
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უგზო-უკვლოდ ,,დაკარგული” საქმე კვლავ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დაუბრუნდა ?
ორიოდე დღის წინ ,,Geo News”- მა გამოაქვეყნა წერილი სათაურით : ,,სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ,,ძაღლი პატრონს ვერ სცნობს” ” ? სტატიაში საუბარი იყო დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოდან ზემოხსენებულ უწყებაში გაგზავნილ მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების საქმეზე, რომელიც ჩვენი ვარაუდით, კანცელარიაში ,,გაიჩხირა “….
და თუ დაიჯერებთ, ეს საქმე მართლაც დაახლოებით ათი დღე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანცელარიამდე მოგზაურობდა… რა თქმა უნდა, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ორივე სამსახურს, მაგრამ უშედეგოდ. ერთი მიუთითებდა მეორეზე და პირიქით. რა უნდა გვექნა საბრალოებს ? გაგვახსენდა, რომ ჟურნალისტები ვართ და თუ ჩვენ თავს ვერ ვუშველით, მაშინ რა პრეტენზიები გვაქვს ვუშველოთ საზოგადოების ღირსეულ წევრებს ? ამიტომ დიდი ხანი არ ვიფიქრეთ და შევუდექით საქმეს. დავიწყეთ ჩვენი გამოძიება, სად იმალება ჩვენი საქმე. ვივარაუდეთ, ვივარაუდეთ, ვივარაუდეთ და ბოლოს მივედით დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს ჩვენი საქმე ,,გაჩხერილია” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანცელარიაში და არასახარბიელოდ დავახასიათეთ მისი თანამშრომლები, რომლებიც უფრო კომპიუტერული თამაშებით არიან ალბათ გართულნი. და მოხდა ,,სასწაული”- სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დაახლოებით 4 საათში, დაგვირეკეს ამ სამსახურის თანამშრომლებმა და შეგვატყობინეს, დიახ, ეს წუთია კანცელარიაში მოძებნეს ეს უიღბლოდ მოგზაური საქმე და მყისიერად დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს დაუბრუნესო.
რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ?
დასკვნა ერთია: ძალოვანმა სტრუქტურებმა ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიონ კადრები, და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კანცელარიაში და ვალდებულნი არიან დროულად მიაწოდონ თავის ხელმძღვანელობას ის ინფორმაცია, რომელიც მიედინება მათთან. ისე ჩვენში დარჩეს, თუ თქვენ დაგჭირდათ, რა თქმა უნდა, ღმერთმა არ დაგაჭირვოთ, მაგრამ მაინც, თუ დაგჭირდათ და გაუგზავნეთ განცხადება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ის უგზო-უკვლოდ დაიკარგება, მოგვართეთ ჩვენ ,,Geo News”-ს და ჩვენ ძალიან სწრაფად გამოვითვლით თუ სად ,,გაიჩხირა” თქვენი საქმე.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი
,,Geo News”





