
,,ქართული ოცნების” რეგიონალური ლიდერი ნიკა კვერნაძე ბიძინა ივანიშვილის მშვიდობის პოლიტიკის ქართული საზოგადოების მხრიდან სრულ მხარდაჭერაზე საუბრობს და გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს როლზე აქცენტს აკეთებს
,,GEO NEWS” იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსს, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის წევრს, ნიკა კვერნაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ღირსეულად წარუძღვება საქართველოს, დაიცავს მის ეროვნულ ინტერესს, გააძლიერებს სუვერენიტეტს და ამდაგვარად, ღირსეულად შესძლებს ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის.
–დასავლეთი და დესტრუქციული ოპოზიცია ,,ლგბტ” პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმებას ითხოვს, მეტიც შანტაჟის ენით საუბრობს, როგორია თქვენი შეფასება ?
-გასული თვეების განმავლობაში საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე მოდის უპრეცენდენტო მასშტაბებს და ფორმებს იძენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ნამდვილად გარედან მართულია, ხოლო მისი შემსრულებელი ქვეყნის მტერი ოპოზიცია, კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობაა”. აქაც აღსანიშნავია, რომ მიცემულ დავალებას ვადაგასული ოპოზიცია ვერ ასრულებს, დარწმუნებული ვარ, ამისათვის გასამრჯელოც ნაკლები ექნებათ, ხოლო შენიშვნები უფრო მეტი.
წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოს მოუწოდო არ შეასრულოს საკუთარი ფუნქციები, არ დაიცვას საკუთარი კონსტიტუცია, არ შეასრულოს მისი რეგლამენტი-საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, მიზანმიმართულად მიუყვება ევროპულ ოჯახში ღირსეული ინტეგრაციის გზას, რომელ გზაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები სწორედ ქართული ოცნების ანგარიშზეა.
საქართველოს პარლამენტი არ გააუქმებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, არ წავა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის და გზის წინააღმდეგ. დასავლეთს და ოპოზიციას ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ზეწოლის, შანტაჟის ენით საუბარი არ არის ევროპული ღირებულება, უფრო მეტიც ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებია, რომლებიც ევროკავშირის მიერ აღიარებულ კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
–ბატონო ნიკა, შეგვიფასეთ 26 ოქტომბის არჩევნები და ,,ქართული ოცნების” ისტრიული გამარჯვება ?
–,,ქართული ოცნების” გამარჯვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეაფასა ქართველმა ხალხმა – ეს იყო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ეროვნულ ხელისუფლებასა და აგენტურას შორის, ისტორიულ გზასა და გარედან მოხვეულ პროპაგანდას შორის.
1,200,000-მა ადამიანმა აირჩია ეროვნული ხელისუფლება და მისცა მას ლეგიტიმაცია – ეს არის არჩევნების შეფასება, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ქართველმა ხალხმა კი მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ „საქართველოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება უნდა მართავდეს“ – და ეს ხელისუფლება არის ქართული ოცნება, რომელიც ყველა ქართველის ოცნებას – გაერთიანებულ საქართველოს რეალობად აქცევს, ამიტომ ქართველი ხალხის უმრავლესობა კვლად დადგა ბიძინა ივანიშვილის გვერდით.
–მოდით, შევაფასოთ მმართველი პარტიის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. დასავლეთი ულტიმატუმის ენით საუბრობს და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა…
-მრავალჯერ ითქვა, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კონსტიტუციურ დონეზე ჩანაწერი და არჩევანი ისევ ,,ქართული ოცნების” ანგარიშზეა. ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა – მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
კონსტიტუციის ამ მუხლის შესასრულებლად კი ისევ ,,ქართულმა ოცნებამ” შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა, კერძოდ:
. 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
. 2022 წლის 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნასთან დაკავშირებით.
. 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში ოფიციალურად შევიდა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობა.
. 2016 წლის პირველ ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში.
. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ( DCFTA ) ჩათვლით.
. 2013 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
. 2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე ( DCFTA ) , რომელიც „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ნაწილია.
აღნიშნული ქრონოლოგია გვიჩვენებს, რომ სწორედ ,,ქართული ოცნების” პირობებში აქვს საქართველოს რეალური მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამ მიღწევების გამო არის ოპოზიციის კამპანია უშედეგო.
ამიტომ უნდა გავყვეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების” გზას, რომ საქართველო 2030 წელს ღირსებით გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
–აქვს თუ არა უხეირო ოპოზიციას მასობრივი აქციების რაიმე რესურსი, ისინი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ…
–აგენტურულ ოპოზიციას, რომ რესურსი არ გააჩნია, ამას თავად აღიარებენ, თავად ახდენენ ამ ფაქტის ლუსტრაციას, როდესაც მათ მიერ დაორგანიზებულ აქციებზე სცენაზე გამოსვლას ვერ ბედავენ. რატომ ? – ამ კითხვაზე პასუხი თავადაც და ქართველმა ხალხმა კარგად იცის.
ვფიქრობ, ნამდვილად აღარ ესინჯებათ პულსი, იღებენ პოპულისტურ გადაწყვეტილებებს სიების ჩახსნის შესახებ, რაც იურიდიულ ენაზე, რომ ვთქვათ სრული აბსურდია, უმარტივესი კაზუსია, რომელზეც ალბათ მხოლოდ უნდა გაგეღიმოს.
მოკლედ ვერ შედგება ამ ქვეყანაში გაკოტრებული ოპოზიციის რებრენდინგი, არ დაიჯერა ეს ქართველმა ხალხმა, რადგან მათ ლიდერშიფში ისევ დგას სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები, ყველაზე არაევროპული ადამიანები, რომლებიც გვპირდებიან, რომ ევროპულ გზაზე დაგვაყენებენ – შეფასება თქვენთვის მომინდია, უფრო სწორად ეს შეფასება უკვე გაკეთებულია და მათ ქართველმა ხალხმა მაქსიმუმ 10%-იანი ადგილები მიუჩინა საქართველოს პარლამენტში. შეუძლიათ შევიდნენ, აღასრულონ თავისუფალი არჩევნების ეს ნება ან ასევე შეუძლიათ არ შევიდნენ, არ მგონია სასარგებლო პროცესების ინტერესები ამოძრავებდეთ. მათი სცენარი ისევ არეულობა, სისხლის ღვრა, ძალადობრივი აქციები და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში ჩვენებების მიცემაა. საკუთარი ქვეყნის მოღალატეებს და მათ აქციებს საფუძველშივე აქვს პერსპექტივა და რესურსი დაკარგული.
–როგორი იქნება საქართველო აშშ-ის ურთიერთობა ახალი ადმინისტრაციის პირობებში, იმ ფონზე, როცა ,,ქართული ოცნებისა” და ტრამპის ხედვები მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის კუთხით იდენტურია ?
-ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიოში ომები მძვინვარებს, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან პერსონების პირად ინტერესებს.
ამერიკაში გადასახადის გადამხდელებს, როგორ ჩანს არ ხიბლავდა პრეზიდენტ ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელიც არ ემსახურებოდა მათ ინტერესებს. მათ დონალდ ტრამპის არჩევით დაადასტურეს, რომ აქვთ სურვილი ამერიკა კვლავ გახდეს დიდებული.
საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კამპანია, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკაში აწარმოებდა ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების დაცვის კუთხით, გვაძლევს საშუალებას პარალელები გავავლოთ ,,ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის ხედვებთან, რომლებიც ასევე ქვეყნის ინტერესების, ეროვნული ფასეულობების და ღირებულებების დაცვას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, ცივილიზებული სამყაროს და ქართველი ხალხის უმრავლების არჩევანი ერთმანეთს ემთხვევა, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ საქართველოს და ამერიკას შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, გადაიტვირთოს და ემსახურებოდეს ორივე ქვეყნის მიზნებს, საერთაშორისო, მშვიდობიანი დღის წესრიგის პარალელურად.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





