
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს, საბა ჯიქიას ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი.
„საბა ჯიქიას ედავებიან, რომ ფეხი ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს სხეულის არეში. თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირაო, ძალიან ბევრჯერ აღნიშნა, დანის გამოყენებით თავდასხმაო, თუმცა დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მსგავსი არაფერი ფიგურირებს. ვიდეოჩანაწერში ჩანს პრიალა საგანი, თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის, იდენტიფიცირებული არაა. ამ საგანს ფაქტთან არანაირი კავშირი აქვს“, – განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.
საბა ჯიქია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.





