
დათო ლორთქიფანიძე : ,,საგამოძიებო კომისია თუ მოახერხებს და დაინტერესდება, გარანტიას ვაძლევ, ისეთ რამეებს ,,აღმოაჩენს” ჩემი დახმარებით, რომ გარკვეული პერიოდი დაჯერება გაუჭირდება”
,,GEO NEWS”-ის დღევანდელი რესპონდენტი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი დათო ლორთქიფანიძეა, რომლის მიერ გაკეთებული პოლიტიკური ანალიზი ყოველთვის ძალზედ საინტერესო და ზუსტია, რაც მისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და განსაკუთრებული ინტელექტუალური უნარებითაა განპირობებული.
ვფიქრობთ, ბატონ დათოსთან ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაც ჩვენი მკითხველისთვის სასიამოვნო წასაკითხი და გამორჩეული იქნება.
–ბატონო დათო, მსოფლიოში მიმდინარე ტრამპის ახალი ტრენდის გათვალისწინებით, რამდენად პერსპექტიულია დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობები ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას და პროცესები ქუჩაში გადაიტანოს ?
-სიმართლე გითხრათ, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საქმე იმაშია, რომ მათ ჰქონდათ ილუზორულად ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის იმედი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ძირითადად იმ პოზიციებს აფიქსირებენ, ხაზს ვუსვამ, რომ სწორად მინდა იყოს გაგებული, კი არ იმეორებენ, არამედ რეალურად, რასაც ხედავენ იმას აფიქსირებენ, ანუ, იმას, რაც ბევრად ადრე ჩვენმა ხელისუფლებამ დაინახა, ის რომ ე.წ. ,,დიფ სთეითი” რეალურია და ისე როგორც ამერიკაშივე, ასევე სხვა ქვეყნებში დესტრუქციის შემოტანას ცდილობენ, რაც საბოლოო ჯამში მათთვის მიუღებელი ხელისუფლებების ცვლილებების აქტიურ მცდელობებში გამოიხატება.
დავინახეთ თუ როგორ გააუქმა ტრამპოლის ახალმა ადმინისტრაციამ ,,იუსაიდის” პროგრამების 80% -ზე მეტიც კი, რომელიც დესტრუქციის მსახურებით გამოიხატებოდა.
ჩემთვისაც, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, მოულოდნელი იყო, რომ ,,ამერიკის ხმის” გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა ახალი ადმინისტრაცია და 1 300-მდე თანამშრომელი დარჩებოდა ,,მოლოდინის რეჟიმში”. ასე რომ, მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები ძალზედ დინამიურად ვითარდება და ჩვენი ამოცანაა, სერიოზული შეცდომა არ დავუშვათ და საინტერესო პარტნიორიდან არ აღმოვჩნდეთ ,,საპატრო ქვეყანად”, სადაც ბომბების აფეთქების ხმა სიმშვიდის და განვითარების დამაბრკოლებელი იქნება.
-სხვათა შორის, პრემიერის ვიზიტის შემდეგ არაბული სამყაროს ლიდერი კომპანია საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციით შემოვიდა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გარანტია იქნება დასაქმებისა და მომიჯნავე ბენეფიტების თანხლებით. გთხოვთ, საქართველოს ახალი პოლიტიკა დივერსიფიცირებისა და ფართო ეკონომიკური ხედვის პერსპექტივაში შეგვიფასოთ….
–საქართველო უფლის განგებით ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ტერიტორიაზეა, რომელიც უმოკლესი გზაა აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად და ის, რომ, თუნდაც ჩინეთიდან, ევროპამდე ტვირთების გადაადგილებას საქართველის გავლით 25 – 30 დღემდე ნაკლები სჭირდება, ვიდრე სხვა ნებისმიერი უმოკლესი გზის გამოყენებისას, ცალსახად პოზიტივია და უნდა იქნას გამოყებებული. აი, ამ კონტექსტში, არაბული 6 მილიარდიანი ინვესტიცია გარდაუვლად განაპირობებს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, პლიუს საინტერესო ბრენდულ ინფრასტრუქტურას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ გადამწყვეტი არა, დოლარის ამ ოდენობის შემოტანა ქართულ ეკონომიკაში, უპირობოდ ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარის გარანტია იქნება. ასე რომ, ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ეკონომიკას გააჯანსაღებს და მტრებს არ შეგვმატებს მხოლოდ მისასალმებელია.
-მშვიდობის პოლიტიკა, რაც ესოდენ წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს სერიოზულ მიღწევად მიიჩნევა ხომ არ უნდა გადაიზარდოს დროთა განმავლობაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში და უშუალო ორმხრივ მოლაპარაკებებში ?
–საერთოდ, არც ერთი ომი, თავისით არ მთავრდება, ანუ ერთ მშვენიერ დილას, მეომარი მხარეები არ გაიღვიძებენ იმ განწყობით, რომ ზარბაზნები აღარ ესროლონ ერთმანეთს და ადამიანების ხოცვას თავი დაანებონ, ბოლოს მაინც მოლაპარაკებებამდე მიდის პროცესი, რასაც თუნდაც, ახლა ვხედავთ რუსეთ-უკრაინას შორის ამერიკის შუამდგომლობით. ნუ, ახლა ვის უკან ევროპაა, დიდი ბრიტანეთი თუ სხვა, ეს არაა მთავარი, გადამწყვეტი მაინც ამერიკის ჩართულობა და მცდელობაა დიალოგით დაასრულოს 21- ე საუკუნის ეს კოშმარი. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც ოკუპირებული ქვეყანა ვართ რუსეთის მიერ, ადრე თუ გვიან, პირისპირ, თუ შუამავლების ჩართულობით უნდა ვეცადოთ და ჩვენი ძირძველი მიწები / საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები დავიბრუნოთ და რაც მეტი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო იკისრებს ქმედით, ხაზს ვუსვამ, ქმედით ჩართულობას, მით უკეთესი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ერთიანობისათვის.
-დაბოლოს, რა ტიპის მოლოდინები გაქვთ იმ საგამოძიებო კომისიისგან, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და რომლის მიზანიც ,,ნაცმოძრაობის” დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება გახლავთ ?
–დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო კომისია, რომელსაც ქ-ნი თეა ხელმძღვანელობს იმ 6 თვის პერიოდში, რომელიც კანონით აქვს განსაზღვრული, ძალიან საინტერესო დასკვნებს დადებს, რაც შემდგომ პროკურატურის სამუშაო თემები გახდება.
მე, კონკრეტულად რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა მაქვს კომისიასთან, ამაზე განვაცხადე კიდევაც და იმედი მაქვს, კომისიაზე მიმიწვევენ და მოისმენენ ჩემს ,,გულის ტკივილს” იმ საკითხებზე, რომელიც ,,ნაც მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინეს.
აი, მაგალითად, თუ როგორ მოახერხეს სახელმწიფოს 100% – იანი წილისა და 8 მილიონზე მეტი საწესდებო კაპიტალის საწარმოს ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანის” კანონის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოსთვის ,,წართმევა”/ე.წ.პრივატიზაციით და როგორ მიაჩუქეს ის თეთრებში ,,ნაც მოძრაობის” დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამფინანსებელ და პოლიტიკურ ლიდერს კობა ნაყოფიას.
ასევე როგორ წაართვეს ვანის მოსახლეობას 29 ჰექტარი საძოვარი და როგორ დატოვეს ქალაქისა და მიმდებარე სოფლების 5 ათასზე მეტი ოჯახი საკვების ( რძისა და რძის პრიდუქტების გარეშე ) და ჩვენი ბრძოლის შედეგად, რომლის სათავეშიც ვიდექი 2012 წლის სექტემბერში მაშინდელი პრემიერის მერაბიშვილის განკარგულებით როგორ დავაბრუნებინეთ ეს მიწა, ოღონდ შემდგომი საკმაოდ მძიმე გაგრძელებით.
თუნდაც ის, როგორ გააუქმეს ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მიქეფონის საჯარო სკოლა, რომ იქ ,,ნაც დეპუტატს” თხილის გადამამუშავებელი წარმოება გაეკეთებინა...და სოფლის ბავშვები როგორ გაწირეს ზამთარში 14 – 16 კილომტრზე ფეხით სასიარულოდ ( ტყის მონაკვეთი უნდა გაევლო ზამთრის სიბნელეში ბავშვებს ), რამაც გამოწვია მშობლების იძულება ამ სოფლის ბავშვების სხვა ქალაქებში გადაყვანისა დაა წლების ბრძოლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ როგორ დავუბრუნეთ სოფელს სიხარული და აღვუდგინეთ გაუქმებული სკოლა.
გარდა ამისა, არის კიდევ რამდენიმე ძალიან სენსიტიური ( გენერალ კენჭაძის ქონებების ჩამორთმევის, უკანონო პატიმრობისა და წამების, რამაც მისი განუკურნებელი დაავადება გამოიწვია და სიცოცხლე მოესწრაფა ) და საინტერესო თემები, რომლითაც კომისია თუ დაინტერესდება, გარანტიას ვაძლევ, რომ ისეთ რამეებს ,,აღმოაჩენს” ჩემი დახმარებით, რომ გარკვეული პერიოდი დაჯერება გაუჭირდება.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





