
გელა ნიკოლაიშვილი ,,GEO NEWS”-თან საქართველოს პროკურატურისა და ,,მადამ” პრეზიდენტის ურთიერთგადაძახილს სამართლებრივად აფასებს
,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენელი, ცნობილი იურისტი გელა ნიკოლაიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საქართველოს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს და ამბობს იმასაც, თუ როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა განხორციელდეს, რომელიც პროკურატურასთან კანონით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
– ბატონო გელა, გთხოვთ შეგვიფასოთ, რამდენად გამართლებულია საქართველოს პრეზიდენტის ცალმხრივი განცხადებები არჩევნების საყოველთაო გაყალბების თაობაზე, მაშინ როდესაც თავად პრეზიდენტივე აცხადებს, რომ გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს და ეს მხოლოდ მოსახლეობის აღქმაზეა დამყარებული ?
-აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, რადგან ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ამბობეს, რომ არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. ასეთ დროს, როცა პრეზიდენტი აცხადებს, ჩემგან კი არ უნდა ელოდებოდეთ მტკიცებულებებს, არამედ პროკურატურამ თავად უნდა მოიპოვოსო, როგორც ჩანს, ქალბატონ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ ააქვს გამოძიების სტრუქტურაზე და შინაარსზე.
რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და მოიპოვოს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების გამოკითხვით, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს, მე ვიცი არჩევნები გაყალბდაო.
-ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი უარს აცხადებს პროკურატურაში გამოცხადებაზე და მოწმის სახით გამოკითხვაზე, თქვენთვის როგორც მაღალი კლასის იურისტისთვის, რამდენად მისაღებია და შეაფერხებს, თუ არა ეს, მართლმსაჯულებას ჭეშმარიტების დადგენის გზაზე ?
-რასაკვირველია, შეაფერხებს. პროკურატურა ეუბნება პრეზიდენტს, თუ იცი და აცხადებ, რომ არჩევნები გაყალბდა, მოდი და გვითხარიო. იმის მაგივრად, რომ მივიდეს და მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რა განცხადებებს აკეთებს კი ხედავთ.
ზურაბიშვილმა რატომღაც შეურაცხყოფად მიიღო პროკურატურის ჩართვა ამ საქმეში. გამოკითხვაზე არ მივალო აცხადებს, აი, ეს მისი მხრიდან არის სრული აბსურდი და უვიცობა.
მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და იმის ძახილი, რომ არჩევნები გაყალბდა, არაფრის მომტანია თავად მისთვის, გამოდის არაფერი აქვს სათქმელი პროკურატურისთვის, რადგან მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებისა ბუნებაში არ არსებობს. ვიმეორებ, მას იბარებენ იმისთვის, რომ თქვას ის, რაც იცის, ის არ მიდის. ეს კი, პრეზიდენტის მხრიდან, არის სრული გაუგებრობა და სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემლობა.
პრაქტიკულად, ის ამბობს, არ მივალ და არ მივცემ ჩვენებას იმაზე, რაც ვიციო. მისი უარი არის საბოტაჟი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, ან რაღაც გაუგებრობა მისი მხრიდან. სახელმწიფო ინსტიტუტებმა თვითონ როგორ უნდა გამოიძიონ, როცა ადამიანი გეუბნება, მე რაღაც ვიცი და არ გეტყვიო.
როცა ადამიანს მოწმის სახით იბარებენ გამოკითხვაზე, ის კი, მისვლაზე უარს ამბობს. მას შეუძლია თქვას, რომ არ მივა პროკურატურაში, მაგრამ მივა გამოსაკითხად სასამართლოში, მაგრამ ის ამასაც არ აკეთებს.
-როგორც ჩანს, კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს სათქმელი არაფერი აქვს…
-გასაოცარია პირდაპირ. სხვათა შორის, თქვენ იცით, რომ, როცა მოწმე არ მიდის ჩვენების მისაცემად, აქვთ უფლება, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩვენების მისაცემად იძულების წესით მიიყვანონ. და ამაზეც, თუ უარს იტყვის, ეს უკვე ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება იმაზე არ წავა, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე იძულებით მიიყვანონ. აი, მერე ახალ სკანდალს ააგორებენ, რომ თურმე როგორი ზეწოლაა პრეზიდენტზე.
– როგორ გესახებათ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული საპროტესტო გეგმა და რა მოლოდინი გაქვთ ?
-ოპოზიციის გეგმაა, რომ უწყვეტი პროტესტი სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდეს. თუმცა, ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ, ვინაიდან, ეს უნდა იყოს საყოველთაო მობილიზაცია, რაც დღეს არ არის. დღეს, როცა საუბრობენ აქციებზე, საინტერესოა, რატომ არ გამოვიდნენ 26-ში ღამე გარეთ, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გააკეთეს ?
მათ თავი ,,მოიტყუეს”, ყალბ ეგზიტპოლებს დაეყრდნენ, რომლებიც იმავე ღამეს გამოქვეყნდა. რაც შეეხება ,,ისფედს”, რომელიც მათთვის მთავარი საყრდენია, პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, მაგრამ ამბობს, რომ თურმე, მათი მონაცემები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა.
-,,ქართული ოცნება” მეოთხედ იქნა არჩეული ხელისუფლებაში. ხომ არ მიუთითებს ეს ფაქტი იმ გარემოებაზე, რომ ოპოზიციური ძალები ძირითადად საქართველოს მტრების დაკვეთის შემსრულებლები არიან და ქართველმა ხალხმა ეს გაიაზრა ? დასავლეთის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშ ჩარევაც შეაფასეთ…
– ვფიქრობ, ამ გამარჯვების მიზეზი მაინც ის არის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მხილებულნი არიან. საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენენ ისინი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ისინი ძირითადად ,,ნაცმოძრაობის” სახეები არიან, რომლებიც ხალხმა სისხლიან ცხრა წლიან რეჟიმად შეაფასა, რაც მათ კარგად იციან. ის,რომ სააკაშვილის პარტიამ ნაკლები ხმა მიიღო არჩევნებში, ესეც სწორედ ამაზე მიუთითებს და მეორე, ეს იყო, რაც თქვენ თქვით – ჩარევები დასავლეთიდან. ისინი ხალხს რეალურად ვერაფერს სთავაზობდნენ. ეს იყო სიძულვილი და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და ზერელედ წამოსროლილი ფრაზები, 200 000 სამუშაო ადგილი და 1000 ლარიანი პენსია. ეს იყო დაუსაბუთებელი, ისინი ჰაერზე ლაპარაკობდნენ და ხალხმა, ამიტომაც არ დაიჯერა ეს. და ეს დასავლეთიდან ზეწოლა და გარიგება ნაც ოპოზიციაზე, ამანაც იმოქმედა ამომრჩეველზე, თან იყო უსამართლობა, რადგან ქართველი ხალხი გრძნობს სად არის სამართალი და სად უსამართლობა. როცა ასე უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას და უკრაინასა და მოლდოვაზე უკან აყენებენ – თავისი განვითარების მხრივ ყველა მიმართულებით, რაც უკვე აშკარაა, ეს არის მათი მხრიდან მიკერძოებული შეფასებები, აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარეა, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, ქართველი ხალხი კი, ყოველთვის სწორ და ბრძნულ არჩევანს აკეთებს.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი





