• September

    21

    2026
  • 19
  • 0
ექსკლუზივი : პაციენტ როსტომ ბაქრაძის საქმე – შერჩება თუ არა ექიმ მიხეილ ხუჯაძეს ,,ყაზბობა” ამჯერადაც ?

ექსკლუზივი : პაციენტ როსტომ ბაქრაძის საქმე – შერჩება თუ არა ექიმ მიხეილ ხუჯაძეს ,,ყაზბობა” ამჯერადაც ?

ექსკლუზივი : ერთი ოპერაცია, მრავალი კითხვა – რა მოხდა ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში პაციენტ როსტომ ბაქრაძის ოპერაციის  დროს და ჰქონდა თუ არა ოტორინოლარინგოლოგის სერთიფიკატის მქონე ექიმ მიხეილ ხუჯაძეს ასეთი მასშტაბის ქირურგიული ჩარევის განხორციელების უფლება ?
ექიმის მიერ გაუბედურებული ერთი სიცოცხლის ამბავი,,GEO NEWS”-ის საგამოძიებო მასალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პაციენტ როსტომ ბაქრაძის სარჩელი ჟურნალისტი ეკა ხოფერიას მეუღლისა და თავდაჯერებული ექიმი მიხეილ ხუჯაძისა და მისი „ ფრანგულ – გერმანული“ კლინიკის წინააღმდეგ.

სამედიცინო სფეროში ყველაზე მძიმე კითხვები მაშინ ჩნდება, როდესაც პაციენტი საოპერაციოში ერთი დიაგნოზით შედის, ოპერაციის ოფიციალურ დოკუმენტში ერთი ტიპის ჩარევა ფიქსირდება, ხოლო ოპერაციის დეტალური აღწერა უკვე სრულიად სხვა მასშტაბის ქირურგიულ მოქმედებებს გვიჩვენებს.

როსტომ ბაქრაძის შემთხვევა სწორედ ასეთი კითხვების წინაშე გვაყენებს.

,,GEO NEWS”-ის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და მოწვეული სამედიცინო ექსპერტის მიერ მომზადებული წინასაექსპერტო პროფესიული შეფასების თანახმად, 2026 წლის 22 იანვარს პაციენტს ექიმ მიხეილ ხუჯაძის მიერ ჩაუტარდა კისრის მიდამოს ქირურგიული ჩარევა, რომლის ოფიციალურ სახელწოდებად მითითებულია „კისრის ლიმფური კვანძების ამოკვეთა“.

თუმცა, იმავე ოპერაციის დეტალური აღწერა გაცილებით მასშტაბურ სურათს გვიჩვენებს.

დოკუმენტში აღწერილია კისრის ღრმა სტრუქტურების დისექცია, შიგნითა საუღლე ვენის სრული ოკლუზიის აღმოჩენა და შემდგომ მისი რეზექცია, გარეთა საუღლე ვენის ლიგირება, აგრეთვე კუნთოვანი ქსოვილების, მათ შორის მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების, დანეკროზებული ნაწილის ამოკვეთა.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა :

იყო თუ არა ასეთი მოცულობის ოპერაციის დამოუკიდებლად ჩატარება ექიმ მიხეილ ხუჯაძის პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში ?

და მეორე, კიდევ უფრო მძიმე კითხვა :

რა სამედიცინო საფუძვლით და რა წინასაოპერაციო დიაგნოზის პირობებში მივიდა ოპერაცია ლიმფური კვანძის ამოკვეთიდან მაგისტრალური ვენური სისხლძარღვის რეზექციამდე ?

დოკუმენტებში აღწერილი ოპერაცია და მისი რეალური მასშტაბი :

2026 წლის 22 იანვრის ოპერაციის პროტოკოლში მითითებულია დიაგნოზი I88.9 – არასპეციფიკური, დაუზუსტებელი ლიმფადენიტი. ოპერაციის სახელწოდებად კი ფიქსირდება „კისრის ლიმფური კვანძების ამოკვეთა“.

მაგრამ დეტალური ოპერაციული აღწერა გაცილებით ფართო ჩარევაზე მიუთითებს.

დოკუმენტის თანახმად, ქირურგიული ჩარევის დროს განხორციელდა :

• კისრის მარჯვენა მიდამოს განაკვეთი;

• კისრის კანქვეშა და კუნთოვანი ფასციების აშრევება;
• საუღლე ვენისა და საძილე არტერიის იდენტიფიცირება;
• დაზიანებული ქსოვილების რეზექცია;
• შიგნითა საუღლე ვენის სრული ოკლუზიის აღმოჩენა;
• შიგნითა საუღლე ვენის რეზექცია;
• მისი ზედა და ქვედა ნაწილების გადაკვანძვა;
• გარეთა საუღლე ვენის ლიგირება;
• ნეკროზული ლიმფადენოპათიის ამოკვეთა;
• კუნთოვანი ქსოვილების რეზექცია;

• აქტიური დრენაჟის ჩადგმა.

ეს უკვე უბრალოდ „ლიმფური კვანძის ამოკვეთის“ საკითხი აღარ არის.

სწორედ ამიტომ წინასაექსპერტო შეფასებაში ( რომელიც ექსკუზიურად ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის ) ხაზგასმულია, რომ სამართლებრივი და სამედიცინო შეფასებისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ ოპერაციის დასახელებას, არამედ ფაქტობრივად განხორციელებული ჩარევის მოცულობას.

ექიმის პროფესიული კომპეტენცია – მთავარი სამართლებრივი კითხვა :

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება დაკავშირებულია ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატში მითითებულ სპეციალობასთან. წინასაექსპერტო შეფასება სწორედ ამ სამართლებრივი პრინციპიდან იწყებს საკითხის განხილვას.

ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ მოქმედ სპეციალობათა ნუსხაში ზოგადი ქირურგია და ოტორინოლარინგოლოგია დამოუკიდებელ სპეციალობებადაა ჩამოყალიბებული.
დოკუმენტის თანახმად, შესაბამის ნუსხაში ზოგადი ქირურგია № 8 სპეციალობად, ხოლო ოტორინოლარინგოლოგია № 13 სპეციალობად არის განსაზღვრული.
აქედან გამომდინარე, საკითხი არ უნდა იქნეს დაყვანილი მარტივ ფორმულამდე – „ENT ექიმს კისერზე ოპერაციის გაკეთება შეუძლია თუ არა“.
სწორი სამართლებრივი და პროფესიული კითხვა გაცილებით კონკრეტულია :

შედიოდა თუ არა კონკრეტულად ასეთი მოცულობის ღრმა კისრის ქირურგიული ჩარევა, მათ შორის შიგნითა საუღლე ვენის რეზექცია და გარეთა საუღლე ვენის ლიგირება, ოტორინოლარინგოლოგის დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის კანონიერ კომპეტენციაში ?

სწორედ ამ კითხვას სვამს წინასაექსპერტო შეფასებაც.

რატომ არის საუღლე ვენის რეზექცია საქმის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ?

სამედიცინო დოკუმენტაციაში პირდაპირ არის მითითებული შიგნითა საუღლე ვენის სრული ოკლუზია და ამის გათვალისწინებით მისი რეზექციის განხორციელება.

ამ გარემოების გამო ექსპერტისთვის ჩნდება მთელი რიგი კითხვები :

იყო თუ არა ვენის რეზექციის წინასწარი სამედიცინო ჩვენება ?

იყო თუ არა ვენის სრული ოკლუზია სათანადოდ დადასტურებული ?
რა კვლევით ან ინტრაოპერაციული მონაცემებით დადგინდა ეს მდგომარეობა ?
იყო თუ არა ვენის რეზექცია წინასწარ დაგეგმილი თუ გადაწყვეტილება უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას იქნა მიღებული ?
არსებობდა თუ არა ვენის შენარჩუნების შესაძლებლობა ?
იყო თუ არა საჭირო სისხლძარღვთა ქირურგის ან სხვა შესაბამისი სპეციალისტის ჩართვა ?

ეს კითხვები დოკუმენტში პირდაპირ არის დასმული და სწორედ მათი პასუხი უნდა გახდეს საბოლოო პროფესიული და სამართლებრივი შეფასების საფუძველი.

ერთი დიაგნოზი ოპერაციის დასაწყისში და სრულიად სხვა სურათი შემდგომ დოკუმენტებში :

საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება.

ოპერაციის ოფიციალურ პროტოკოლში ინტრაოპერაციულ დიაგნოზად მითითებულია არასპეციფიკური, დაუზუსტებელი ლიმფადენიტი.
ამავე დროს ოპერაციის აღწერაში საუბარია ნეკროზულ ლიმფადენოპათიაზე, ინფექციურ და ანთებით პროცესებზე, მნიშვნელოვან ადჰეზიებზე, კუნთების ნეკროზსა და შიგნითა საუღლე ვენის სრულ ოკლუზიაზე.

ეს გარემოება თავისთავად არ ამტკიცებს ექიმის მიერ დაშვებულ შეცდომას.

მაგრამ ის ქმნის საკითხს, რომელსაც ექსპერტიზა გვერდს ვერ აუვლის :

როგორ მივიდა ოპერაცია წინასწარ დაუზუსტებელი ლიმფადენიტის დიაგნოზიდან ისეთი მძიმე პათოლოგიური პროცესის აღმოჩენამდე, რომელმაც ღრმა ქსოვილების, ვენური სტრუქტურებისა და კუნთოვანი ქსოვილის ქირურგიული მართვა მოითხოვა ?

ეს არის არა ჟურნალისტის მიერ გამოტანილი განაჩენი, არამედ სამედიცინო დოკუმენტებიდან გამომდინარე ლეგიტიმური საგამოძიებო კითხვა.

 ყველაზე მძიმე ეპიზოდი – იყო თუ არა პაციენტისთვის სათანადო ონკოლოგიური დიაგნოსტიკა ჩატარებული ?

წინასაექსპერტო შეფასებაში მოყვანილი სხვა სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, როსტომ ბაქრაძეს შემდგომ დაუდგინდა ხორხის სუპრაგლოტიკური მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნე- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, T3N2M0 G2, IVA სტადია.

ეს გარემოება რადიკალურად ცვლის საქმის სამედიცინო კონტექსტს.

თუ პაციენტის კისრის ლიმფადენოპათია რეალურად დაკავშირებული იყო ონკოლოგიურ პროცესთან, მაშინ სრულიად ბუნებრივად ჩნდება კითხვა :
იყო თუ არა ოპერაციამდე ჩატარებული ყველა აუცილებელი გამოკვლევა საკმარისი იმისთვის, რომ ავთვისებიანი პროცესის არსებობა სათანადოდ შეფასებულიყო ?

წინასაექსპერტო შეფასება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წინასაოპერაციო დიაგნოსტიკის საკითხს და მიუთითებს, რომ შესაბამისი კვლევების, მათ შორის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიისა და შესაძლო სისხლძარღვოვანი ინვაზიის შეფასების აუცილებლობა ექსპერტიზის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული.

,,დაკარგული ოქროს დრო“ – ყველაზე მძიმე შედეგობრივი საკითხი :

საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თავად პაციენტის შემდგომ მდგომარეობას უკავშირდება.

წინასაექსპერტო შეფასებაში აღნიშნულია, რომ 22 იანვრის ოპერაციის შემდეგ პაციენტი გაწერილი იქნა არასპეციფიკური ლიმფადენიტის დიაგნოზით, ხოლო შემდგომ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია სიმსივნური პროცესის მკვეთრი პროგრესირება, რბილი ქსოვილების ინფილტრაცია, ძვლოვანი დესტრუქცია და შიგნითა საუღლე ვენის განმეორებითი ობლიტერაცია/თრომბოზი.

აქ უკვე ყველაზე მძიმე კითხვა მიზეზობრივ კავშირს ეხება :

შეუძლია თუ არა ექსპერტიზას დაადგინოს, გამოიწვია თუ არა 22 იანვრის სამედიცინო ჩარევამ ან არასწორმა/არასაკმარისმა დიაგნოსტიკურმა ტაქტიკამ ონკოლოგიური მკურნალობის დაწყების დაყოვნება და ამით პაციენტის მდგომარეობის გაუარესებაში ხელი შეუწყო ?

ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ დამოუკიდებელ, სრულფასოვან სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია.

ჟურნალისტური მასალა ამ პასუხს წინასწარ ვერ ჩაანაცვლებს.

ექიმი მხოლოდ ოპერატორი არ არის – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლინიკის დირექტორიც არის 

საქმეს დამატებით მნიშვნელობას სძენს ექიმ მიხეილ ხუჯაძის ორმაგი როლი, როგორც პაციენტის მკურნალობაში მონაწილე ექიმისა და კლინიკის ხელმძღვანელის.

როდესაც კლინიკის დირექტორი თავად ახორციელებს პაციენტზე სამედიცინო ჩარევას, პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ კონკრეტული ქირურგიული მოქმედებით არ შემოიფარგლება.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გაირკვეს :

• ვინ განსაზღვრა პაციენტის წინასაოპერაციო დიაგნოსტიკური ტაქტიკა;

• ვინ მიიღო გადაწყვეტილება ოპერაციის მოცულობის გაფართოების შესახებ;
• იყო თუ არა კონსილიუმი;
• არსებობდა თუ არა სხვა პროფილის სპეციალისტის ჩართულობის საჭიროება;
• ვინ და რა საფუძვლით გადაწყვიტა შიგნითა საუღლე ვენის რეზექცია;
• რა ინფორმაცია მიეწოდა პაციენტს ოპერაციამდე;
• კონკრეტულად რა მოცულობის ჩარევაზე განაცხადა პაციენტმა თანხმობა;
• და დაცული იყო თუ არა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პრინციპი.

წინასაექსპერტო შეფასებაში პირდაპირ არის დასმული საკითხი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა პაციენტს გაცემული ინფორმირებული თანხმობა ისეთი ჩარევების მიმართ, როგორიცაა მაგისტრალური ვენური სისხლძარღვებისა და კუნთოვანი ქსოვილების რეზექცია.

ეს უკვე მხოლოდ ექიმის პროფესიული კომპეტენციის საკითხი აღარ არის.

ეს არის პაციენტის უფლებების დაცვის საკითხიც.

ჰქონდა თუ არა ექიმს ასეთი ოპერაციის დამოუკიდებლად ჩატარების უფლება ?

წინასაექსპერტო შეფასების ავტორი ამ საკითხს უკავშირებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიული კომპეტენციის ფარგლებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგადი ქირურგიის პროფესიული პროგრამა თავისა და კისრის ქირურგიას, მათ შორის სისხლძარღვოვან და სხვა შესაბამის ჩარევებს, ზოგადი ქირურგის კომპეტენციის სფეროში განიხილავს. ამავე დროს, ოტორინოლარინგოლოგია და ზოგადი ქირურგია დამოუკიდებელ სპეციალობებად არის ჩამოყალიბებული.
ამ საფუძველზე დოკუმენტის ავტორი სვამს საკითხს, ცდებოდა თუ არა ჩატარებული ოპერაცია ექიმის პროფესიული კომპეტენციის ფარგლებს ?
შეფასების საბოლოო ნაწილში იგი მიუთითებს, რომ შიგნითა საუღლე ვენის რეზექცია და კისრის ღრმა სტრუქტურების ფართო დისექცია უნდა შეფასდეს სისხლძარღვთა ქირურგიის, ზოგადი ქირურგიის ან თავ-კისრის ონკოქირურგიის კომპეტენციის კონტექსტში.

ამავე დოკუმენტში საბოლოოდ გამოთქმულია მკვეთრი პროფესიული პოზიცია, რომ მხოლოდ ოტორინოლარინგოლოგის სერტიფიკატი, პროფესიული შეფასებით, არ უნდა ჩაითვალოს საკმარისს საფუძვლად მაგისტრალური ვენის რეზექციისა და კისრის ღრმა კუნთების მასშტაბური ექსციზიის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე.

თუმცა, აქ კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი :

ეს არის წინასაექსპერტო პროფესიული შეფასება და არა სასამართლოს, ან სახელმწიფო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა.

სამხარაულში ექსპერტიზა უკვე ჩანიშნულია და ალბათ, არც სასამართლო პროცესი დააყოვნებს დიდად.
სწორედ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მიუკერძოებელი ორგანოა, სადაც დაზარალებულმა შესაძლოა, სამართალი იპოვოს და რომ ცნობილი ჟურნალისტის ქმრობა და ზვიად კორძაძის საადვოკატო მაღალანაზღაურებადი ოფისის დაქირავება, რათა საექიმო შეცდომების კვალის წაშლაში დაიხმარო და გაუბედურებული პაციენტები და მათი ოჯახები კიდევ ზემოდან ზვიად კორძაძის ავტორიტეტით დათრგუნო და სამართლის ძიებაზე თავიდანვე ხელი ააღებინო, არ იქნება ინდულგენცია ექიმი ხუჯაძისათვის და ის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოცილებული იქნება საექიმო პრაქტიკას და წაერთმევა საშუალება თავისი არაკომპეტენტურობითა და ეგოცენტრიზმით კვლავ განაგრძოს პაციენტების გაუბედურება.

საქმე უკვე სამართლებრივ სივრცეშია :

,,GEO NEWS”-ისთვის ცნობილი ინფორმაციით, როსტომ ბაქრაძეს სასამართლოსთვის უკვე მიმართული აქვს სარჩელით. სამართლებრივი დავა კლინიკისა და უშუალოდ ექიმ მიხეილ ხუჯაძის წინააღმდეგ წარიმართება და სხვა საკითხებთან ერთად მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებასაც შეეხება.

სასამართლომ ამ ეტაპისათვის უკვე დაადგინა Locus standi, როდესაც როსტომ ბაქრაძის სარჩელი წარმოებაში იქნა მიებული ( საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ლიანა კაჟაშვილი განიხილავს . საქმე # 2/25298-26 ) , პროცესის შედეგად კი, დადგინდება mala fides ანუ ექიმი ხუჯაძის არაკეთილსინდისიერება და ბოროტი ნება, რითაც მან, როგორც ჩანს, ამ ერთი კონკრეტული პაციენტისა და მისი ოჯახის კეთილდღეობა და სიცოცხლის უფლება შელახა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ პაციენტი როსტომ ბაქრაძე სულაც არაა ხუჯაძისა და მისი კლინიკის ერთადერთი მსხვერპლი და სხვა მსხვერპლებიც არსებობენ, მათ შორის ისეთებ,ი ვინც ამ კლინიკიდან ცოცხლებიც კი ვერ გამოვიდნენ და სადღეისოდ ამ საქმეებზე სისხლის სამართლის ძიება მიმდინარეობს.

ერთ-ერთ მათგანზე კი გარდაცვლილის მეუღლე პროკურორის დადგენილებით დაზარალებულადაც არის ცნობილი.
როსტომ ბაქრაძე და მისი ოჯახი გაჩერებას არ აპირებენ და სამართლებრივად ბოლომდე აგებინებენ პასუხს ექიმის სახელს ამოფარებულ ყასაბს – სახელად მიხეილ ხუჯაძე, რათა მომავალი პაციენტები მაინც გადარჩნენ და ისე არ გაუბედურდნენ, როგორც როსტომ ბაქრაძე.

ამასთან, საკითხი დაყენებულია შესაბამის მარეგულირებელ ადმინისტრაციულ ორგანოშიც, რათა შესწავლილ იქნეს ექიმის პროფესიული საქმიანობის კანონიერება და დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მას კონკრეტული სამედიცინო ჩარევის დამოუკიდებლად განხორციელების უფლება.

ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო პასუხი ერთ კონკრეტულ კითხვაზე უნდა გაიცეს :

იყო თუ არა კონკრეტული სამედიცინო ჩარევა განხორციელებული  კანონითა და პროფესიული სტანდარტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ?

თუ დადგინდება, რომ ექიმმა მართლაც განახორციელა ისეთი ჩარევა, რომლის დამოუკიდებლად შესრულების პროფესიული უფლება მას არ ჰქონდა, საკითხი უკვე მხოლოდ სამედიცინო ხარისხის პრობლემა აღარ იქნება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების საჭიროებას წარმოშობს.

რას უნდა უპასუხოს გამოძიებამ და მარეგულირებელმა ორგანომ ?

როსტომ ბაქრაძის საქმის გარშემო არსებობს მთელი რიგი კითხვებისა, რომლებზეც პასუხი დოკუმენტური და ექსპერტული გზით უნდა გაიცეს :

1. რა იყო პაციენტის სრული წინასაოპერაციო დიაგნოზი ?

2. რა გამოკვლევები ჩატარდა ოპერაციამდე ?
3. რატომ იქნა ოპერაციის საფუძვლად მითითებული არასპეციფიკური ლიმფადენიტი ?
4. იყო თუ არა გამოკვლეული ავთვისებიანი პროცესის შესაძლებლობა ?
5. იყო თუ არა წინასწარ ცნობილი შიგნითა საუღლე ვენის შესაძლო დაზიანება ან ოკლუზია ?
6. რა გახდა ვენის რეზექციის უშუალო სამედიცინო საფუძველი ?
7. არსებობდა თუ არა ვენის შენარჩუნების ალტერნატივა ?
8. რატომ გახდა საჭირო გარეთა საუღლე ვენის ლიგირება ?
9. რატომ განხორციელდა კუნთოვანი ქსოვილების რეზექცია ?
10. მონაწილეობდა თუ არა ოპერაციაში სისხლძარღვთა ქირურგი, ზოგადი ქირურგი ან ონკოქირურგი ?
11. რა სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი ჰქონდა ექიმ მიხეილ ხუჯაძეს ოპერაციის ჩატარების მომენტში ?
12. აძლევდა თუ არა ეს სერტიფიკატი მას უფლებას, დამოუკიდებლად განეხორციელებინა აღწერილი მოცულობის ქირურგიული ჩარევა ?
13. კონკრეტულად რა მოცულობის ოპერაციაზე ჰქონდა პაციენტს მიცემული ინფორმირებული თანხმობა ?
14. არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი თავდაპირველ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ტაქტიკასა და შემდგომ ონკოლოგიური დაავადების პროგრესირებას შორის ?

ეს კითხვები უკვე იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც პასუხი მხოლოდ დოკუმენტების, ექსპერტიზისა და შესაბამისი ადმინისტრაციული/სასამართლო პროცედურების საფუძველზე უნდა გაეცეს.

ერთი პაციენტის საქმე, რომელიც სისტემურ კითხვად შეიძლება იქცეს :

როსტომ ბაქრაძის საქმე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი პაციენტის ბედის გამო.

თუ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები დაადგენენ, რომ პაციენტზე ჩატარდა ისეთი მოცულობის ქირურგიული ჩარევა, რომლის განხორციელების უფლებამოსილება კონკრეტულ ექიმს არ ჰქონდა, მაშინ საქმე უკვე გაცილებით ფართო პრობლემას წარმოაჩენს :

რამდენად ეფექტურად აკონტროლებს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და კერძო კლინიკების მიერ ექიმთა პროფესიული კომპეტენციის ფარგლების დაცვას ?

და კიდევ :

ვინ არის პასუხისმგებელი მაშინ, როდესაც კლინიკის ხელმძღვანელი თავად მონაწილეობს პაციენტის მკურნალობაში და ერთდროულად წარმოადგენს იმ დაწესებულების მმართველ პირს, სადაც სამედიცინო გადაწყვეტილება მიიღება ?

ეს კითხვები მხოლოდ ერთი ექიმის ან ერთი კლინიკის მიმართ ინტერესს არ წარმოადგენს.

ეს არის პაციენტის უფლების საკითხი – მიიღოს უსაფრთხო, კვალიფიციური და კანონიერად განხორციელებული სამედიცინო მომსახურება.
,,GEO NEWS” საქმის შესწავლას განაგრძობს.

,,GEO NEWS”-ისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქმე შეისწავლონ არა ფორმალურად, არამედ ყველა სამედიცინო დოკუმენტის, ოპერაციული პროტოკოლის, წინასაოპერაციო კვლევის, ინფორმირებული თანხმობის, ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის, ოპერაციაში მონაწილე პირების კვალიფიკაციისა და შემდგომი სამედიცინო ისტორიის სრული ანალიზით.

ამასთან, არსებული სტანდარტით – კლინიკასა და ექიმ მიხეილ ხუჯაძეს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საჯაროდ წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია და უპასუხონ ყველა ზემოთ დასმულ კითხვას.

,,GEO NEWS” მზად არის მათი განმარტებები სრულად და თანაბრად გააშუქოს.

ერთი რამ კი უკვე ნათელია :

როსტომ ბაქრაძის საქმეში საუბარი აღარ არის მხოლოდ იმაზე, თუ რა წერია ოპერაციის სახელწოდებაში.

მთავარი საკითხია, რა გაკეთდა სინამდვილეში, რატომ გაკეთდა, ვის ჰქონდა ამის პროფესიული უფლებამოსილება, რა იცოდა პაციენტმა და რა შედეგი მოჰყვა მიღებულ სამედიცინო გადაწყვეტილებებს.

ამ კითხვებზე პასუხი კი მხოლოდ ერთი გზით შეიძლება მივიღოთ – დოკუმენტებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზით და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

და თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება ის გარემოებები, რომლებზეც წინასაექსპერტო პროფესიული შეფასება მიუთითებს, მაშინ საქმე შეიძლება აღმოჩნდეს არა უბრალოდ სამედიცინო შეცდომის, არამედ პაციენტის უფლებების, პროფესიული კომპეტენციისა და სამედიცინო საქმიანობის კანონიერების გაცილებით მძიმე პრობლემის წინაშე.

სწორედ ამიტომ როსტომ ბაქრაძის საქმე საჭიროებს არა დუმილს, არამედ სრულ, დამოუკიდებელ და პროფესიულ გამოძიებას.

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor