
ექსკლუზივი – დავით ფაცაცია : „ჩვენ გულებით უნდა მივიდეთ გულებთან – საერთო მომავლისკენ მიმავალი გზა აბსოლუტურად რეალურია“
ექსკლუზიური ინტერვიუ – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, ბატონ დავით ფაცაციასთან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, ბატონი დავით ფაცაცია იმ ხელმძღვანელთა შორისაა, ვინც სისტემა არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ღირებულებრივადაც მნიშვნელოვნად განაახლა. მისი მიდგომა გამოირჩევა იმით, რომ პრობლემების მოგვარებას უყურებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, ან ადმინისტრაციული პროცესების კონტექსტში, არამედ როგორც სოციალურ, ადამიანურ და სახელმწიფოებრივ მისიას, სადაც თითოეულ ადამიანს უნდა დაუბრუნდეს ღირსეული ცხოვრება.
მინისტრი დავით ფაცაცია გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, დინამიური მუშაობით, აქტიური კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან. მასში აშკარად თავი მოიყარა არა მარტო, მენეჯერულმა უნარებმა, არამედ სახეზეა ძლიერი ემპათია, რომლითაც ის იკვლევს და ესაუბრება იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, ხელმძღვანელობს კომპაქტური ჩასახლებების პრობლემების რეალურ ანალიზს და სისტემურად ახორციელებს სირთულეების განმუხტვას.
მინისტრის ხედვა მოიცავს ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განახლებას, სოციალურ გაძლიერებას, განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების მხარდაჭერას, ასევე აფხაზებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის მიზნობრივ და მშვიდობიან სტრატეგიას.
-ბატონო დავით, თქვენი პირველი შეხვედრები ამხანაგობის თავმჯდომარეებთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. როგორი იყო მათი დამოკიდებულება და როგორ მოახერხეთ სტერეოტიპების გატეხვა ?
-როდესაც მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა გავმართე ამხანაგობის თავმჯდომარეებთან, დამოკიდებულება მართლაც საკმაოდ სკეპტიკური იყო. ბევრ ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა სტერეოტიპი : „რა საჭიროა ეს მთავრობა ? რას აკეთებს აფხაზეთის მთავრობა“ ? და მათ თვალებში მოჩანდა უნდობლობა.
ჩვენი მიდგომა იყო სრულიად გამჭვირვალე – პირდაპირი საუბარი, რეალური პრობლემების შესწავლა და დაუყოვნებელი რეაგირება. შევხვდით ყველა კომპაქტური ჩასახლების თავმჯდომარეს, მოვუსმინეთ თითოეულს და პირველ რიგში, გამოვყავით საკითხი, რომელიც ათწლეულებია აწუხებდა მოსახლეობას – დაზიანებული სახურავები. ბევრ ჩასახლებაში ადამიანები ცხოვრობდნენ შენობებში, სადაც წვიმა და თოვლი პირდაპირ აღწევდა.
პირველი და მეორე შეხვედრა რთული იყო, მაგრამ მესამე შეხვედრის შემდეგ უკვე ვნახეთ შედეგიც – ადამიანებმა დაინახეს, რომ მათი პრობლემების მიმართ რეალური და კეთილსინდისიერი მუშაობა მიდიოდა. დღეს უკვე ვიცით, რომ ახალი შეხვედრებისას სახურავების თემა თითქმის აღარ სახელდება, რადგან პრობლემის დიდი ნაწილია მოგვარებული.
ამ საქმეში განსაკუთრებით მინდა გამოვყო სენაკის მერი, ბატონი ვახო გადელია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ასევე დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და ლტოლვილთა სააგენტოს, რომელთაც უდიდესი მხარდაჭერა გაგვიწიეს.
-დღეს კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული პრობლემები დგას. რას მოიცავს ეს და როგორია თქვენი სტრატეგია ?
-თუ გვსურდა შედეგი რეალურად არსებულიყო, აუცილებელი იყო არა მხოლოდ სახურავების შეკეთება, არამედ სიღრმისეული ანალიზი. ამის შემდეგ გამოჩნდა მეორე რიგის პრობლემები – მრავალი შენობა არის ძალიან ნესტიანი, რასაც სერიოზული გავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხარისხსა და ზოგად გარემოზე.
ჩვენი მიზანია, რომ პრობლემების ანალიზი იყოს არა ზედაპირული, არამედ სისტემური.
როცა სახელმწიფო იწყებს რეაბილიტაციას, ადამიანებიც უერთდებიან პროცესს, ეს არის ყველაზე მოტივაციური დინამიკა. დღეს უკვე გვაქვს ისეთი სადარბაზოები, რომლებიც სუფთა და მოვლილია.
ჩვენი ამოცანაა რესურსების გადანაწილება ისე, რომ არც ინფრასტრუქტურა დავაზიანოთ, არც კეთილმოწყობის გეგმები და არც სტრატეგიული საჭიროებები.
ჩვენ გვაქვს საზაფხულო ბანაკების პროექტი, ასევე ბავშვები მიგვყავს საზღვარგარეთ, საბერძნეთის მსოფლიო საპატრიარქოს ბანაკებში. ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობა, ეს არის საოცარი გამოცდილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული ბავშვებისათვის, რომელთაც არასდროს გაუვლიათ საკუთარი რეგიონის ფარგლებს გარეთ.
-განათლებისა და დასაქმების მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური პოლიტიკა გაქვთ. რას მოიცავს ეს პროგრამები ?
-ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ამ ღირსეულ ადამიანებს, ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა პროფესიული ზრდისა და დასაქმების მიმართულებით. ამიტომ, მოსახლეობას ვეხმარებით პროფესიების ათვისებაში, რომლებიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადია – ეს შეიძლება იყოს მშენებლობის ინდუსტრია, აიტი ( IT ) სექტორი და სხვა მიმართულებები.
გარდა ამისა, ყველა კომპაქტურ ჩასახლებას ვეხმარებით იმითაც, რომ ჰქონდეთ საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები – შედუღების აპარატები თუ სხვა საჭირო ტექნიკა, რათა ადამიანებმა შეძლონ საჭირო სივრცეების რეაბილიტაცია და შემოსავლის გენერირებაც.
-როგორ მუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ?
-ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო მეგობრებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ამის შედეგია ის, რომ საბერძნეთსა და თურქეთში უკვე არაერთ ბავშვს და ახალგაზრდას უმასპინძლეს, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან.
ახლო მომავალში ვგეგმავთ შეხვედრას ისრაელის ხელისუფლებასთან, რათა იქაც შედგეს ჩვენი ბავშვების ვიზიტები. ისრაელი ამ თვალსაზრისით უნიკალურია, იქ აქვთ კიბუცების და სხვა ორგანიზებული ჩასახლებების მრავალწლიანი გამოცდილება, რაც შესანიშნავი ცოდნის წყაროდ შეიძლება იქცეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ასევე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთის ხელისუფლებასთან, და დიდი ალბათობით, მათთანაც გვექნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა. ჩინურ პრაქტიკას ბავშვებისთვის უდიდესი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ექნება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული კერძო სექტორის თანადგომა, მათ არაერთხელ გაუწევიათ დახმარება, როგორც უცხოეთში ანაზღაურების გარეშე ტრანსპორტირებით, ასევე ბავშვებისთვის გასართობ ცენტრებში სპეციალური ივენთების მოწყობით.
-თქვენი საქმიანობა მოიცავს სავარგულების განვითარებასაც. მოგვიყევით ამის შესახებ, ბატონო დავით.
-ჩვენ არაერთი მინი ტრაქტორი გადავეცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გამარტივდეს მეურნეობასთან დაკავშირებული სამუშაოები და საკუთარი პროფესიული საქმიანობაც გააძლიერონ.
მიხარია, რომ დღეს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საგრძნობლად გაძლიერდა – აფხაზეთში ბევრმა გააცნობიერა, რომ ისე გაგრძელება, როგორც აქამდე იყო, უბრალოდ აღარ შეიძლება.
აფხაზეთის კულტურის, ენისა და იდენტობის გადარჩენა მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია შესაძლებელი და ამას აფხაზები კარგად ხვდებიან.
-როგორ ხედავთ შერიგების პროცესს და რა გზავნილი გაქვთ აფხაზებისთვის ?
-ჩვენი გზავნილი სრულიად გულწრფელია : „დააკვირდით ბათუმს – ნახავთ, რა დონეზეა განვითარება, რამდენი მილიარდი ჩაიდო ამ ქალაქში და რამდენად გამორჩეული გახდა შავი ზღვის სანაპირო. დაფიქრდით, სად იქნებოდა სოხუმი ამ წლებში, რომ განვითარება არ შეჩერებულიყო.“
აფხაზები თავად ხედავენ ამ ყველაფერს, ისინი ყოველ სეზონზე ჩამოდიან ბათუმში და საკუთარი თვალით ხედავენ ამ პროგრესს.
გარდა ამისა, სამედიცინო პროგრამების ფარგლებში, აფხაზეთიდან თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა შეხება ქართულ სამედიცინო სერვისებთან. ეს არა მხოლოდ დახმარებაა, ეს არის ნამდვილი ჰუმანური ინიციატივა, რომელსაც უზარმაზარი დადებითი გავლენა აქვს ნდობის აღდგენაზე.
ასევე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოსთან და იმ გამორჩეულ ადამიანებთან, ვინც უზარმაზარ როლს თამაშობენ მომავალ შერიგებაში : პოლკოვნიკი, ბატონი გია გოგოლაშვილი, გენერალი დავით გულუა, ბატონი რევაზ ჩხეტია და სხვები.
მათი ხმა, მათი გამოცდილება და მათი ავტორიტეტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ წინაპირობის შესაქმნელად, სადაც ერთმანეთის მიმართ ნდობა გაღრმავდება და აფხაზები ჩვენთან ერთად ივლიან საერთო მიზნისკენ.
ჩვენ გულებით უნდა მივიდეთ გულებთან აფხაზეთში.
იმისათვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი, ქართველებს და აფხაზებს გვაქვს ვალდებულება – მშვიდიბით, სიყვარულით და ერთმანეთის ნდობით შევქმნათ ახალი რეალობა და გავერთიანდეთ არა ძალით, არამედ იმ სიყვარულით, ერთობით და ნდობით, როგორითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.
P.S. გულისხმიერი მინისტრის ღიაობა.

ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”




