
ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში იმყოფებოდა და სამუშაოს ადგილზე გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში იმყოფებოდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, განხორციელებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისგან, თემურ მღებრიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მათივე ცნობით, დიდთოვლობის გამო სოფელი შრომა მოწყვეტილი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. საავტომობილო გზის ერთ-ერთ კრიტიკულ მონაკვეთზე სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია. გზის გაწმენდის შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტრომომარაგების აღდგენისთვის საჭირო სამუშაოების დაწყება, რომელიც უახლოეს საათებში დასრულდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა გაიწმინდოს ყველა დასახლებასთან მისასვლელი გზა, აღდგეს კომუნიკაცია და ელექტროენერგიის მიწოდება.
„მაქსიმალურად, სადაც საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.
„დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ, რათა ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





