• February

    10

    2025
  • 233
  • 0
ზურაბ ხაჩიძე : ,,რომც დავუშვათ სურპრიზების ალბათობა, მერწმუნეთ, საპარლამენტო უმრავლესობა უფრო მეტი ხმით აღიჭურვება”

ზურაბ ხაჩიძე : ,,რომც დავუშვათ სურპრიზების ალბათობა, მერწმუნეთ, საპარლამენტო უმრავლესობა უფრო მეტი ხმით აღიჭურვება”

,,GEO NEWS”  მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, პარტია ,,ქართული ოცნების” თანადამფუძნებელს, ბატონ ზურაბ ხაჩიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. ბატონმა ზურაბმა, ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად გააანალიზა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, სიღრმისეულად და საგნის ცოდნით დაგვანახა უახლოესი პერსპექტივები ქართული პოლიტიკური რეალობისა, შედეგად სრულად გამოკვეთა დესტრუქციული ოპოზიციის ფიასკოსკენ მიმავალი გზა და ქართული პოლიციის გმირული მსახურობა ქართული სახელმწიფოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის. ჩვენი მკითხველი ბევრ საინტერესოს ნახავს ამ ინტერვიუში და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ბატონი ზურაბის ინტელექტუალური გონების ფართო შესაძლებლობებში.  

-ბატონო ზურაბ, გთხოვთ, შეგვიფასოთ ის პროვოკაციული ქცევა, რომელიც პარლამენტის 49 უპასუხისმგებლო წევრმა ჩაიდინა მაშინ, როცა ხალხის ნებას უარი უთხრა და საკუთარი მანდატის განხორციელების მაგივრად, დესტრუქციისა და ქვეყნის მტრობის გზას დაადგა ?

-პარლამენტის უპასუხისმგებლო ის 49 წევრი, რომელზეც აქცენტირებთ, ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიციის „გენერლები“ არიან. სწორად ეს პერსონები ცდილობდნენ ინტენსიურად სამშობლოს ღალატისა და გაუბედურების ხარჯზე, მოეპოვებინათ საკუთარი ბედნიერება, ხოლო მათი საპარლამენტო მანდატის მიმნიჭებელი რიგითი ამომრჩეველი კი, მხოლოდ მერკანტილური მიზნის მისაღწევ საშუალებად გამოეყენებინათ.

ოპოზიციონერი რადიკალები, დონორების მოთხოვნებისამებრ ყველა ხელმისაწვდომი ტრიბუნიდან, გარკვეულ დრომდე ახარხებდნენ სახელმწიფოსთვის დისკომფორტის შექმნას, ქვეყნის შიგნით იქნებოდა ეს, თუ გარეთ.

დამკვეთებისგან ფინანსების შეზღუდვების გამო, დიდ დაბნეულობას ვადევნებთ თვალს რადიკალური ოპოზიციის რიგებში, ზოგი პოლიტიკას ტოვებს, ზოგიც ქვეყანას…

მათი არასახელმწიფოებრივი მოქმედებების ლოგიკური დასასრულის მომსწრენი ვართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ზუსტად განუმარტოთ რა მიზანს ისახავს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ინიცირებული იქნა მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ? ვიგრძნობთ თუ არა თავს მეტად დაცულად და აარიდებს თუ არა თავს პროვოკაციებს პოლიცია, როდესაც ახალი კანონმდებლობა სათანადო სამართლებრივი ბერკეტებით შეაკავებს ქვეყნის მტრებს მავნებლობისაგან ?

-მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც პოლიტიკურ ველზე შეიქმნა ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე. პრეცენდენტებითაც იხვეწება ჩვენი კანონმდებლობა. ქვეყნის წინააღმდეგ ლიბერალ-ფაშისტებისგან და ,,დიფ-სთეითისგან” მომდინარე, რადიკალური ოპოზიციის ხელით წარმოებული ჰიბრიდული ომი მოსაგები გვქონდა.

ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოში ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული, თუმცა თვით მოქალაქეთა უფლებების დამცველები, თუ უპირველესად არ იქნებიან კანონმდებლობით დაცულები, ამ მხრივ ყველა სხვა მცდელობა უშედეგო იქნება.

პოლიცელების პროვოცირების და შემდგომ მათზე იერიშის მიტანის მრავალჯერად მცდელობას ვადევნებდით თვალს, რათა რაიმე ფორმით დაერღვიათ სამართალდამცავთა მონოლითურობა. მრავალი უშედეგო შეტევა იყო სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტებზეც.
შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდგომ განვლილი პერიპეტიებიდან საქართველო უფრო ძლიერი და დაწინაურებული გამოვიდა, უფრო მყარი სუვერენიტეტით და უფრო მაღალ საფეხურზე.

სამართლიანობა ითხოვს აღნიშვნას, რომ ეს მიღწევები ,,ქართული ოცნების” გუნდის სწორი და ურყევი პოლიტიკის დამსახურებაა.

რამდენად დასაშვებია, მზია ამაღლობელის მსგავსი ე.წ. ჟურნალისტები ამოეფარონ ამ სტატუსს და მოითხოვონ მართლმსაჯულების მხრიდან, მათ მიმართ პრივილეგირებული მოპყრობა, ანუ არ დაისაჯოს მაშინ, როდესაც პირდაპირი თავდასხმა განახორციელა პოლიციელზე, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა, შესაბამისად,  თავს დაესხა სახელმწიფოს მდგრადობასა და სუვერენიტეტს ?

სახელმწიფოში კანონდარღვევისას ჟურნალისტობა და „ენჯეოშნიკობა“ ინდულგენციას არ უნდა წარმოადგენდეს. კანონის წინაშე ყველა უნდა გათანაბრდეს პროფესიის, სქესის, ასაკის, აღმსარებლობის მიუხედავად. ეს რომ ასე არ იყოს, ანარქია მოიცავს საზოგადოებას და სახელმწიფო ჩამოგვეშლება. ამდენად, მზია ამაღლობელიც გამონაკლისი ვერ იქნება, მით უმეტეს, რომ აქ საქმე დამამძიმებელ გარემოებასთან გვაქვს. რამდენადაც ცნობილია დანაშაულის ჩადენის მომენტში, ის სხვა დანაშალისთვის იყო ბრალდებული.

ოპოზიციის მანტიით მოსილი ანარქისტული ძალები დაუღალავად გულშემატკივრობენ მზია ამაღლობელის შიმშილობის აქტს, ფატალური შედეგის დადგომამდე, რათა შემდგომ მოქალაქეთა უკმაყოფილების ახალი ტალღის აგორებით, რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა დააორგანიზონ.

სამწუხაროა, რომ ამჯერადაც, როგორც ყველა განვლილი ანარქიული აქტივობის თავში არიან ,,დიფ-სთეითის” ორბიტაზე მყოფი დასავლელი პოლიტიკოსები.

თუმცა, ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა საღად და პროგრესულად უდგება ყველა წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტას, პრობლემების გამოწვევებად აღქმით და შესაძლებლობებად ქცევით.

ასე მოხდა პოლიციის შემთხვევაშიც, სწორი მართვის საფუძველზე, მრავალი უსაფუძვლო საპროტესტო აქციების, სახელმწიფო დაწესებულებებზე მიტანილი შტურმების, სახელმწიფოს გადატრიალების რამდენიმე მცდელობის მშვიდობიანად აღკვეთის და რევოლუციური სცენარების განეიტრალების შედეგად, ჩვენი პოლიცია ისე დაიხვეწა, რომ გავკადნიერდები და ვიტყვი, ქართული პოლიცია დასავლური სამყაროს ყველა სახელმწიფოს საპოლიციო ძალებზე ჰუმანური, ცივილური და პროგრესულია.

ტრამპის შემდგომი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, იქნება თუ არა გონივრული საქართველომ საკუთარი ინტერესების და გეოსტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოები გააფართოოს, მათ შორის აღმოსავლეთის ქვეყნებზე, ჩინეთი და ა.შ. მეტი აქცენტის გაკეთებით ? ამავდროულად, რამდენად პოზიტიურია თქვენი მოლოდინი საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვის ჭრილში ?

-ხელისუფლება საპარტნიორო ქსელის გაფართოვებაზე, რომ აქტიურად მუშაობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერისა და მისი სამთვრობო გუნდის ბოლო ვიზიტმაც ნათლად აჩვენა. უპრეცენდენტო მასშტაბის საინვესტიციო შეთანხმებას მოეწერა ხელი.

დიახ, პოლიტიკას ინტერესები ამოძრავებს, ამ მოტივით გახდა ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უარი არ გვითქვამს ევრო-ინტეგრაციის გზაზე, აშშ-სთანაც მიღწევადია ყოვლისმომცველი საპარტნიორო პაკეტის შეთანხმება.

ვფიქრობ, არც ერთი მიმართულებით არ უნდა შენელდეს მუშაობა ახალი პარტნიორების შეძენის, არსებულებთან ურთიერთობების გაღრმავების და გამყარების მხრივ. სამუშაოა, როგორც დასავლეთის სახელმწიფოებთან, ისე აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის და, რა თქმა უნდა, გლობალური სამხრეთის მიმართულებით ზოგადად.

აშშ, მსოფლიოს ჰეგემონი სახელმწიფოც კი, მხოლოდ პარტნიორობაში ხედავს პროგრესული პოლიტიკის წარმოების გზას. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა არა მხოლოდ რეგიონულს, არამედ გლობალურ ინტერესს წარმოშობს მსოფლიოს თანამედროვე გადაწყობის პირობებში. ბუნებრივია, აქ შტატების ინტერესები უფრო გამყარდება, შესაძლოა, ეს პირდაპირი ჩართულობითაც გამოიკვეთოს და ირიბადაც, ე.წ. პან-რეგიონულ ჭრილში.

დაბოლოს, ერთგვარად შემკვრელი კითხვა იყოს – ყველა იმ ნეგატიურ მოვლენის გათვალისწინებით, რასაც გამყიდველი ოპოზიცია არჩევნების შემდგომში სჩადიოდა, უნდა გვქონდეს თუ არა პოზიტიური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხის ნება დარჩება ისე, როგორც გამოხატული იქნა 26 ოქტომბერს და არავითარი ახალი არჩევნები სურპრიზად არ მოგვევლინება ?

-მხოლოდ პოზიტიურის მოლოდინი უნდა გვქონდეს, თუმცა რომც დავუშვათ, სურპრიზების ალბათობა, მერწმუნეთ, საპარლამენტო უმრავლესობა უფრო მეტი ხმით აღიჭურვება.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor