
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი – შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომელიც საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანისთვის ალბათ პოზიტიური გზავნილია
ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანისთვის ალბათ პოზიტიური გზავნილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აქცენტი გაკეთდა პატიმრებზე, რომელთაც ჩადენილი აქვთ მსუბუქი დანაშაული და ვისაც სასჯელის ძირითადი ნაწილი მოხდილი აქვთ. ყაველაშვილი ამბობს, რომ ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც.
„როცა ამირჩიეს, ეს იდეა მაწუხებდა, გავუზიარე პრემიერ-მინისტრს და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დავიწყეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა. დარწმუნებული ვარ, გახარებული იქნებოდნენ ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მშობლები, მეგობრები და ეს მამოძრავებდა, რომ ეს აქტი აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო პირველივე ეტაპზე. გახარებული და მადლიერი ვარ, რომ ეს აქტი განხორციელდა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული, ერთი მხრივ, ჰუმანურობასა და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომელთაც ჩადენილი აქვთ მსუბუქი დანაშაული და ასევე სასჯელის ძირითადი ნაწილი ვისაც აქვთ მოხდილი. ამით ვიხელმძღვანელეთ და ეს პრინციპი იქნება დაცული შემდგომ ეტაპზეც“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან კოორდინაციით მიიღო და ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის საქმე იხილებოდა.
„საკმაო დრო გვქონდა, დაახლოებით სამ კვირაზე მეტი, რომ მიგვემართა უწყებებისთვის. ჩვენ აღებული გვქონდა პრინციპი – მსუბუქი დანაშაულები და ვისაც მოხდილი აქვს ძირითადი სასჯელი. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ დონეზე ყოველი პატიმრის ქეისი იხილებოდა, მოთხოვნა ბევრად მეტი იყო, ვიდრე 613-ია. ყველა უწყებას ჰქონოდა თავისი პასუხისმგებლობა და სამუშაო პროცესი, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური და ასევე მთავრობის სხვა რგოლებიც კოორდინაციაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ შეწყალების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„თავისთავად ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს პოზიტიური ჰუმანური აქტი საზოგადოებისთვის მისაღებია იქიდან გამომდინარე, რომ არცთუ ისე მცირე რაოდენობაა ჩვენი პატიმრების. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჰუმანური აქტის განხორციელება შემდგომშიც გაგრძელდება, პრევენციისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას ისეთი სფეროების მიმართულებით, რომლებიც ამ კუთხით შეძლებს, ნაკლები დანაშაულის ცდუნება ჰქონდეს ადამიანს. სწორედ ამ მიმართულებით იქნება განხორციელებული ქმედებები, როგორც განათლების, ასევე ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის, კულტურის კუთხით. დღევანდელი დღე უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ თამამები ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ინსტიტუტიც ამ კუთხით ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი იყოს განხორციელებული ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.





