
,,GEO NEWS”-ის რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვები
,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :
იურისტი – ალექსანდრე კობაიძე;
,,პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ახალი პრეზიდენტის არჩევას, რაც წარმავალი წლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახლდათ. როგორც იქნა, პატრიოტი და საქართველოზე შეყვარებული ღირსეული პრეზიდენტი გვყავს, რომელიც სამშობლოს არ გაყიდის და მერე ამით არ იამაყებს.
2025 წელს ვისურვებდი, რომ მშვიდობა იყოს. ასევე ვისურვებდი, რომ ეკონომიკურად წარმატებული წელი ყოფილიყოს და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა გამთლიანებულიყოს – ეს არის მთავარი ოცნება და მე მგონია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ჩვენი ოცნება რეალობად იქცევა, რითაც ყველა ქართველი გაიხარებს. თითოეული ჩვენი მოქალაქის ნალოლიავები ოცნება ახდება”.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი – დავით ჩიხელიძე;
ახალ 2025 წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ჩვენ სახელმწიფოს გამოწვევებით სავსე 2024 წელი ჰქონდა, შესაძლოა თავისუფლად ვთქვათ, რომ ეს იყო თვითგამორკვევის წელი, რომელიც საქართველოსთვის გარდამტეხ პერიოდად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენმა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებზე სწორი რეაგირება მოახდინა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი და შეგვახსენა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა ვართ, რომელიც არა ვინმეს კარნახით, არამედ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს ! 2024 წელს, საქართველომ ცალფეხზე დგომას, ორ ფეხზე მყარად დგომა არჩია ! რაც ახალი საქართველოს დაბადების საწყისია !
2024 წელს საქართველოში არჩევნები რეფერენდუმი გაიმართა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი, 40-50 წლის განსაზღვრა შეეძლო. საქართველომ მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია აირჩია. მეორე მხარეს კი ომი, ქვეყნის განადგურება და წარსულში დაბრუნება იყო !
მტკიცედ მწამს, 2025 წელს საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება და ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს, სადაც ამოსავალი წერტილი კვლავ ქართველი ადამიანი იქნება და არა უცხო ქვეყნის აგენტურის სურვილები.
მსურს ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენს ძვირფას აფხაზ და ოს ძმებს კიდევ ერთხელ მივულოცო ახალი წელი, ვუსურვო კეთილდღეობა, წარმატება და წინსვლა ! მწამს, 2025 წელი დიდი შერიგების, ეკონომიკური წინსვლის და წარმატებების წელი იქნება !
პატივი და პრივილეგიაა იყო ქართველი!

პოლიტიკოსი – სულხან კოჩალიძე;
,,გილოცავთ 2025 წელს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ბედნიერება, წინსვლა, ყველაფერი კარგი შემოეტანოს ამ წელს ჩვენი ქვეყნისთვის.
ქართველების სანუკვარი სურვილები ასრულებულიყოს და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისაკენ 2025 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგეს”

p.s. ჩვენი რესპონდენტების საახალწლო მილოცვები ნაწილ-ნაწილ აიტვირთება და განთავსდება საიტზე.
მოამზადეს -ირაკლი გუნიამ, ირაკლი გიორგაძემ
,,GEO NEWS”




