• August

    20

    2026
  • 96
  • 0
თამთა მეგრელიშვილი : ,,საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ახალი ესკალაციის თავიდან აცილება ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევაა – ,,ქართული ოცნება” კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კურსს მიჰყვება”

თამთა მეგრელიშვილი : ,,საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ახალი ესკალაციის თავიდან აცილება ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევაა – ,,ქართული ოცნება” კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კურსს მიჰყვება”

საქართველოს წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევები მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხები არ არის, ისინი საზოგადოების უსაფრთხოებას, სამართლებრივი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ბავშვთა დაცვას, ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის მომავალს უკავშირდება. სწორედ ამ საკითხებზე, „GEO NEWS“-თან ინტერვიუში, საკუთარ შეფასებებსა და ხედვებს გვიზიარებს ანალიტიკოსი და პროფესორი თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შეფასებისას გამოირჩევა მკაფიო პოზიციებით, სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხების ცოდნითა და მიმდინარე მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ ჭრილში განხილვის გამორჩეული უნარით. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის, საზოგადოების როლისა და პრევენციული მექანიზმების ერთიან კონტექსტში დანახვა.

„GEO NEWS“-თან საუბრისას თამთა მეგრელიშვილი შეეხო ბოლო პერიოდში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოქცეულ საკითხებს – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს, ნატა ვიბლიანის ტრაგიკულ ამბავს, არასრულწლოვანთა შორის ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის პრევენციის აუცილებლობას, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს.

მისი შეფასებით, ძალადობრივი კრიმინალური სუბკულტურის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა ვერ იქნება და სახელმწიფოს, ოჯახის, სკოლისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ, სისტემურ ძალისხმევას მოითხოვს. ამ კონტექსტში იგი ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებაზე, ბულინგისა და აგრესიის ადრეულ გამოვლენაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციის თანამედროვე მექანიზმებზე.

თამთა მეგრელიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნატა ვიბლიანის საქმესაც და ხაზს უსვამს, რომ ბავშვობის პერიოდში განცდილი მძიმე ძალადობისა და ტრავმის მიმართ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება დროის გასვლამ არ უნდა გააუფასუროს. ამავდროულად, მისი პოზიციით, ასეთ საქმეებში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პარალელურად აუცილებელია მტკიცებულებათა ობიექტური და მკაცრი სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.

ინტერვიუს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თამთა მეგრელიშვილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს და მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების განუყოფელი ნაწილია. მისივე შეფასებით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სუვერენიტეტის დაცვა და ახალი ესკალაციის თავიდან აცილება ერთმანეთის გამომრიცხავი მიზნები არ არის.

რა შეიძლება გახდეს ის საერთო ეროვნული ღირებულება, რომელიც ქართულ საზოგადოებას პოლარიზაციის შემცირებაში დაეხმარება ? როგორ უნდა გაძლიერდეს არასრულწლოვანთა დაცვისა და ძალადობის პრევენციის მექანიზმები ? რას გვაჩვენებს გიგა ავალიანისა და ნატა ვიბლიანის საქმეები და რა გაკვეთილები უნდა გამოიტანოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ ? რა ადგილი უნდა ეკავოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში ?

-ქალბატონო თამთა, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმემ საზოგადოებაში ძალიან მძიმე და ბევრი თვალსაზრისით შემაშფოთებელი კითხვები გააჩინა. საქმეზე უკვე არსებობს არაერთი სასამართლო და საგამოძიებო განვითარება, მათ შორის ახალი დაკავებებიც. თქვენი შეფასებით, რა არის ამ საქმის მთავარი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გაკვეთილი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ არა მხოლოდ კონკრეტული დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არამედ გამოიკვეთოს ის გარემოებებიც, რომლებმაც ასეთი ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ უზრუნველყო ?

-სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში ძალადობრივი კრიმინალური სუბკულტურა, დანაშაულის ორგანიზება, ხელშეწყობა თუ მისი შეუტყობინებლობა საქართველოში დაუსჯელი არ რჩება.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეც ამის ერთ-ერთი მაგალითია, რომელმაც გამოკვეთა, რომ არასრულწლოვნებში ორგანიზებული, დაუნდობელი ძალადობისა და კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღება აუცილებელია.

ვფიქრობ, არასრულწლოვნებში დანაშაულისა და ძალადობის შემცირება კომპლექსურ, სისტემურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სისტემას, ოჯახსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ერთიანი პასუხისმგებლობის პირობებში აუცილებელია იმის ღრმა ანალიზი, თუ სად არის პრობლემის სათავე, საზოგადოების როლი რაშია და შესაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ხომ არ არის საჭირო მოზარდთა დანაშაულის პრევენციის უკეთესი სტრატეგიები და რეფორმები, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ქვეყანაში ძალადობრივი სუბკულტურა მიუღებელია და მისი არსებობის შემთხვევაში ის კანონის მიღმა არ რჩება.

საერთაშორისო პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების გააზრებით, უკვე მიღებული ზომების გარდა, ალბათ, უპრიანია დამატებითი ნაბიჯები – მაგალითად სასკოლო კურიკულუმში საგნების ან მოდულების დანერგვა, რომლებიც ორიენტირებულია სამოქალაქო ცნობიერებაზე, ემპათიაზე, მედიაციასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

სკოლებში ფსიქოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა, კონფიდენციალური და ორიენტირებული ბულინგის, აგრესიისა და კრიმინალური მიდრეკილებების ადრეული გამოვლენა საჭირო ნაბიჯად მიმაჩნია.

მივესალმები სკოლებში მოძღვრის ინსტიტუტის დაბრუნებას.

სამართალდამცავებმა და სოციალურმა პლატფორმებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ მოზარდთა ჯგუფები, სადაც ძალადობრივი ვიდეოების გავრცელება და ახალი წევრების რეკრუტირება ხდება.

დანაშაულებრივი სუბკულტურის ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა და აღკვეთა ასეთ ტრაგედიებს თავიდან აგვარიდებს.

მოზარდთა კრიმინალური ქსელის დროული გამოვლენისა და დანაშაულის მომზადების ეტაპზე ინფორმაციის სამართალდამცავებამდე მიტანის კულტურა პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას ქმნის.

-ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ ბავშვობაში, 9 წლის ასაკიდან, წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და საქმეზე რამდენიმე პირი დაასახელა. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და ბრალდებულთა დამნაშავეობა სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის. ნატა ვიბლიანი კი ცნობილი იქნა დაზარალებულად პროკურატურის მიერ. როგორ ფიქრობთ, რა არის სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა ასეთ საქმეებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაძლო დანაშაულიდან ათეულობით წელია გასული. როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულის ინტერესების დაცვა ისე, რომ გამოძიებამ ერთდროულად შეინარჩუნოს მტკიცებულებებისადმი უმაღლესი სტანდარტი და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ?

-ქართული მართლმსაჯულების მიდგომა ნატა ვიბლიანის საქმეზე პრეცედენტულია, რადგან
საქართველოს სამართალდამცავი სისტემის მოქმედება აჩვენებს, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევას განიხილავს არა როგორც რიგით ხანდაზმულ დანაშაულს, არამედ როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეს.

საქმე ეხება ათწლეულების წინანდელ ფაქტებს, რაც ართულებს მტკიცებულებების მოძიებას, თუმცა საზოგადოებრივი და მართლმსაჯულების ინტერესი მაღალია.

ასეთ საქმეებში სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა დროის ფაქტორია – როდესაც ათეულობით წელია გასული, ფიზიკური და მატერიალური მტკიცებულებები იკარგება, ხოლო გამოძიება ძირითადად მსხვერპლის ჩვენებაზეა დამოკიდებული.

ტრავმაზე მგრძნობიარე მიდგომასთან ერთად საჭიროა მტკიცებულებათა მკაცრი, ობიექტური სტანდარტების შენარჩუნება.

ნატა ვიბლიანის საქმეში სავარაუდო მძიმე ძალადობა და დანაშაული ათეულობით წლის წინ არ მოხდებოდა, საზოგადოებაში, რომ არსებობდეს ძლიერი პრევენციული მექანიზმები, ბავშვთა უფლებების მკაცრი დაცვა, დროული რეაგირება და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა.

დღეს სახელმწიფოს მხრიდან ძირეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, მაგრამ არ იქნება ურიგო დამატებითი ნაბიჯებიც.

აუცილებელია სკოლებისა და სოციალური სამსახურების მხრიდან ბავშვების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

აუცილებელია ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ძალადობის შესახებ შიშის გარეშე საუბარს.

სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მიუღებლობისა და მავნე ტრადიციების/სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია სწორი გზავნილებით.

საზოგადოებას მაღალი მგრძნობელობა უნდა ჰქონდეს ბავშვების ქცევისა და უსაფრთხოების მიმართ.

აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო სივრცე, რომ შეძლოს ძალადობის შესახებ შიშისა და სირცხვილის გარეშე ინფორმაციის გაზიარება.

ამ მიმართულებით სოციალური სამსახურებისა და სამართალდამცავების მუშაობა სასაყვედურო ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს მექანიზმები გასაძლიერებელია რეგიონებში, განსაკუთრებით მზრუნველობამოკლებული ან დაუცველი არასრულწლოვნების მიმართ.

ძალადობის ფაქტებზე დროული გამოძიება და დამნაშავეთა მკაცრი დასჯა შეამცირებს მსგავსი დანაშაულის განმეორების რისკს.

არსებობს არაერთი საერთაშორისო და პრეცედენტული შემთხვევა, სადაც შიდასახელმწიფოებრივი ხანდაზმულობის ვადები უგულებელყოფილია, რადგან დანაშაულის სიმძიმე ( წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბავშვზე სისტემური ძალადობა ) უფრო მაღლა დგას, ვიდრე დროის გასვლა. ვფიქრობ, რომ ამ საქმის სამართლებრივი სიცოცხლისუნარიანობა მაღალია და კანონიდან გამომდინარე საჭირო შედეგის დადგომის მოლოდინი მაღალია.

ბავშვობისდროინდელი წამება და ძალადობა არასდროს ძველდება !

-ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო კურსის, ევროპასთან ურთიერთობისა და ქვეყნის განვითარების მოდელის შესახებ საზოგადოებაში კვლავ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. ამასთან, 2026 წლის EU Neighbours East-ის კვლევაც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს. თქვენი შეფასებით, რა უნდა იყოს დღეს საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რათა ქვეყანამ ერთდროულად შეინარჩუნოს ეროვნული ინტერესები, პოლიტიკური სტაბილურობა და ევროპულ სივრცესთან თანამშრომლობის პერსპექტივა ? 18 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ხოლო ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთის მიმართულებით განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების საკითხი კვლავ აქტუალურად აქცია. როგორ ხედავთ საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობას, ერთის მხრივ, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და, მეორეს მხრივ, თავიდან აიცილოს ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა რეგიონში დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს ?

-ტერიტორიული მთლიანობის იდეა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო მიზანი.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი და ის ღირებულებითი ღერძია, რომლის ირგვლივაც თაობები ერთიანდებიან.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და აფხაზეთის რეგიონთან ურთიერთობის ფორმატები საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული სტრატეგიული პოზიციებიდან ფასდება.

ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და  საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

მოქმედი ხელისუფლებისათვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზად, კონფლიქტის მოგვარებად, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმატი განიხილება, არაღიარების პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც  აუცილებლად აფეთქდება.

ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის და ვერც იქნება.

ისტორიული ტკივილი, დევნილთა უფლებები და დაღუპული გმირების ხსოვნა მოქმედი ხელისუფლებისათვის ქმნის მყარ კულტურულ და მორალურ ბარიერს, რომელიც მათი მხრიდან ოკუპაციასთან შეგუებას ან ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას გამორიცხავს, შესაბამისად ოპოზიციის გზავნილი, კომპრომისი სუვერენიტეტის ხარჯზე, მიუღებელია და მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოება ამ მახინჯ გზავნილებს არ მიიღებს და არ გაიზიარებს.

საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ახალი ესკალაციის თავიდან აცილება ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი და ყველაზე რთული გამოწვევაა, რომელიც მუდმივ ბალანსს მოითხოვს და დაბალანსებული პოლიტიკის პირობებში ,,ქართული ოცნება” კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კურსს მიჰყვება.

საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, საზოგადოებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ის, ვინ არის მართალი პოლიტიკურ ბრძოლაში, არამედ რამდენად შეუძლია ქვეყანას შეინარჩუნოს ინსტიტუტებისადმი ნდობა და ერთმანეთის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებმა თანაარსებობა.

-დაბოლოს, თქვენი როგორც ანალიტიკოსისა და პროფესორის ხედვით, რა შეიძლება გახდეს ის საერთო ეროვნული საკითხი ან ღირებულება, რომლის გარშემოც ქართული საზოგადოება შეძლებს პოლარიზაციის შემცირებას და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას ?

-ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლარიზაციის შემცირება საერთო ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ დღის წესრიგს მოითხოვს.

აუცილებელია იმ ფუნდამენტური ინტერესებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანება, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მმართველი გუნდისა და საზოგადოების დამოკიდებულება ერთიანია, მაშინ როცა ოპოზიციონერთა რიგებიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, წარმოჩენა ხდება და ის შეუსრულებელ ამოცანად განიხილება.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ ძალებს შორის კომპრომისზე ორიენტირებული მოლაპარაკებების კულტურის დამკვიდრებას ცდილობს, პოლიტიკურ ეთერებში პერსონალური თავდასხმების ნაცვლად პროგრამულ, იდეოლოგიურ დებატებზე გადასვლა მათი მხრიდან პოლიტიკური მანერა და პრიორიტეტია, მაშინ როცა დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიცია აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას კომპრომისზე ორიენტირებული დისკუსიების ნაცვლად ქუჩის პროცესებისკენ უბიძგებს და ამ ფორმატს ვერ სცდება.

მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად ბევრი გაკეთდა, კონკრეტული ძალები კი აქაც საკუთარი ინიციატივით თამაშგარედ დარჩნენ, რადგან მათ არ აწყობდათ სახელმწიფო ინტერესების ირგვლივ გონიერი, დაბალანსებული პოლიტიკის კეთება, რადგან გარე დამკვეთებისაგან კონკრეტულ დავალებებს ვეღარ შეასრულებდნენ და მათ ხომ ოპონირება სწორი ოპონირებისთვის კი არა, ოპონირება დესტრუქციისათვის სჭირდებათ.

ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, კულტურული იდენტობის, ტრადიციების დაცვისა და გატარებული ინსტიტუციური რეფორმების მიმართ არასწორი განწყობები არის იმ პრობლემათა სინთეზი, რომელიც პოლარიცაზიას ქმნის და კონსტრუქციული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.

რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჯანსაღი პოლიტიკური აქტივობებისათვის მკვდარია არ იღებს კონსტრუქციული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას, გამორიცხავს რა დიალოგს, ურთიერთპატივისცემას და სახელმწიფო ინტერესების წინ პლანზე წამოწევას.

ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლარიზაციის შემცირება საერთო ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დღის წესრიგით უნდა შევძლოთ.

ოპოზიცია, რომელიც რადიკალიზმის ხაზით მოქმედებს უნდა გათავისუფლდეს გარე პატრონების და მათი დაკვეთების შესრულების მოვალეობისგან და თუ ამას ვერ ახერხებენ უნდა შეეგუონ ქართველ ხალხთან და საზოგადოებასთან მუდამ წაგებულ პოზიციაში ყოფნას.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor