• June

    29

    2026
  • 21
  • 0
ექსკლუზივი – ზურაბ ჩიქოვანი : ,,აფხაზეთი მხოლოდ დროებით დაკარგული ტერიტორია არ არის – იგი ჩვენი საერთო მორალური ტრაგედია და სინდისის გამოცდაა“ !

ექსკლუზივი – ზურაბ ჩიქოვანი : ,,აფხაზეთი მხოლოდ დროებით დაკარგული ტერიტორია არ არის – იგი ჩვენი საერთო მორალური ტრაგედია და სინდისის გამოცდაა“ !

ადამიანი, რომლის ცხოვრებისეული გზა სიკეთის ქმნაა – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, გამორჩეულ პიროვნებასთან, ექიმთან, ბატონ ზურაბ ( ზური ) ჩიქოვანთან.

არსებობენ ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიის მოქცევა მშრალ თარიღებსა და ოფიციალურ თანამდებობებში შეუძლებელია. მათი ცხოვრების ნამდვილი მასშტაბი იმ უხილავ, მაგრამ წარუშლელ კვალში იკითხება, რომელსაც ისინი სხვათა ბედზე ტოვებენ.

სწორედ ასეთი პიროვნებაა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი – ზურაბ ( ზური ) ჩიქოვანი. პროფესიით ექიმი, არისტოკრატიული ფესვებისა და კლასიკური ტრადიციების მქონე ქართველი ინტელიგენტი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ათასობით ადამიანს დაუბრუნა არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, არამედ წართმეული იმედი, თანადგომა და ადამიანური ღირსების განცდა.

მის მრავალწახნაგოვან ცხოვრებაში განსაკუთრებული, თითქმის საკრალური ადგილი უკავია აფხაზეთიდან დევნილთა მსახურებას. მათთვის ბატონი ზური ხშირად ექიმზე მეტი იყო, ის გახდა ტკივილის მთავარი მსმენელი, მესაიდუმლე და იმ იშვიათ ადამიანთაგანი, ვისაც ეგზისტენციალური კატასტროფის შემდეგ ადამიანის სულში სიცოცხლის ხალისისა და მომავლის რწმენის რეანიმირება შეეძლო.
 
,,GEO NEWS” ბატონ ზურის მისთვის სიმბოლური სახელწოდების მქონე – ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე თბილისურ სახლში ეწვია. 

საღამო, რომელიც მის კაბინეტში, ძველი წიგნებისა და საოჯახო რელიკვიების გარემოცვაში გავატარეთ, სტანდარტულ ჟურნალისტურ ინტერვიუს არ ჰგავდა. ეს იყო კლასიკური ქართული სტუმარ – მასპინძლობის, მაღალი ინტელექტუალური დისკურსისა და ისტორიული მეხსიერების იშვიათი სინთეზი.

,,GEO NEWS” გთავაზობთ ამ ვრცელი და მრავალშრიანი საუბრის პირველ ნაწილს, რომელიც სრულად ეთმობა აფხაზეთის ტრაგედიას, ისტორიულ სიმართლეს, კოლექტიურ მეხსიერებასა და იმ ღრმა ბზარებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებრივ აზრს დღემდე  ამჩნევია.

-ბატონო ზური, თქვენთვის აფხაზეთი არასდროს ყოფილა მხოლოდ რუკაზე მონიშნული ტერიტორია. იგი თქვენი ოჯახის, თქვენი გენეტიკის ნაწილია – დედა აფხაზი გყავდათ, მამის მხრიდან კი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ დაკავშირებულნი ამ მხარესთან. როგორ უყურებთ დღეს, დროის გადასახედიდან, იმ მოვლენებს, რომელებმაც ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ორ ხალხს შორის ტრაგედია შვა ?

-პირველ რიგში, ერთი ფუნდამენტური აქსიომით უნდა დავიწყოთ, რომლის გარეშეც ნებისმიერ დისკუსიას აზრი ეკარგება : ისტორიასთან ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული მისი კონიუნქტურული გადაწერაა.

ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ 90-იანი წლების დასაწყისის პოლიტიკურ შეცდომებზე, სამხედრო ტაქტიკურ გათვლებზე თუ იმდროინდელი ხელისუფლების გამოუცდელობაზე, მაგრამ არსებობს ჯიუტი ფაქტები, რომელთა იგნორირებაც დანაშაულია.

აფხაზეთის ომი არ დაწყებულა იმიტომ, რომ ქართველებს აფხაზების ეთნოსის განადგურება ან მათი ასიმილირება სურდათ. ეს არის აბსურდული, ხელოვნურად კონსტრუირებული ნარატივი, რომელიც რეალობას აცდენილია. დოკუმენტურად, არქივებითა და საერთაშორისო საგამოძიებო მასალებით არის დადასტურებული, რომ სეპარატისტული ფორმირებების ზურგს უკან იდგა სამხედრო, ფინანსური და ლოგისტიკური მანქანა.

ეს არ იყო ეთნოკონფლიქტი კლასიკური გაგებით, ეს იყო გეოპოლიტიკური ოპერაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. თავად აფხაზები არძინბას გარემოცვიდან ღიად საუბრობენ ესკალაციიაზე და იმაზე, რომ სრული მზადყოფნა ჰქონდათ ქართველებისათვის პროვოკაციების მოსაწყობად.

და რა მივიღეთ შედეგად ? საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ეთნიკური წმენდა, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, წამება, გაუპატიურებები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა. ამ ომმა მხოლოდ ქალაქები კი არ აქცია ნანგრევებად, მან ადამიანების სულები და ბედისწერები დაანგრია.

დიახ, ზუსტად ასეა ! და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი, ცოცხალი ტკივილი.

ომში ყველაფერი გასაგებია – იქ არის მტერი, არის ფრონტის ხაზი, არის ტყვია, მაგრამ როდესაც შენივე ქვეყნის შიგნით, ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ელიტის ნაწილი იწყებს ისტორიის გაყალბებასა და ფაქტების „მორგებას“ საკუთარ კომფორტზე, ეს უკვე მორალური კატასტროფაა.

ყოველთვის უკიდურეს პროტესტს იწვევდა ჩემში ( და დღესაც იწვევს ) იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ მსხვერპლსა და მოძალადეს შორის მორალური ტოლობის ნიშანი დასვან. „ორივე მხარე დამნაშავეა“, „ყველამ უნდა მოვინანიოთ” , ეს არის ზედაპირული და საშიში რიტორიკა. დაზარალებულს, რომელსაც სახლ-კარი გადაუწვეს და ოჯახი თვალწინ ამოუხოცეს, ვერ მოსთხოვ იმავე პასუხისმგებლობას, რასაც მკვლელს.

ერის ფსიქოლოგიური და მორალური ჯანმრთელობა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის სრულფასოვანი აღიარებით იწყება. ნებისმიერი მცდელობა, რომ ომის დროს ჩადენილი სისასტიკეები მიიჩქმალოს ან მათი კვალიფიკაცია შესუსტდეს „ორმხრივი დაპირისპირების“ არგუმენტით, არის იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფა, ვინც აფხაზეთის მიწას შეეწირა.

-ამ კონტექსტში თქვენ საჯაროდ არაერთხელ გაგიკრიტიკებიათ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი. რა არის თქვენი მთავარი უთანხმოების წერტილი მასთან ? კონკრეტულად რატომ მიიჩნევთ მის მიდგომას მავნებლურად სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის ?
( მაგიდაზე მსუბუქად იჭერს ხელს, თითქოს ფიქრს იმაგრებს. ინტონაცია ხდება ანალიტიკური, მაგრამ მაინც იგრძნობა მოთუხთუხე ცეცხლი ).

-აი, აქ ზუსტად იმ კატეგორიის ადამიანს ვეხებით, რომელიც მთელ ამ ტრაგედიას ინტელექტუალურ  ჭრილში  ხედავს. მხოლოდ „მშვიდობის მშენებლობა“, იყო კატასტროფულად ცალმხრივი.

როდესაც ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის მანდატი აქვს, ისე აფორმებს ნარატივს, თითქოს ქართულ მხარეს ამ კონფლიქტში მეტი, ან თუნდაც თანაბარი, პასუხისმგებლობა ეკისრება, მაშინ ის ორ რამეს აკეთებს : ჯერ ერთი, აკნინებს სეპარატისტების მძიმე როლს, რაც დოკუმენტურად, ჯავშანტექნიკის ნომრებითა და სამხედრო რადიოგადაცემებით არის დამტკიცებული, მეორეც, ის მსხვერპლს კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მორალურად, აიძულებს მუხლი მოიყაროს.

ზაქარეიშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ჩვენ „საკუთარი შეცდომებიც“ უნდა ვაღიაროთ. რა თქმა უნდა, შეცდომებზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ არა მაშინ, როცა ის „მთავარი მიზეზის“ სტატუსამდეა აყვანილი. თუ თქვენი „მშვიდობა“ ითხოვს, რომ მე ოჩამჩირის ნანგრევებზე მდგარმა ვთქვა, „ჩვენც ვიყავით დამნაშავე“, ისე რომ იქვე მდგარი აფხაზის კვალი არ ჩანდეს, მაშინ ეს მშვიდობა კი არა, ეს არის მორალური კაპიტულაციაა. თუმცა, ზაქარეიშვილს უარესიც ჩაუდენია, რაც ფაქტობრივად სამშობლოს ღალატია. მან პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ჟიჟილაშვილთან განაცხადა, რომ თურმე გაგრაში ქართველი ტყვეების გვამები თავების გარეშე იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ იქაური კლიმატი უწყობდა ამას ხელს და არა იმიტომ, რომ ეს საძულველი საქმე თავად აფხაზებმა ჩაიდინეს და ამ ხალხს თავები დააჭრეს. სამშობლოს ასეთი ღალატი არავის არ უნდა შერჩეს.

იქ იბრძოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის „კონფედერატები“, რომელთა ტრანსპორტირება, შეიარაღება და ანაზღაურება ძირითადად სპეცსამსახურების ხაზით ხდებოდა. ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი რუსი მემუარისტების მიერაც კი, მაგალითად, ყოფილი გენერლების ჩანაწერები, რომლებიც ტრაბახობენ, როგორ „გამოსცადეს“ ახალი იარაღი.

ასე რომ, როცა ვამბობ, რომ ეს იყო ომი, მე არ ვსაზღვრავ ეთნიკური ტკივილის მნიშვნელობას, მე ვადგენ პოლიტიკური და სამხედრო პასუხისმგებლობის იერარქიას. ამ იერარქიაში ყველაზე მძიმე ქვა აფხაზების მისამართზე დევს.

თუმცა, ყველა გონიერი ადამიანისთვის, ვინც თვალებს არ იბრმავებს, ნათელია, რომ აფხაზეთის საკითხი მოსკოვის გარეშე ვერ გადაწყდება და ეს ყველა ჩვენთაგანს კარგად გვესმის.
-საინტერესოა, რომ თქვენი ლექსიკა მთლიანად თავისუფალია ეთნიკური სიძულვილისგან. როგორ ხერხდება ეს ბალანსი – იყო ფაქტებზე დაფუძნებული მკაცრი კრიტიკოსი, მაგრამ არასდროს გადახვიდე ქსენოფობიაში ?

-იმიტომ, რომ სიძულვილი არც პოლიტიკაა და არც მომავლის შენების ინსტრუმენტი. სიძულვილი მხოლოდ ანგრევს მას, ვის გულშიც ის ბუდობს.
 
მე აფხაზი დედის გაზრდილი ვარ. მე კარგად ვიცი ამ ხალხის კულტურა, მათი ღირსების კოდექსი. ის, რაც ტრაგედიის წლებში მოხდა, იყო ამ კოდექსის მონსტრული ღალატი, მაგრამ ვინც უღალატა, იმათ არ ჰქონდათ იმ ხალხის ნამდვილი მანდატი. ომის დროს ათასობით აფხაზი იყო, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მალავდა ქართველ მეზობლებს. ესეც ისტორიული ფაქტია. მე ვერასდროს გავაიგივებ იმ გმირებს, ვინც ადამიანობა შეინარჩუნა, იმ ბოროტმოქმედებთან, ვინც ოჩამჩირის ქუჩებში დარბოდა.

თუმცა, აქაც ზღვარია : ცალკეულმა, თუნდაც ძალიან ჰუმანურმა ეპიზოდებმა, არ უნდა დაფაროს სისტემური კატასტროფა, რომელიც ქართულმა მოსახლეობამ განიცადა. სიმართლე ორნაირი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის მრავალშრიანია. მე მზად ვარ, პატივი მივაგო იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, კაცად დარჩა, მაგრამ იმავდროულად ვერასდროს გავჩუმდები იმაზე, რომ იმ ჯოჯოხეთის მთავარი არქიტექტორი სეპარატიზმი იყო, ხოლო მისი ინსტრუმენტები – სამხედრო დანაშაულებში მონაწილე ნებისმიერი ადამიანი, ეროვნების მიუხედავად.

-დღეს, როდესაც ომიდან ათწლეულები გავიდა, რას ეტყოდით ახალგაზრდა თაობას, რომლისთვისაც აფხაზეთი, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ სახელმძღვანელოში წაკითხული აბზაცი ან მშობლების მოყოლილი ამბავია ?
( დიდხანს უყურებს ფანჯარას, რომლის მიღმაც ოჩამჩირის ქუჩის წყნარი ჩიხი მოჩანს. მზე ჩადის და მისი ხმა  იძენს მენტორულ, ღრმად პირადულ ტონს ).

უპირველეს ყოვლისა, ვეტყოდი : არასდროს დაკარგოთ ისტორიული მეხსიერება, მაგრამ არც არასდროს მისცეთ უფლება სიძულვილს, ის საკუთარი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად აქციოს.

გახსოვდეთ, რომ ისტორიული სიმართლე იარაღია, მაგრამ იარაღი, რომელიც ჭრილობას კი არ აყენებს, არამედ კურნავს.

ის, რასაც დღეს ინტერნეტის კომენტარებში ან პოპულისტურ გამოსვლებში მოისმენთ, ხშირად ან ნახევარი სიმართლეა, ან სრული ტყუილი. ენდეთ მხოლოდ პირველწყაროებს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი სამშობლო თქვენი გასაერთიანებელი და ფეხზე დასაყენებელია და რომ საქართველო ერთია და მას მოვლა- პატრონობა სჭირდება.

ფოტოკოლაჟი :

აფხაზეთის საზოგადოება

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor