქეობის მიღება. კომისიაზე გაიარა, მაგრამ უთხრეს : „საქართველოსთვის დამსახურება არ გაქვსო“.

ეს არის აბსურდი და ყველაზე დიდი შეცდომა, რისი დაშვებაც სახელმწიფოს შეეძლო.

თუ აფხაზეთის მცხოვრები საქართველოს მოქალაქე არ იქნება, მაშინ ვინ უნდა იყოს ?

ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თუ ეს ასეა, მაშინ ყველა იქ მცხოვრები პირი ავტომატურად საქართველოს მოქალაქეა. ამის გამოკითხვის ან დამტკიცების ნაცვლად, ჩვენ უბრალოდ უნდა მივცეთ მათ შესაბამისი საბუთები. მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით შევძლებთ მათთან ნდობის აღდგენას და რეალური კავშირის დამყარებას.

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, მაშინ რატომ ვექცევით იქ მცხოვრებ და იქიდან სხვა ქვეყნებში გახიზნულ ქართული გენეტიკის მქონე ხალხს ისე, თითქოს ისინი ერთ რიგში დგანან თურქებთან, სირიელებთან ან სხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ ?

ეს შეურაცხმყოფელია და დემოგრაფიულადაც საშიში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იქ მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსულ პასპორტებს ფლობენ. ამიტომ, ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ ფუნდამენტურად განსხვავებული უნდა იყოს.

ეგებ ვინმემ ამიხსნას, რატომ არის წლების განმავლობაში აუტანელი მდგომარეობა ენგურის ხიდზე, როგორც ქართველი, ასევე აფხაზი მოქალაქეებისთვის ? ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ პასუხი თუ ვის აწყობს ეს ?

მომავლისკენ, პრაქტიკული ნაბიჯებით ;

ინტერვიუს ამ ნაწილს ბატონი დავითის მნიშვნელოვანი დასკვნით ვასრულებთ.

დავით გულუა : ცვლილება ერთ დღეში არ მოხდება. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული პროცესი, რომელიც მოითხოვს გულწრფელობას, გამბედაობას და პრაქტიკულ მიდგომას, მაგრამ თუ ნაბიჯებს საერთოდ არ გადავდგამთ და მხოლოდ სხვების იმედზე ვიქნებით, არაფერი შეიცვლება. ჩვენ გვინდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ გულებიც. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.

უნდა გავაცნობიეროთ: ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს.

ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიწყოთ ახალი თავი აფხაზეთთან ურთიერთობაში. ეს არის ერთადერთი გზა, რათა ჩვენი მომავალი იყოს მშვიდობიანი და გამთლიანებული.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor