
პრემიერ-მინისტრის დუბაიში ვიზიტი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, 2025 წლის თებერვალში დუბაიში ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, სადაც ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლზე საერთაშორისო დაკავშირებადობაში, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კვანძად აქცევს.
ვიზიტისას, ირაკლი კობახიძე შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს. შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.
ასევე, პრემიერ-მინისტრი შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, სადაც მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ბუდაპეშტში გამართვაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.
ვიზიტისას ასევე განხილული იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, მათ შორის ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გაფორმდა მემორანდუმი კომპანია EMAAR-თან, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
ექსპერტების შეფასებით, პრემიერის დუბაიში ვიზიტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ეპიცენტრში ექცევა.
საერთო ჯამში, პრემიერ-მინისტრის დუბაიში ვიზიტი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ





