
თამთა მეგრელიშვილი : ,,ჩვენი პატრიარქი იმ ქვეყნადაც წელში მოხრილი, დაღლილი საქართველოა და უფალს ვთხოვ იქაც შეაძლებინოს ჩვენთვის ის, რაც მან აქ უკვე შეძლო” !
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, გლობალური გამოწვევებისა და შიდა დინამიკის სიღრმისეული ანალიზი დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულად ფასეულია იმ ექსპერტების ხმა, რომლებიც მოვლენებს არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ სტრატეგიულ ჭრილში აფასებენ.
ჩვენი რესპონდენტი, თამთა მეგრელიშვილი, გამოირჩევა მკაფიო ანალიზით, არგუმენტირებული პოზიციებითა და რეალობის პრაგმატული აღქმით. მისი შეფასებები ხშირად ხდება საზოგადოებრივი დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი და მკითხველს ეხმარება მიმდინარე პროცესების უკეთ გააზრებაში.
ინტერვიუში თამთა მეგრელიშვილი საუბრობს საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე, გლობალური პროცესების გავლენაზე, სამართლებრივი სისტემის პრინციპებზე და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე – თემებზე, რომლებიც განსაზღვრავს როგორც დღევანდელ, ისე ხვალინდელ რეალობას.
-ქალბატონო თამთა, როგორ შეაფასებდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, რამდენად არის შენარჩუნებული სტაბილურობა და რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება ?
-საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მრავალმხრივ შეიძლება შეფასდეს.
ერთი მხრივ, მთავრობა ტურბულენტურ საერთაშორისო გარემოში ქვეყანას პრაგმატული პოლიტიკით მართავს და მაქსიმალურად იცავს ეროვნულ ინტერესებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.
მეორე მხრივ, ოპოზიციად წოდებული ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმშია და ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ასევე საგულისხმოა არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ისინი უცხო ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე გამოდიან და მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხშირად კი ეს კრიტიკა ობიექტური ანალიზის ნაცვლად პირად პოლიტიკურ განწყობებს ეფუძნება.
საბოლოო შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი სტაბილური და მშვიდია. საზოგადოება ხედავს მთავრობის მშვიდობის პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს და მას მხარდაჭერას უცხადებს.
ძირითადი ტენდენციები :
პირველი და ყველაზე მკვეთრი ტენდენცია არის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცება. ხელისუფლება სულ უფრო მეტად ამახვილებს აქცენტს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე და გარე ზეწოლის მიუხედავად ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობაზე.
მეორე ტენდენცია, ოპოზიციის სისუსტე და ფრაგმენტაცია. ოპოზიციური ძალები ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას, ვერ სთავაზობენ ამომრჩეველს რეალისტურ ალტერნატიულ პროგრამას და ძირითადად კონფრონტაციულ რიტორიკაზე არიან დამოკიდებულნი, რაც საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს.
მესამე ტენდენცია, სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიზაცია. ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა სულ უფრო ღიად მოქმედებს არა საზოგადოების, არამედ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის ინტერესებში, რაც მათ სანდოობას აზიანებს.
მეოთხე ტენდენცია, მოსახლეობის ორიენტირება სტაბილურობაზე. გამოკითხვები და საარჩევნო შედეგები ადასტურებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა სტაბილურობასა და მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას. მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ქმნის პოზიტიურ დინამიკას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის მდგომარეობას რეგიონულ და საერთაშორისო არენაზე.
საერთო ჯამში, ეს ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო განაგრძობს სტაბილური განვითარების გზას, სადაც პოლიტიკურ პროცესებში პრაგმატიზმი და სახელმწიფო ინტერესები ჭარბობს.
-თქვენ არაერთხელ დაგვიდასტურეთ, რომ გლობალური პროცესების სწორად წაკითხვა გადამწყვეტია საქართველოსთვის, ამ კონტექსტში, როგორ აფასებთ უნგრეთში ვიქტორ ორბანი-ის გადარჩევას და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ მოვლენამ საქართველოს პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რეალობაზე ?
-როგორც წესი, პოლიტიკაში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე კონკრეტული პიროვნებები გავლენას იშვიათად ახდენენ. ასეა უნგრეთის შემთხვევაშიც. საქართველოსა და უნგრეთს ბოლო წლების განმავლობაში მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ერთნაირი შეხედულებები და საერთო ინტერესების სფეროები, მათ შორის მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლის განხორციელება ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს.
მადიარის გამარჯვების შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკრაინის, რუსეთისა და ევროკავშირის მიმართ ცალსახად ადასტურებს, რომ ის საერთაშორისო ურთიერთობებში ორბანის კურსს აგრძელებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უნგრეთთან ურთიერთობის რაიმე სახით გაუარესებას არ ველოდები.
საქართველოსთვის გლობალური პროცესების სწორი წაკითხვა მართლაც გადამწყვეტია და ამ კონტექსტში უნგრეთში მიმდინარე ცვლილებები, რომელიც პეტერ მადიარის გამარჯვებით დასრულდა, არ ქმნის რისკებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. პირიქით, საერთო პრაგმატული მიდგომა რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროექტების მიმართ კიდევ უფრო ამყარებს პარტნიორობას.
-თქვენი ობიექტური შეფასებები ხშირად აყალიბებს საზოგადოებრივ დისკურსს, როგორ ხედავთ იმ ფაქტს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს პროკურატურამ უარი უთხრა საპროცესო შეთანხმებაზე ? შეიძლება თუ არა ეს აღქმულ იქნას, როგორც სიგნალი, რომ კორუფციასთან ბრძოლაში აღიარებაც კი აღარ წარმოადგენს ლმობიერი მიდგომის გარანტიას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ?
–ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე, ისევე როგორც სხვა საქმეები, წმინდა სამართლებრივი პროცესია და მისი პოლიტიზება მცდარი მიდგომა იქნება, პროკურატურა კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას იღებს ყოველი კონკრეტული საქმის მასალების, არსებული მტკიცებულებების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე. როგორც ჩანს, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის სიღრმისეული შესწავლისა და ბრალდებულის პოზიციების გაცნობის შემდეგ, პროკურატურამ არსებული სურათის ფონზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიზანშეუწონლად მიიჩნია. რაც ბუნებრივი სამართლებრივი პროცესია.
შესაბამისად, არც ერთი გადაწყვეტილება, არ შეიძლება ჩაითვალოს „ლმობიერი მიდგომის გარანტიად“ ან პირიქით. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მტკიცებულებებზე, საქმის მასალებზე და კანონმდებლობაზე. პროკურატურა, ისევე როგორც სასამართლო, საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავს და არა შაბლონურად. კორუფციასთან ბრძოლა სწორედ ამ პრინციპით მიმდინარეობს, თანაბრად და უკომპრომისოდ ყველას მიმართ, მაგრამ ყოველთვის სამართლებრივი ჩარჩოების შესაბამისად.
-თქვენი გამოცდილებისა და სიღრმისეული ანალიზის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით საქართველოში ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის მოსალოდნელ პროცედურებს, რამდენად შეიძლება ეს პროცესი იქცეს არა მხოლოდ ეკლესიურ, არამედ პოლიტიკურად მნიშვნელოვან ფაქტორად ქვეყნის შიდა დინამიკაში ?
-ამ კითხვის კონკრეტულ პასუხამდე, მინდა ილია მეორის გარდაცვალება მივუსამძიმრო ყველას, ვინც მისი გულში დატევა და მისი სიყვარული შეძლო.
არ მინდა ზედმეტად მხატვრულად გამომივიდეს, მაგრამ უნდა ვთქვა რასაც ვფიქრობ : ჩვენი პატრიარქი იქაც წელში მოხრილი, დაღლილი საქართველოა !
და უფალს ვთხოვ იქაც შეაძლებინოს ჩვენთვის ის, რაც მან აქ უკვე შეძლო !
თუ გავიაზრებთ, რომ პატრიარქი გარდაიცვალა სიკვდილისაგან სიცოცხლეში, მაშინ ამ მოცემულობას ქრისტიანული თვალსაზრისით მადლიერებით მივიღებთ თუმცა, მისი ფიზიკურად აქ აღარ ყოფნა ლოგიკურია გვიმძიმს.
ის რაც ხდებოდა პატრიარქის საავადმყოფოში გადაყვანის დღიდან მისი დაკრძალვის და შემდგომი დღეეების განმავლობაში არის დასტური იმისა, რომ ქრისტეს მსახური პატრიარქი, უყვარდა და უყვარს ერს, ანუ ქრისტე უყვარს ერს და რთულია მოერიო ერს ასეთი რწმენით.
პატრიარქი იყო სიყვარულის მაგალითი, მას უყვარდა ყველა ადამიანი ისე, რომ შეუძლებელია ეს ადამიანური ყოფილიყო, თუარა ღმერთი მასში.
და მან სიყვარულით გააერთიანა ერი და ახალი თავსატეხი გაუჩინა იმ ძალებს, რომლებიც მართლმადიდებლობასა და ეკლესიას ებრძვის.
შესაბამისად კონკრეტული ძალები, მთავრობისგან განსხვავებით, ღიად ერევიან პატრიარქის არჩევის პროცესში და პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, რაც ნამდვილად ყურადსაღებია და არ იქნება მარტივი პროცესი.
პატრიარქზეა დამოკიდებული ეკლესიის ერთიანობა, ეკლესია კი გადამწყვეტ როლს ასრულებს ერის სულიერ, ზნეობრივ და ჯანსაღ ფორმირებაში.
ეკლესიას ისტორიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
მოქმედი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით პატივს სცემდა პატრიარქს და არასოდეს ჩარეულა ეკლესიის საქმეში და შესაბამისად არ ერევა ამ პროცესშიც.
სამწუხაროდ, ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად კონფრონტაციაზე არიან ორიენტირებულნი, ცდილობენ ამ სუფთა სულიერ პროცესს პოლიტიკური შეფერილობა შესძინონ და საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიონ.
ეს მცდელობები არა მხოლოდ ამორალურია, არამედ ეწინააღმდეგება ერის ერთიანობის იდეას, რომელსაც ილია მეორე მთელი ცხოვრება ემსახურებოდა.
პატრიარქის არჩევა უმნიშვნელოვანესი პროცესია, თუმცა ის ამ მნიშვნელობიდან გამომდინარეც კი არ გახდება მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური კარნახით მართვადი პროცესი. რადგან ეს გუნდი არ არის სააკაშვილის გუნდი, რომელიც ამრეზით უყურებდა მართლმადიდებლობას, პატივს არ სცემდა ეკლესიას, პატრიარქს და ქართველ ერს.
ბიძინა ივანიშვილის თავდადებით ,,ქართული ოცნება” თავიდანვე ჩამოყალიბდა ძალად, რომელმაც ხალხის ერთიანი განწყობის ძალითა და უფლის რწმენით შეცვალა მაშინდელი მკვლელი რეჟიმი.
-დაბოლოს, თქვენი აზრი განსაკუთრებით მოთხოვნადია ჩვენი მკითხველისთვის, რომელიც ხშირად აღნიშნავს თქვენი პროგნოზების სიზუსტეს, როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ახლო პერიოდში : რა არის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ?
-საქართველოს მომავალი ახლო პერიოდში, სტაბილური და პერსპექტიულია. მსოფლიოში არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა უფრო მეტად გაზარდოს საკუთარი სატრანზიტო როლი. ქვეყნის გავლით უკვე ხორციელდება ენერგომატარებლების ტრანზიტი, ასევე საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო კვანძს, რომელიც კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა, რომელიც საქართველოს გეოსტრატეგიულ ფუნქციას კიდევ უფრო აძლიერებს. შესაბამისად, სწორი პოლიტიკის პირობებში, ქვეყნის საერთაშორისო როლი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც პირდაპირ აისახება სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.
რაც შეეხება გამოწვევებს, ისინი ძირითადად გამომდინარეობს გლობალური პროცესებიდან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ახერხებს ამ გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ქვეყნის პოზიციებს ამყარებს როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო დონეზე.
მაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი, უკეთ გააცნობიერებს მშვიდობის ფასს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ არჩეული პრაგმატული პოლიტიკა არა უბრალოდ ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგიაა.
ეს არის გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და საბოლოოდ მიიყვანს მას გაერთიანებამდე და გრძელვადიან წარმატებამდე.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





