
სისხლის სამართლის კოდექსში ,,სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენა დროული და აუცილებელია
2025 წლის 17 თებერვალს, პარტია ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ,,სამშობლოს ღალატის” მუხლი აღდგება.
მისი თქმით, აღნიშნული მუხლი 2007 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდე, ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ამოიღეს კოდექსიდან.
აღსანიშნავია, რომ ,,სამშობლოს ღალატის” მუხლი თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 1991 წელს იყო შეტანილი. მუხლი განსაზღვრავდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, როგორიცაა მტრის მხარეზე გადასვლა, ჯაშუშობა ან სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაა, ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ან სიკვდილით, ქონების კონფისკაციით.
მდინარაძის განცხადებით, მუხლის აღდგენა მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინტერესების დაცვას.
ამასთან, იგეგმება სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, მათ შორის ,,ფარა”-ს (FARA) ამერიკული კანონის ინიცირება, ,,მედიის კანონი” და საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვა.
ამ ინიციატივამ საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია.
მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო კრიტიკოსები შიშობენ, რომ მუხლის აღდგენა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მუხლის საბოლოო ფორმულირება და მისი ამოქმედების დეტალები.
რა თქმა უნდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ,,სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენა დროული და აუცილებელია, რადგან სახელმწიფოს ინტერესების გაძლიერებას და სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.
სამშობლო უნდა იცნობდეს თავის ,,გმირებს”.
მოამზადა-თამთა მაისურაძემ





