• August

    11

    2026
  • 96
  • 0
გიგა ავალიანის საქმე : პროკურატურის პროფესიონალიზმი და პრინციპულობა სისტემური მართლმსაჯულების გზაზე

გიგა ავალიანის საქმე : პროკურატურის პროფესიონალიზმი და პრინციპულობა სისტემური მართლმსაჯულების გზაზე

გიგა ავალიანის საქმე – პროკურატურა სისტემური მართლმსაჯულების ახალი სტანდარტის გზაზე !

გიგა ავალიანის ტრაგიკული გარდაცვალების საქმე ქართული სისხლის სამართლის პრაქტიკისთვის მხოლოდ ერთი მძიმე დანაშაულის გამოძიება არ არის. ეს არის საქმე, რომელიც სამართალდამცავი სისტემის წინაშე ერთდროულად რამდენიმე რთულ ამოცანას აყენებს :

უნდა დადგინდეს უშუალო აღმსრულებლების პასუხისმგებლობა, გამოიკვეთოს დანაშაულის დაგეგმვისა და ორგანიზების სრული სურათი, შეფასდეს შესაძლო ხელშემწყობთა როლი, გამოირიცხოს დანაშაულის დაფარვა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეული პირის პასუხისმგებლობა დადგინდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით.

სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაო.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულია დაახლოებით ასი მოწმე და დანიშნული და მიღებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები.

სრულფასოვანი გამოძიების შედეგად კი საქმე თანდათანობით გავიდა ერთი კონკრეტული თავდასხმის ფარგლებს მიღმა და გამოიკვეთა ძალადობრივი ქმედებების უფრო ფართო სქემა.

ეს არის ის მომენტი, როდესაც სისხლის სამართლის პოლიტიკის შეფასება მხოლოდ დაკავებულთა რაოდენობით ან ბრალდების სიმკაცრით აღარ შეიძლება.

საქმის მთავარი სამართლებრივი ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რამდენად შეძლებს სახელმწიფო დანაშაულის სრული სტრუქტურის რეკონსტრუქციას.

გიგა ავალიანის მკვლელობა, ანუ სამართლებრივად დადასტურებული ფაქტობრივი ბირთვი
საჯაროდ გამოქვეყნებული ოფიციალური მასალების მიხედვით :

2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე გიგა ავალიანს ზღვისუბნის ტერიტორიაზე გაჰყვნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, დაახლოებით 22:20 საათზე გაბაშვილმა ავალიანს შუბლის არეში დაარტყა, რის შედეგადაც იგი დაეცა და გონება დაკარგა. რიკაძე აღნიშნულ პროცესს ტელეფონით იღებდა. მოგვიანებით მოპოვებული ვიდეოჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები გამოყენებულ იქნა შემთხვევის რეკონსტრუქციისთვის. გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა და მარჯვენა შუბლის ძვლის სრული მოტეხილობა დაადგინა.

აქ უკვე იკვეთება პირველი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დასკვნა : გამოძიება არ დაყრდნობია მხოლოდ ცალკეული პირების ჩვენებებს. საქმეში არსებობდა ვიდეომასალა, სატელეფონო მონაცემები, ექსპერტიზა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში უნდა შეფასდეს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

სწორედ ასეთი მიდგომა განასხვავებს სამართლებრივ გამოძიებას საზოგადოებრივი ემოციისგან.

აღმსრულებლიდან დანაშაულის ორგანიზაციულ სურათამდე :

საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ გამოძიებამ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება არ განიხილა მხოლოდ როგორც სპონტანური კონფლიქტი.

პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმამდე განხორციელდა მისი იდენტიფიცირება, სოციალური ქსელებიდან ინფორმაციის მოძიება, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, სამუშაო გრაფიკის შესწავლა, გადაადგილების მარშრუტის გარკვევა და თავდასხმის ადგილის შერჩევა.

უფრო მეტიც, 29 სექტემბერს განხორციელებული მცდელობის შემდეგ 1 ოქტომბერს თავდასხმა უკვე განხორციელდა.

სამართლებრივად ეს გარემოებები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შესაძლოა მიუთითებდეს არა შემთხვევით ძალადობაზე, არამედ წინასწარ ჩამოყალიბებულ განზრახვაზე.

სწორედ აქ იწყება პროკურატურის ყველაზე რთული სამუშაო. საქმე აღარ არის მხოლოდ კითხვაზე, ვინ დაარტყა გიგა ავალიანს ?

უფრო რთული კითხვებია :

ვინ დააორგანიზა დანაშაულის განხორციელების პირობები ?

ვინ მიაწოდა ინფორმაცია ?

ვინ იცოდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ?

ვინ შეუწყო ხელი მის მომზადებას ან განხორციელებას ?

იყო თუ არა სხვა პირი დანაშაულის ორგანიზატორი, წამქეზებელი ან თანამონაწილე ?

და ბოლოს – არსებობდა თუ არა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მოქმედებებიც გიგა ავალიანის შემთხვევამდე და მის შემდეგაც გრძელდებოდა ?

პროკურატურის ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რომ გამოძიებამ სწორედ ამ მიმართულებით გააფართოვა საქმის ფარგლები.

ძალადობის განმეორებადი მოდელი, შემთხვევითი ეპიზოდი თუ დანაშაულებრივი პრაქტიკა ?

2026 წლის თებერვალში პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა სხვა ძალადობრივი ფაქტებიც.

ოფიციალური ვერსიით, გარკვეული ჯგუფი წინასწარ არჩევდა მათთვის მიუღებელ პირებს, სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით მათ შეხვედრაზე იტყუებდა და შემდეგ ჯგუფურად უსწორდებოდა. ძალადობის ნაწილი მობილური ტელეფონებით იწერებოდა და ჩანაწერები ვრცელდებოდა დახურულ ჯგუფებსა და ახლო წრეში.

თუ სასამართლოში ეს გარემოებები საბოლოოდ დადასტურდება, მაშინ გიგა ავალიანის საქმე უკვე სრულიად სხვა სამართლებრივ განზომილებაში გადადის.

საქმე აღარ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ისტორია. ის შეიძლება გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არასრულწლოვანთა ჯგუფში ჩამოყალიბდეს ძალადობრივი ქცევის ორგანიზებული მოდელი, სადაც არსებობს სამიზნის შერჩევა, ინფორმაციის შეგროვება, მოტყუებით შეხვედრის ორგანიზება, თავდასხმა, ძალადობის ჩაწერა და მისი შემდგომი გავრცელება.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მხოლოდ კონკრეტული დარტყმისთვის კონკრეტული პირის დასჯით არ ამოიწურება – სახელმწიფომ უნდა დაადგინოს მთელი მექანიზმი.

გიორგი მალანიას ეპიზოდი – პრინციპი, რომ გამოძიება გვარებს არ არჩევს :

საქმის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ახალი მიმართულებაა არასრულწლოვანი გიორგი მალანიას დაკავება.

2026 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაკავშირებულია ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებასთან.

სხდომა არასრულწლოვანების გამო დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით ამ ეპიზოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ოჯახური კონტექსტის გამო, საჯარო სივრცეში გიორგი მალანია დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, მის მამასთან.

მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აქ ერთი პრინციპი უნდა იყოს გადამწყვეტი :

პირის პასუხისმგებლობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს მის გვარს, ოჯახის სტატუსს, ან მშობლის ყოფილ თანამდებობას.

თუ გამოძიებას გააჩნია საკმარისი მტკიცებულება, სამართლებრივი რეაგირება უნდა განხორციელდეს.
თუ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია.

სწორედ ამიტომ გიორგი მალანიას საქმეში პროკურატურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა დაკავების ფაქტი, არამედ ის იქნება, შეძლებს თუ არა ბრალდების მხარე სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით აჩვენოს მისი ინდივიდუალური როლი.

ამგვარი მიდგომა, თავის მხრივ, აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა შეიძლება იყოს ერთდროულად მკაცრი და სამართლებრივი.

ნია იმნაძე – საქმის ყველაზე რთული სამართლებრივი წერტილი :

გიგა ავალიანის საქმის ყველაზე რთულ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ნია იმნაძის ეპიზოდი.

აქ ერთმანეთთან იკვეთება სამი განსაკუთრებული გარემოება :

პირველი – პირის შესაძლო წინასწარ ინფორმაციული როლი დანაშაულის წინაპირობების შექმნაში, სავარაუდო წაქეზება, დანაშაულისკენ მოწოდება;

მეორე – შესაძლო ცოდნა ან დამოკიდებულება მოსალოდნელ ძალადობასთან დაკავშირებით;

მესამე – არასრულწლოვნის საპროცესო სტატუსი.

პროკურატურის ოფიციალური სასამართლოში წარდგენილი ვერსიით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისგან შეიტყო, რომ გიგა ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდა და რომ, მისი გადმოცემით, ავალიანი მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ეს გარემოება საქმის ფაქტობრივ სურათში გაითვალისწინა.

მაგრამ აქ აუცილებელია ძალიან ზუსტი სამართლებრივი ზღვრის გავლება.

ინფორმაციის მიწოდება თავისთავად ავტომატურად არ ნიშნავს მკვლელობის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თანამონაწილეობას.

იმისთვის, რომ პირის მიმართ წაყენებული იყოს წამქეზებლობის, დახმარების ან სხვა ფორმის თანამონაწილეობის სამართლებრივი კონსტრუქცია, საჭიროა კონკრეტული სუბიექტური და ობიექტური გარემოებების დამტკიცება.

სწორედ ამიტომ, თუ გამოძიებას გააჩნია ნია იმნაძისა და სხვა პირების საუბრის ჩანაწერი ან სხვა კომუნიკაცია, მისი მნიშვნელობა უნდა შეფასდეს არა ემოციური შინაარსით, არამედ მისი :

მოპოვების კანონიერებით;
ავთენტიკურობით;
კონტექსტით;
მთლიანობით;
სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობით;
და განსაკუთრებით იმით, რას ადასტურებს იგი კონკრეტული პირის განზრახვის შესახებ.

თავისთავად ცხადია, პროკურატურის მიერ მითითება წინასწარ გაცნობიერებულად ნია იმნაძის მიერ საკუთარი შეყვარებულისთვის ისეთი სახის ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც დიდი ალბათობით სისხლისსამართლის დანაშაულის წინაპირობა გახდებოდა არსებითი და მნიშვნელოვანია, რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს. 

ფარული საგამოძიებო მოქმედება – ძლიერი მტკიცებულება მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როდესაც ის კანონიერია.

თუ საქმეში მართლაც გამოყენებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათი მნიშვნელობა ავტომატურად არ ნიშნავს მტკიცებულების უპირობო უპირატესობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით ადგენს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებს, კონტროლისა და დოკუმენტირების მოთხოვნებს.

მოქმედი კანონმდებლობა ასევე მოითხოვს, რომ გამოძიებასთან კავშირის არმქონე კომუნიკაციისა და პირების მონიტორინგი მაქსიმალურად შეიზღუდოს.

ამიტომ პროკურატურის პროფესიონალიზმი სწორედ აქ უნდა შეფასდეს : არა მხოლოდ იმით, რა მოიპოვა გამოძიებამ, არამედ იმითაც, როგორ მოიპოვა.

კანონიერად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სხვა დამოუკიდებელ მტკიცებულებებს ემთხვევა, შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს.

მაგრამ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი, თუნდაც მისი შინაარსი ბრალდების ვერსიას ემთხვეოდეს, ვერ გახდება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის საიმედო საფუძველი.

ამიტომ პროკურატურისთვის ამ საქმეში ყველაზე ძლიერი პოზიცია იქნება არა „ჩვენ გვაქვს ჩანაწერი“, არამედ :

„ჩვენ გვაქვს კანონიერად მოპოვებული, ავთენტიკური, კონტექსტურად სანდო ჩანაწერი, რომლის შინაარსიც სხვა დამოუკიდებელი მტკიცებულებებით დასტურდება“.

ეს უკვე არის მტკიცების სტანდარტის პროფესიული გაგება.

არასრულწლოვანი ბრალდებული – სიმკაცრე სწორედ კანონიერების დაცვას ნიშნავს :

ნია იმნაძის ან სხვა არასრულწლოვნის მიმართ სამართლებრივი დევნა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ გამოწვევას ქმნის.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პირდაპირ ადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, თანაზომიერების პრინციპს და ყველაზე მსუბუქი საშუალების პრიორიტეტს.

თავისუფლების აღკვეთა კი არასრულწლოვნის მიმართ უკიდურეს ღონისძიებად არის განსაზღვრული და უნდა გამოიყენებოდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადითა და რეგულარული გადასინჯვით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფილტრია.

სწორედ ამიტომ, როდესაც პროკურატურა არასრულწლოვანთან მიმართებით მიდის მკაცრი საპროცესო ღონისძიების გამოყენებამდე, საზოგადოებას აქვს უფლება ელოდოს განსაკუთრებულად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

მაგრამ მეორე მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია : არასრულწლოვანობა არ ნიშნავს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ავტომატურ გამორიცხვას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზანი არის არა დანაშაულის იგნორირება, არამედ სამართლიანობისა და არასრულწლოვნის დაცვის პრინციპების ერთმანეთთან დაბალანსება.

ამიტომ სწორედ ასეთი საქმეები აჩვენებს, რამდენად პროფესიონალურად მუშაობს სახელმწიფო.

ნია იმნაძის სასამართლოში იძულებით მოყვანის ეპიზოდიც ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს.

2026 წლის მაისში სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის სასამართლოში იძულებით მოყვანის შესახებ, მას შემდეგ, რაც იგი სასამართლოში ნებაყოფლობით არ გამოცხადდა. მოგვიანებით იგი სასამართლოში მივიდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

აქაც მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მიდგომა. იძულებითი მოყვანა თავისთავად არ არის „დასჯა“.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის გამოცხადება კანონით გათვალისწინებული საპროცესო ვალდებულებაა და არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, ასეთი ღონისძიება შეიძლება წარმოადგენდეს პროცესის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს.

სწორედ ამიტომ, პროკურატურის მოქმედების შეფასებისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ :

საპროცესო იძულება – და დასჯა;
ბრალდება – და გამამტყუნებელი განაჩენი;
ეჭვი – და სასამართლოში დადასტურებული ფაქტი.

ეს განსხვავებები სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია.

უკვე მიღებული სასამართლოს აქტები

პროკურატურის მტკიცებულებითი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ტესტი :

2026 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გაბაშვილსა და რიკაძეს 14-14 წლით, ხოლო ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ მათ შესაბამისად 10 წლითა და 6 თვით და 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ეს შედეგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასჯელის მოცულობის გამო.

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებითი კონსტრუქცია გაიზიარა.

ეს კი გვაძლევს საფუძველს დავასკვნად, რომ გამოძიების მიერ თავდაპირველად შეკრებილი მასალა სასამართლოში მტკიცებულებათა სისტემურ ერთობლიობად ჩამოყალიბდა.

პროკურატურის პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი – საქმის ღიად დატოვებული ბოლო წერტილი :

გიგა ავალიანის საქმეზე პროკურატურის ოფიციალურ განცხადებებში არაერთხელ გაკეთდა მნიშვნელოვანი დათქმა :

თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზება, თანამონაწილეობა თუ სხვა დანაშაულებრივი მიმართულება, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ეს ფრაზა სამართლებრივად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

იგი ნიშნავს, რომ გამოძიება არ უნდა დასრულდეს მხოლოდ იმ პირების დასჯით, რომელთა როლიც უკვე დადგენილია.

სწორი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა სწორედ იმას გულისხმობს, რომ გამოძიებამ მუდმივად დასვას კითხვა :

არსებობს თუ არა სხვა პირის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი ?

თუ არსებობს, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.
თუ არ არსებობს – სახელმწიფომ უნდა შეძლოს ამის დასაბუთება.

ეს არის პრინციპი, რომელიც თანაბრად გამორიცხავს როგორც დამნაშავის დაუსჯელობას, ისე უდანაშაულო პირის უსაფუძვლო დევნას.

გიორგი გვარაკიძე და ახალი საპროკურორო პასუხისმგებლობის ეტაპი :

გიგა ავალიანის საქმის საბოლოო შეფასებისას ცალკე ყურადღებას იმსახურებს საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინსტიტუციური როლი.

გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში 2003 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული გზა მოიცავს საგამოძიებო მიმართულებით მუშაობას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში, ასევე სახელმწიფო ინსპექტორისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემებში.

2025 წლის ივნისში იგი საქართველოს გენერალურ პროკურორად აირჩიეს.

ამ პროფესიული ბიოგრაფიის ფონზე მისი როლი ამ საქმეში შეიძლება შეფასდეს არა როგორც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ყოველდღიური გამომძიებლის როლი, არამედ როგორც საპროკურორო სისტემის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განსაკუთრებით რთულ საქმეებში მტკიცებულებითი, საპროცესო და ინსტიტუციური სტანდარტები შენარჩუნდეს.

სწორედ ეს არის გენერალური პროკურორის მთავარი ფუნქციური ამოცანა :

არ დაუშვას არც დანაშაულის დაუსჯელობა და არც სისხლისსამართლებრივი დევნის გადაქცევა წინასწარ განსაზღვრული შედეგის მისაღებ ინსტრუმენტად.

ამ თვალსაზრისით, გვარაკიძის ხელმძღვანელობის პერიოდში ავალიანის საქმეში მნიშვნელოვანი მიმართულება არის გამოძიების ეტაპობრივი გაფართოება – უშუალო თავდასხმიდან შესაძლო ორგანიზაციულ კავშირებამდე, სხვა ძალადობრივი ეპიზოდების გამოვლენამდე და ახალი ფიგურანტების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დასმამდე.

მთავარი კითხვა : რამდენად შორს უნდა წავიდეს გამოძიება ?

ამ საქმის მთავარი სამართლებრივი კითხვა შესაძლოა სწორედ ეს გახდეს.

გამოძიებამ უნდა მიაღწიოს იქამდე, სადაც მთავრდება კონკრეტული მტკიცებულების სამართლებრივი შესაძლებლობა, და არა იქამდე, სადაც მთავრდება საზოგადოებრივი ინტერესი.

თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა სხვა ადამიანს, ეს ერთია.
თუ დადასტურდება, რომ მან იცოდა კონკრეტული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ და შეგნებულად შეუწყო ხელი მის განხორციელებას – ეს უკვე სხვა სამართლებრივი რეალობაა.

თუ დადასტურდება, რომ პირს ჰქონდა დანაშაულის შედეგის სურვილი ან შეგნებული დაშვება და მისი ქმედება მიზეზობრივად და განზრახვით უკავშირდება დანაშაულს – მაშინ სამართლებრივი შეფასებაც შესაბამისად იცვლება.

მაგრამ თითოეული ეს საფეხური უნდა დამტკიცდეს.

სისხლის სამართალში ინტუიცია არ ცვლის მტკიცებულებას.

საზოგადოებრივი აღშფოთება არ ცვლის სასამართლოს.

მძიმე შედეგი არ ცვლის დანაშაულის სუბიექტური მხარის დამტკიცების აუცილებლობას.

და სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს პროფესიონალური პროკურატურის ძალა.

დასკვნა – მკაცრი სახელმწიფო, მაგრამ სამართლის ფარგლებში :

გიგა ავალიანის საქმე ტრაგედიაა პირველ რიგში, მაგრამ ტრაგედიიდან სამართლებრივი სახელმწიფოსთვის გაკვეთილის მიღება შესაძლებელია.

ეს საქმე აჩვენებს, რომ თანამედროვე სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა მხოლოდ უშუალო აღმსრულებლის იდენტიფიცირებასა და დაკავებას აღარ შეიძლება გულისხმობდეს.

საჭიროა დანაშაულის სრული გენეზისის დადგენა :

ვინ შექმნა კონფლიქტის საფუძველი;

ვინ მიაწოდა ინფორმაცია;

ვინ დაგეგმა;

ვინ მოამზადა;

ვინ განახორციელა;

ვინ დაეხმარა;

ვინ იცოდა;

ვინ დამალა;

და არსებობდა თუ არა უფრო ფართო ძალადობრივი ქსელი.

ამასთანავე, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთი მკაფიო წითელი ხაზის ფარგლებში, ანუ კანონის ფარგლებში.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის გზა, რომელიც ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ უკვე გაიარა :
ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მრავალრიცხოვანი მოწმეები, ექსპერტიზები, ვიდეომასალა, ციფრული მტკიცებულებები, დამატებითი ძალადობრივი ეპიზოდების გამოვლენა, ახალი პირების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და სასამართლოში უკვე მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები.

ამ პროცესში გიორგი გვარაკიძის ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურის მთავარი გამოწვევა და ამავე დროს მისი ინსტიტუციური ძალა სწორედ ერთ რამეში მდგომარეობს :

არც ერთი დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიება რთულია, და არც ერთი ადამიანი არ იქნეს მსჯავრდებული მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას პასუხი სჭირდება.

სამართლიანობა სწორედ ამ ორ ზღვარს შორის არსებობს.

გიგა ავალიანის საქმე კი სწორედ ამიტომ შეიძლება იქცეს ქართული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის მნიშვნელოვან მაგალითად – საქმედ, რომელშიც სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ ის, რომ შეუძლია დამნაშავის პოვნა, არამედ ისიც, რომ შეუძლია სიმართლის დადგენა რთულ, მრავალშრიან და განსაკუთრებით სენსიტიურ საქმეში.

და საბოლოო სიტყვა, როგორც ეს სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს, ეკუთვნის სასამართლოს.

ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor