
,,მაიდნის” კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთილ იქნა
28 ნოემბრის აქცია, სამწუხაროდ, ძალზედ მძიმე აღმოჩნდა.
რუსთაველის გამზირზე ვითარება ღამის 02:00 საათისთვის დაიძაბა. მომიტინგეებმა სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს, დემონსტრანტები აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავებს და მედიას, რომელსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, დაწვეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კვების ობიექტების გარე ინვენტარი. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე წყლის ჭავლი და ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
აქციას, არც დაკავებების გარეშე ჩაუვლია – სულ 47 მომიტინგეა დაკავებული.
რაც შეეხება დაშავებულებს – დაშავდნენ, როგორც მედიის წარმომადგენლები, ისე მომიტინგეები და სამართალდამცავები, რომელთა სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. მათი ნაწილი უკვე ბინაზეა გაწერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სახის დაზიანება შსს-ს 18 თანამშრომელმა მიიღო.
მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა.
შეგახსენებთ, აქციაზე ვითარების გამწვავებამდე, დასავლეთიდან მართული ,,მადამ” სალომე ზურაბიშვილი მივიდა, ასევე მომიტინგეებთან ერთად, პარლამენტთან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.
არეულობის მცდელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია აქციაზე ჟურნალისტების, პოლიციელების და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სამართალდამცავების მხრიდან ყველა შესაძლო გადაცდომის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
პრემიერი ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა პრემიერის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დაზიანდნენ, რაც მომიტინგეთა ნაწილმა პროტესტის ძალადობრივ გზას მიმართა.
კობახიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები პროტესტის დაწყებიდან მალევე გასცდენ კანონს, რასაც სამართალდამცავების მხრიდან კანონშესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
ირაკლი გუნია




