
უკიდურესად მწვავეა ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ახლა მთავარი კითხვაა, როგორი იქნება ირანის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის რეაგირება ?!
უკიდურესად მწვავეა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ეტაპისთვის ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმები შეწყვეტილია, თუმცა ოფიციალური თელავივი ირანს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება.
საერთაშორისო მედია საშუალებების ინფორმაციით ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. მასირებული იერიშების სამიზნე იყო სამოქალაქო ობიექტები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. პარალელურად ისრაელი გვიან ღამით თელავივში მომხდარი ტერაქტის მიღმა ირანის კვალს ხედავს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.
სარაკეტო იერიშების შემდეგ ირანმა საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საომარი არეალის ზრდის და ახალი ომის დაწყების პრევენცია დასავლეთის მთავარ გამოწვევად რჩება.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორი იქნება ირანის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის რეაგირება.
„საფასური აუცილებლად იქნება გადახდილი“ – ასეთია ნეთანიაჰუს გზავნილი. პარალელურად, ისრაელი ღაზაში და ლიბანის სამხრეთით სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.
,,Geo News ” თელავივში მცხოვრებ ქართველს, ისრაელის მოქალაქეს, იურისტს მაკა გოგოხიას ექსკლუზიურად ესაუბრა.
მაკა გოგოხია: 181 ბალისტიკური რაკეტა ,,შიხაბ-3″ (1,2 ტ.) გამოუშვა გუშინ საღამოს ირანმა ისრაელში. უმრავლესობა მოიგერია ისრაელის საჰაერო თავდაცვამ.… დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება….მძიმე წუთები გვქონდა. ვწუხვარ, ქართველის დაღუპვის გამო. ბევრი მწერს და მკითხულობს. კარგად ვართ, მყარად და დაცულად ვგრძნობთ თავს. ყველაფრისთვის მზად ვართ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ირაკლი გუნია, თამთა მაისურაძე





