
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ცვლილება 18 კანონში შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა.
ცვლილებების მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება. იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. ასევე, მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
სამინისტროს ცნობით, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში არ მოითხოვეს; ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს; მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს; შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.




