
შშმ პირთა მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,სიკეთის მაძიებლის” დამფუძნებელი ირაკლი ჭანტურია ქართული და გლობალური პოლიტიკის გამოწვევებზე საუბრობს
,,GEO NEWS” აბაშის შშმ პირთა ორგანიზაციის ,,სიკეთის მაძიებლის” დამფუძნებელს და გამგეობის თავჯდომარეს ირაკლი ჭანტურიას ექსკლუზიურად ესაუბრა.
ბატონი ირაკლი ფართო სპექტრით აანალიზებს ქართული პოლიტიკური მოვლენების ლანდშაფტს და მსოფლიო წესრიგის ახალ სისტემაში ჩვენს ადგილს. ამავდროულად, იგი მომხრეა რუსეთის ფედერაციასთან გონივრული პოლიტიკის წარმოებისა და ხაზგასმით აქცენტირებს ,,ქართული ოცნების” შშმ პირებზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.
-რამდენიმე დღეა, ბათუმში სტუდენტები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და აქციებს აწყობენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ აქციებში ოპოზიციასთან დაკავშირებული ახალგაზრდები არიან ჩართულნი. იყენებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია სტუდენტებს საკუთარი ბინძური გეგმებისთვის ?
-ვფიქრობ, არახალია და ყველასთვის ნათელია, რომ ოპოზიცია გულანთებულ ახალგაზრდებს იყენებს. სხვათა შორის, ამ აქციებში ახალგაზრდების მცირე რაოდენობაა ჩართული და არა ახალგაზრდების უმრავლესობა. მე, მათ შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ, არც მივაყენებ. იმ აქციებზე უდავოდ გულანთებული და ქვეყნის პატრიოტი ახალგაზრდები დგანან. გავა დრო, დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ არასწორ გზაზე იდგნენ.
არსებობს ინფორმაცია, რომ სტუდენტებს რაღაც საუბარი ჰქონდათ რექტორთან, რაც არასასიამოვნო ფაქტია. ახლგაზრდებს თავად შეუძლიათ მოაწყონ და დააორგანიზონ აქციები და არა ოპოზიციური პარტიების ჩართულობით.
-რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და სიების ჩახსნას ითხოვს, რაც კანონმდებლობით შეუძლებელია. როგორია თქვენი შეფასება ?
–დამწყებმა იურისტმაც კი იცის, რომ კანონმდებლობით სიების ჩახსნა პირველი სხდომის ჩატარებამდე შეუძლებელია. უბრალოდ, ეს არის მათი პროტესტი, რითაც ცდილობენ ხალხი დააჯერონ ამაში, ეს ელემენტარულია და მსგავსი რაღაცეები არ ხდება.
ვფიქრობ, ოპოზიცია არასწორად იქცევა და პატივს არ სცემს თავის ამომრჩეველს. ქვეყანას სჭირდება განვითარება. 2025 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებელია და მარტო თავიანთ თავებზე და საკუთარ კეთილდღეობაზე არ უნდა ფიქრობდნენ.
რაც შეეხება ხელახალი არჩევნების ჩატარებას, არ მახსოვს რომელ ქვეყანაში ჩატარდა, მაგრამ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო მაღალი შედეგით გაიმარჯვა.
ვფიქრობ, საქართველოს იმდენი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ რომც ჩატარდეს, კიდევ უფრო მაღალი პროცენტით გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება”, რადგან ის სწორ მხარეს დგას.
საქართველო ტრადიციული ფასეულობების ქვეყანაა და ჩვენ არავის მისათითებელი არაფერი გვჭირს. კი ბატონო, ევროკავშირის წევრობა ჩვენ ძალიან გვინდა, მაგრამ ღირსებითა და მშვიდობით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავალი ნათელი და ლამაზი იქნება. და არა ის, რომ ჩამოდის ერთი, ორი, სამი, ან ოთხი ევროპელი ლიდერი და მითითებებს გვაძლევს. ასეთია ჩემი, როგორც ერთი ქართველის შეხედულება.
-როგორ შეაფასებდით რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, სადაც ევროპარლამენტარების აზრი ორად გაიყო ?
-ევროპარლამენტში 600-ზე მეტი ადამიანი ზის. ჩვენ კი მხოლოდ ერთეულების განცხადებები მოვისმინეთ. იქ არიან ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებიც, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები პოზიტიურად შეაფასეს. ის უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოსულები იყვნენ და კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდნენ, არჩევნებს დადებითად აფასებენ.
ფაქტია, დღეს საქართველოს ბედი წყდება. საქართველოსთვის ევროპული მომავალია მთავარი მიზანი და, სხვა თუ არაფერი, ამის დასტურია სახელმწიფო უწყებებზე ევროკავშირის დროშები, რაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც არ არის, მათ შორის ,,ქართული ოცნების” დროშა, რომელიც ევროკავშირის ელემენტებით არის გაფორმებული.
ჩემი აზრით, მათ ზედმეტი მოსდით, სწორი ხედვა, რომ გააჩნდეთ არ უნდა აკადრონ და უთითონ საქართველოს რა გააუქმოს და რა არა – საქართველო თავის წესებით თამაშობს, რითაც სუვერენიტეტს იცავს და იღებს იმ კანონებს ( მომავალშიც მიიღებს ), რომელიც საჭიროა და ჩვენს ქვეყანას შეეფერება.
მე, როგორც ერთი ქართველი მხარს ვუჭერ ოჯახურ ფასეულობათა დაცვის კანონს, რადგან საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი და ტრადიციების მქონე ქვეყანა. არავის ვერჩი, მით უფრო ვდევნი, მაგრამ საქართველოში ეს კანონი უნდა მოქმედებდეს.
თქვენ ნახეთ, არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და მისი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული და ვერ გავიგე, საქართველო დაბალი ღობე ნახეს ? ამერიკას ვერ უბედავენ და მხოლოდ საქართველოზე ლაპარაკონ. გაითვალისწინონ, რომ მსგავსი განცხადებებით ისინი ქართველ ხალხს ვერაფერს დააკლებენ, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ და ვიქნებით სწორ მხარეს. დარწმუნებული ვარ, სულ მალე აქეთ შეგვეხვეწებიან. ჩვენ არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს. ჩვენ განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და სხვა სახელმწიფოების ხალხებს პატივს ვცემთ, იგივეს მოვითხოვთ მათგანაც.
–სხვათა შორის, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისევ გააქტიურდა საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი…
–უსაფუძვლო და არაფრის მომტანი საუბრების ნაცვლად, სჯობს რუსეთს თავად დაუწესონ სანქციები. საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება თვითმიზანი არ არის. ეკონომიკურ სანქციებს კი, მოსკოვს ვერავინ უწესებს და ვერც ვერავინ დაუწესებს. და საერთოდაც, ვერ ვხვდები, ჩვენმა ქვეყანამ რატომ უნდა დაუწესოს სანქცია რუსეთს ?
-რას იტყვით იმაზე, რომ დასავლეთიდან მართული სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმის ირგვლივ გამოკითხვაზე უარს ამბობს…
-რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას არ აქვს არგუმენტები და ფაქტები, ამიტომაც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ აქვს მნიშვნელობა, რომ პრეზიდენტია, ეს მას პრივილეგიას არ ანიჭებს – ყველა ევროპულ ქვეყანაში პრეზიდენტები გამოკითხვაზე მიდიან, რა პრობლემა აქვს ? დიახ, რატომ არ მიდის გამოკითხვაზე ? ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია…
-ბატონო ირაკლი, ინტერვიუს დასასრულ, მოდით, 26 ოქტომბრის არჩევნები შეაფასეთ…
-მე, არ მესმის მათი ბრალდებები, რადგან არ ვარ იურისტი და დიდი კვალიფიკაციის მქონე, მაგრამ მაქვს მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დღეს ამ ქვეყანაში შშმ პირების ხმა, რომ ისმის, ეს სწორედ ,,ქართული ოცნების” დამსახურებაა. შშმ პირები დღეს ხელისუფლების სრული მხარდაჭერით სარგებლობენ. ჩემს ირგვლივ ბევრი შშმ პირია, რომელიც სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას უჭერს მხარს.
მე, პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული არჩევნებში, დავდიოდი შეხვედრებზე. იმდენად დიდი მუხტი იყო მმართველი პარტიის მხრიდან, სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო დიდ შედეგს -პროცენტს ველოდი. მე, სადაც ვცხოვრობ იქვე, საარჩევნო უბანთან, კენჭისყრის პროცესს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საარჩევნო უბანი სრულად იყო ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ოპოზიციას არანაირი საბაბი არ გააჩნია იმის თქმისა, რომ არჩევნები გაყალბდა და თუ რაიმე საბაბი ჰქონდა, რატომ მოაწერა ხელი იმ ოქმს ? მათ დამკვირებლები და კომისიის წევრები ხომ ჰყავდათ უბანზე ? ,,გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდაო”, ასეა მათი საქმე.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





