• December

    24

    2024
  • 79
  • 0
ელგუჯა ცომაიამ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა

ელგუჯა ცომაიამ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული, ტრაილერის მძღოლი ელგუჯა ცომაია დაიკითხა.

როგორც ელგუჯა ცომაიამ განაცხადა, სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა.

ამასთან, ცომაიას თქმით, მას ადრეც ჰქონდა ურთიერთობა გია ლორთქიფანიძესთან, მაშინ, როდესაც უკრაინაში პირადი პრობლემების მოგვარება სურდა და ახლობლებმა ლორთქიფანიძის ტელეფონის ნომერი მისცეს.

„ჩემი ნათესავი დაიჭირეს და მერე შემახვედრეს გია ლორთქიფანიძესთან, მაქამდე არ ვიცნობდი მას. შევეხვეწე, დამხმარებოდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. კიევში შევხვდით რესტორანში. დახმარებას შეეცადა, მაგრამ შედეგი არ იყო. როცა შევხვდით ერთმანეთს, მაშინ მთხოვა, თუ შევძლებდი სააკაშვილის გადმოყვანას საქართველოში. დავთანხმდი. მანქანით უნდა გადმომეყვანა, საზღვრის გვერდის ავლით. დრო არავის უთქვამს, არც მე ვიცოდი. მეუღლე დამეღუპა კოვიდის დროს და მერე დამირეკეს, საქართველოდან წავედი წამოსაყვანად ცარიელი სატვირთოთი. ჯერ ერთგან დავიტვირთე რძის ნაწარმით ხარკოვში, მერე ოდესასთან ახლოს. ჩასვლისას შევეხმიანე გია ლორთქიფანიძეს და ვუთხარი, რომ გემი გადიოდა და მიშა ჩამოსულიყო. არმისული პორტამდე ერთ კილომეტრში ბენზინის სადგურზე მოვიდა მიშა მანქანით და გადმოვსვი ჩემ მანქანაში. მოვიდა შავი მანქანით. შეხვედრის ადგილი მე ვუთხარი, სად უნდა მოსულიყო სააკაშვილი. ჩემს მანქანაში მიშა ავიდა ზევით კაბინაში და შევედით პორტში ჩვეულებრივად, დათვალიერების მერე ავედით გემზე და წამოვედით საქართველოსკენ. უკრაინაში ამოწმებენ თავიდან ბოლომდე, სკანერი არ არის იქ, მესაზღვრემ დაათვალიერა. გემზე ყოფნის დროს ვიყავით კაიუტაში. საქართველოში როცა შემოვდიოდით, მისაბმელის უკანა კარები გავუღე, 15-20 წუთის განმავლობაში იყო მაცივარში.

პირველ რიგში, უნდა ჩამეყვანა ფოთამდე, მერე იქ ვიღაც ალბათ დახვდებოდა, ასე მითხრეს. ტელეფონები გვქონდა ორივეს, სამი-ოთხი ტელეფონი ჰქონდა მიშას. ვიდრე ფოთში შემოვიდოდით, გიას ვუთხარი 2-3 ჯერ, რომ გემზე ვიყავით. მინდოდა წამოსვლა უცბად თბილისში, მაგრამ ამ რძის პროდუქტებს სპეცდათვალიერება უნდა გაევლო და ჩემი შვილის მეგობრებს ვთხოვე, თუ შეეძლოთ დახმარება, ფოთის პორტში იქ მუშაობდნენ, მაგრამ ვერ დამეხმარნენ, რადგან სკანერზე იყო მანქანა შესაყვანი. მანამდე ლუქზე შემოწმდა მანქანა, სააკაშვილი ამ დროს მაცივარში იყო. შეამოწმეს მანქანა, ლუქი, დაათვალიერა მანქანა, გაგვიშვა გეზისკენ, მანამდე მანაც დაადო ლუქი მისაბმელს. ფოთის პორტში ათი წუთი დავყავით. გეზში შესვლამდე შევეხმიანე ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომ პორტში მოსულიყვნენ. გეზში შეყვანამდე გავაჩერე მანქანა და გადმოვისვი მანქანის სალონში. წინასწარ მქონდა გამზადებული ყველაფერი, რომ მისაბმელის კარები ისე გამეღო, რომ ლუქი არ დაზიანებულიყო. ვიდრე გეზში შევიდოდი, წოწორიებს გადავუსვი მიშა მანქანაში, მათი მანქანა პორტსა და გეზს შორის იდგა. ტრაილერი გეზში დავტოვე. წოწორიებს ვუთხარი, რომ აბაშაში წავსულიყავით. იქ მაქვს ასევე სახლი მე. სააკაშვილს არ უთქვამს, სად უნდა წავსულიყავით, ფოთში რომ არავინ დაგვხვდა, მე ვითხარი, აბაშაში წავიდეთ, იქ სახლი მაქვს-მეთქი. წოწორიებს ვუთხარი, რომ ის, რაც ნახეს, ჩვენში დარჩენილიყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ სააკაშვილი ძებნილი იყო. მეორე დილით დავურეკე ნარიმანიძეს, რომელიც ზის იმ ტრაილერზე, რომლითაც შემოვედით. ვუთხარი მას, რომ ჩასულიყო ფოთში, გაევლო პროცედურები და დაეცალა ტვირთი. თბილისში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ მიშამ გადაწყვიტა, ბათუმში წავსულიყავით. იქ რამდენიმე ადგილზე ვიყავით და გზაში გამაჩერა პატრულმა, შემეშინდა და ნარიმანიძეს დავურეკე, რომ თბილისში არ წასულიყო და დამლოდებოდა. ნარიმანიძე საწვავზე გავუშვი. ამ დროს მიშა ავიდა, საწოლი სადაც არის, საჭის ზევით და იქ გაჩერდა. ზესტაფონში გავჩერდით საჭმელზე და ნარიმანიძემ მიშა სააკაშვილი იქ დაინახა პირველად. ხაშურს რომ გამოვცდით, მივიღე მესიჯი – მიხედეო, ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი. ნარიმანიძე წავიდა გეზში, მე და მიშა ავედით ჩემს ბინაში. მეორე დილით ვიყიდე საჭმელი, ვჭამეთ და ვიყავით. არავის დაურეკავს არც ჩემთვის, არც მიშასთვის. საწვავს ვასხამდი მანქანაში და პოლიციამ გამაჩერა, დამაკავა და ვინ გყავს სახლში მითხარიო. ამიყვანეს სახლში, თავად გააღეს კარები და მიშა წაიყვანეს სახლიდან. ჩხრეკა ჩატარდა სახლშიც, მანქანაშიც. ლორთქიფანიძისგან რაც მოდიოდა, მიშას ვაკითხებდი ხოლმე. იყო შეტყობინებები ლორთქიფანიძისგან, რომ იქ მიდი, აქ მოდი. პორტში სიბნელეში გავაჩერე, მიშა რომ გადმომესვა მაცივრიდან კაბინამდე, რათა არავის დაენახა“, – განაცხადა ელგუჯა ცომაიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ელგუჯა ცომაიას გარდა, ბრალდება კიდევ სამ პირს – ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor