
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა, სიახლეები
კობა ხაბაზი : მათი დღეები დათვლილია – ვურჩევ, გონს მოეგონ და ხალხის დაშინებას თავი დაანებონ
იგეგმება თუ არა საქართველოში ,,ევრომაიდნის” მოწყობა და რას პასუხობს ,,ნაცმოძრაობა” ,,სუს”-ის სკანდალურ განცხადებას ? ,,Geo News” ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კობა ხაბაზს დაუკავშირდა.
კობა ხაბაზი : მინდა გითხრათ, ცოტა გულისწყვეტა ვიგრძენი, რადგან მე მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ,,სუსი” სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს შორის არ მასახელებს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, გეტყვით შემდეგს : ,,სუს”-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციებმა გარკვეული კომიკური სახე მიიღო. ხან საბურავებიო, ხან დესტაბილიზაციაო, ხან მაიდანიო, მოკლედ, ყოველთვის სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ, რითაც მოსახლეობის დაზაფვრას ცდილობენ. თუმცა ვთვლი, რომ ეს ინფორმაციები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, რადგან მათი განცხადებების ქვეტექსტში ყოველთვის იკითხება, თუ რას გეგმავენ თავად, რას აპირებენ და რისი ეშინიათ.
მოდით, პირდაპირ გეტყვით, რა მიზანს ემსახურება მსგავსი განცხადებები. პირველი: უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციას. რატომ ? მათ გადასარევად იციან, რომ ისინი არიან პატრიოტი ადამიანები, პატრიოტი ადამიანი კი, კოლაბორანტი ხელისუფლებისთვის ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. აი, ამ განცხადებით ისინი ცდილობენ მათ განეიტრალებას, ან მათ გარშემო უარყოფითი აჟიოტაჟის შექმნას. მეორე: რა თქმა უნდა, უკრაინის დაკნინება და უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, რათა რამენაირად დააჯერონ მოსახლეობას, რომ უკრაინა საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი, რაც არის აბსურდი. თქვენ იცით, რომ მე, კარგა ხანი, ვიყავი უკრაინაში ( ომამდე ) , ომის დროსაც, დამერწმუნეთ, უკრაინას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ კეთილი ზრახვების გარდა, არაფერი ამოძრავებს. ამავე კონტექსტში ჯდება იგივე ,,ევრომაიდნის” უარყოფით ჭრილში მოხსენიება.
სინამდვილეში ,,ევრომაიდანი” იყო უკრაინის არჩევანი რუსულ გზასა და ევროპულ გზას შორის, რომელიც უკრაინელი ხალხის ნება იყო. მაიდანი იყო უარი რუსულ გზას. ამ განცხადების ქვეტექსტში იკითხება კიდევ ერთი რამ : ,,ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის, რომ ევროკავშირის მიერ წარდგენილი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას არ აპირებს, აქედან გამომდინარე, როდესაც უარს ეტყვიან კანდიდატის სტატუსზე და 12 პუნქტიანი გეგმის შეუსრულებლობა სახეზე იქნება, იციან, რომ ეს მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს. ხალხი ამას მტკივნეულად აღიქვამს, ამიტომ წინასწარ პრევენციას აკეთებენ. პრევენციას იმისა, რომ მოსახლეობა არ გამოვიდეს ქუჩაში. არც კარავია შემთხვევით მოხსენიებული. მათ ეშინიათ კარვების, ხალხის მღელვარების, რადგან იციან, რომ მათი გზა ღალატის გზაა და ღალატის გზასთან კი, ერთადერთი დაპირისპირება საყოველთაო დაუმორჩილებლობაა. ამიტომ ისინი ცდილობენ ამ დაუმორჩილებლობის, მღელვარების წინასწარ ჩაკვლას, მოსახლეობის დასტრესვასა და დაშინებას, რომ თურმე რაღაც ტერორისტული აქტები მოხდება და ა.შ. ვიმეორებ, ეს ემსახურება საზოგადოების დაზაფვრას.
– ფიქრობთ, წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, რასაც საზოგადოების პროტესტი და ქუჩის აქციები მოჰყვება ? სხვათა შორის, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია მზადების პროცესშია, რათა როგორმე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოიწვიონ არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში...
-რევოლუციას საკუთარ თავს ყოველთვის ხელისუფლება უწყობს, რადგან მას თავის ხალხის არ ესმის. ვიმეორებ, როდესაც ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის, ამას რევოლუცია მოჰყვება – რევოლუციაა ამის ლოგიკური შედეგი. მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნება არის, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ხოლო ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მიბმულია და ჩამოკიდებულია რუსეთზე, ხალხს სხვა გზა არ რჩება, თუ არა ხელისუფლების შეცვლა. როცა ასეთი სიტუაციაა, დამერწმუნეთ, მათ, ვერც ეს განცხადებები უშველით და ვერც ოპოზიციისა და უკრაინაში მებრძოლი პატრიოტი ბიჭების დისკრედიტაციის მცდელობები.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა: თუ წლის ბოლომდე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ და ქართველი ხალხი არ გამოვა გარეთ, ანუ არ დაგმობს და არ აღუდგება ამას წინ ( წინააღმდეგობის მოძრაობის სახით) , ეს ნიშნავს, რომ ქართველი ერი, საქართველო ეგუება, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება ევროპის სრულფასოვანი წევრი და გახდება რუსეთის გუბერნია. და თუ ქართველი ხალხი ამას შეეგუება, მაშინ ცხადია, აღარ იქნება გამოსვლები, მაგრამ თუ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირში, იგივე ნატოში, მაშინ საპროტესტო აქციები, აუცილებლად, გაიმართება, მეტიც, ქართველი ხალხი ,, ქართულ ოცნებას” პანღურით გააძევებს და ისტორიის სანაგვეზე მოისვრის. ასე რომ, ყველაფერი ქართული საზოგადოების ხელშია.
მე, კობა ხაბაზი ყველა იმ საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე ვიქნები, რომელიც საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის წინააღმდეგ გაიმართება. ხელისუფლებას კი ვურჩევ, გონს მოეგოს, მოსახლეობის დაზაფვრასა და დაშინებას თავი დაანებოს. ტყუილად ირჯებიან, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენი გზა ევროპაშია და არა პუტინის რუსეთში.
–და მაინც, თქვენი დაკვირვებით როგორ განვითარდება პროცესები? ექსპერტების თქმით, სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრად იქნება დამნაშავე…
-ღმერთმა არ ქნას. მე ვიცი ერთი რამ: , ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რადგან კრემლიდან იმართება, ამ მიზნის მისაღწევად კი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაა საჭირო. მე მაინც მგონია, რომ ქართველი ხალხი იტყვის თავის სათქმელს და ამათ კარგი დღე არ დაადგებათ – მათი დღეები დათვლილია.
ქეთი ხომერიკი





