
პოლიტიკის არცოდნა – ჩვენი ყველაზე დიდი პოლიტიკური სისუსტე
დიდი ხანია, რაც თომას მაგშტადტის „გავიგოთ პოლიტიკა“ წავიკითხე. პოლიტიკის ფილოსოფიასაც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ვსწავლობდი – ინტერესით, კითხვით, დაკვირვებით. ალბათ ამიტომაც დღეს განსაკუთრებით მაფიქრებს ერთი რამ :
ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკის შესახებ ბევრი საუბარია, მაგრამ პოლიტიკის ცოდნა – ძალიან ცოტა.
ვიცით პოლიტიკოსების სახელები. ვიცით, ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ ვისთან არის დაახლოებული, ვის აქვს გავლენა, ვინ ვის ებრძვის. ზოგჯერ პოლიტიკოსთან პირად ნაცნობობასაც კი პოლიტიკური ძალის ნიშნად მივიჩნევთ.
მაგრამ ყველაზე მთავარი ხშირად არ ვიცით :
ვინ ვართ ჩვენ ამ პოლიტიკაში ?
რა ძალა აქვს ჩვენს ხმას ?
რას ნიშნავს მოქალაქეობა ?
რა არის პოლიტიკური კულტურა ?
რა განსხვავებაა ლიდერის მხარდაჭერასა და პოლიტიკური კერპის შექმნას შორის ?
და საერთოდ — სად მთავრდება პოლიტიკოსის ძალაუფლება და სად იწყება მოქალაქის პასუხისმგებლობა ?
აი, სწორედ აქ არის ჩვენი პრობლემა.
პოლიტიკა მხოლოდ პარლამენტში, მთავრობის შენობაში ან საარჩევნო უბანზე არ ხდება. პოლიტიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია — ეკონომიკაში, განათლებაში, მედიაში, ბიზნესში, რელიგიაში, სპორტში, კულტურაში და იმ გადაწყვეტილებებშიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით პოლიტიკასთან საერთოდ არ გვაკავშირებს.
მაგრამ ჩვენ ხშირად პოლიტიკას პიროვნებამდე ვამცირებთ.
ვიღებთ პოლიტიკოსს, მოგვწონს, ვაფეტიშებთ, ვქმნით მისგან „მხსნელს“ და მერე მის მიმართ კრიტიკას საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ შეტევად აღვიქვამთ.
შემდეგ კი, როცა ეს პოლიტიკოსი პოლიტიკიდან მიდის ან გავლენას კარგავს, იგივე საზოგადოება, რომელმაც გუშინ კერპად აქცია, დღეს მის განადგურებაში მონაწილეობს.
ეს მხოლოდ პოლიტიკოსის პრობლემა არ არის.
ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა.
სანამ პოლიტიკოსს მოქალაქედ კი არა, მხსნელად ვუყურებთ, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას კი არ ვაშენებთ — ბელადს ველოდებით.
ჯერ ერთი გვჯეროდა ერთის. მერე მეორის. შემდეგ მესამის.
და ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ სადღაც, რაღაც მითიური ადგილიდან, ჩვენი მხსნელი გამოჩნდებოდა და ქვეყანას თავად გადაარჩენდა.
ხანდახან მგონია, რომ დღემდე ბაზალეთის ტბას ვუყურებთ და ველოდებით, როდის ამოყვინთავს იქიდან ჩვენი მორიგი მხსნელი.
მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი კითხვა ეს არ უნდა იყოს :
„ვინ გვიშველის ?“
მთავარი კითხვა უნდა იყოს :
„რა შეგვიძლია ჩვენ ?“
ეს არის განსხვავება მოქალაქესა და პოლიტიკური გულშემატკივრის შორის.
მოქალაქე პოლიტიკოსს არ ეთაყვანება.
მოქალაქე მას აკვირდება.
უსმენს.
აფასებს.
აკრიტიკებს.
და ბოლოს — ხმას აძლევს ან არ აძლევს.
პოლიტიკოსი მოქალაქის მსახურია და არა მისი ბელადი.
ამიტომაც განსაკუთრებით სახიფათოა ის, რასაც დღეს ვხედავთ — ძველი, გაცვეთილი პოლიტიკური
სახეების ისევ და ისევ დაბრუნება.
თითქოს ამ ქვეყანას ახალი თაობა აღარ ჰყავს. თითქოს პოლიტიკაში მხოლოდ ის ადამიანები არსებობენ, რომლებმაც უკვე ერთხელ ან რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ბედის განსაზღვრაში.
ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება შეცდომა დაუშვა. ზოგიერთმა — ქვეყანა იმედგაცრუებაში დატოვა. ზოგიერთმა უბრალოდ დრო მოჭამა.
მაგრამ ჩვენ ისევ მათ ვაბრუნებთ.
რატომ ?
იმიტომ, რომ ახალი თაობის პოლიტიკური მომზადება არ გვქონია.
პოლიტიკა არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ პარტიის ოფისში, ტელევიზიის სტუდიაში ან სოციალური ქსელის ემოციურ პოსტებში.
პოლიტიკა უნდა ისწავლებოდეს მოქალაქეობიდან.
ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რა არის სახელმწიფო – როგორ მუშაობს ხელისუფლება; რა არის კონსტიტუცია; რას ნიშნავს არჩევნები; როგორ მუშაობს ინსტიტუტები; რა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა; რა განსხვავებაა დემოკრატიასა და უმრავლესობის უბრალო მმართველობას შორის.
უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიის დასასრული კი არა, მისი ბუნებრივი ნაწილია.
და ყველაზე მთავარი — უნდა იცოდეს, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ არის შეუცვლელი. არც ერთი.
თუ საზოგადოება მუდმივად ერთი ადამიანის მოლოდინშია, პრობლემა მხოლოდ იმ ადამიანში არ არის.
პრობლემა საზოგადოებაშია, რომელმაც საკუთარი ძალა ვერ დაინახა.
ამიტომ დღეს ჩვენ უფრო მეტი პოლიტიკური განათლება გვჭირდება და ნაკლები პოლიტიკური ფანატიზმი.
გვჭირდება მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკოსებს კითხვებს დაუსვამენ და არა ტაშს დაუკრავენ.
გვჭირდება ადამიანები, რომლებიც პროგრამას წაიკითხავენ და არა მხოლოდ გვარს.
გვჭირდება საზოგადოება, რომელიც ლიდერს კი არ შექმნის კერპად, არამედ შექმნის სისტემას, სადაც ლიდერსაც ექნება პასუხისმგებლობა.
და თუ ამას ვერ ვისწავლით, ისევ ძალიან ადვილად ვიქნებით სამართავი.
რადგან პოლიტიკის უცოდინარი მოქალაქე ყოველთვის უფრო ადვილი სამართავია, ვიდრე განათლებული მოქალაქე, რომელმაც იცის საკუთარი ძალა.
პოლიტიკური განათლება ფუფუნება არ არის.
ეს ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მომავლის საკითხია.
და სანამ ამას ვერ გავაცნობიერებთ, ისევ ვეძებთ მხსნელს.
სხვადასხვა სახელით.
სხვადასხვა სახით.
მაგრამ ერთი და იგივე მოლოდინით.
არადა, დემოკრატიის ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის, რომ ქვეყანას მხსნელი კი არა, განათლებული
მოქალაქე სჭირდება.
,,GEO NEWS”-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, დათო ქაქუთია

P.S. ,,GEO NEWS” ულოცავს იუბილეს დათო ქაქუთიას – უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას და უამრავ ლამაზ დღეს !
,,GEO NEWS”





