• June

    4

    2025
  • 169
  • 0
ქეთი ხუციშვილმა, ეკა გიგაურმა და ნინო ევგენიძემ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს

ქეთი ხუციშვილმა, ეკა გიგაურმა და ნინო ევგენიძემ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ქართველი ხალხი კვლავ მზადაა, იბრძოლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ევროპული სტილის დემოკრატიისთვის.

„დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენ საქართველოში ვხედავთ რუსული სტილის ავტორიტარიზმის განვითარებასა და ფორმირებას. ხელისუფლება ვიდრე იყენებს რუსულ საშუალებებს, რეპრესიულ დაკავებებს, ძალადობრივ დარბევებს, ქართველი ხალხი იბრძვის ქუჩაში უკვე 200 დღეზე მეტია. ქართველი ხალხი კვლავ მზადაა, იბრძოლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ევროპული სტილის დემოკრატიისთვის. გვინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ევროპას მხარდაჭერა. ძალიან ვაფასებთ იმას, რაც უკვე გააკეთა ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვინდა, მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის და უფრო მკაცრი მოპყრობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სანქციებს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მოახდინონ საქართველოს არადემოკრატიული რეჟიმის იზოლირება, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები იმ პირებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, დააშორონ საქართველო ევროპულ მომავალს.

„მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა ევროპარლამენტის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მარტო არ ვართ ჩვენს ბრძოლაში დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია, მტკიცე და მამაცი. ჩვენ ძალიან მტკიცენი ვართ დემოკრატიისადმი, საქართველოს ევროპული მომავლისადმი ჩვენს ერთგულებაში. მზად ვართ, ძალიან მტკიცედ დავიცვათ ფუნდამენტური თავისუფლებები – სიტყვის თავისუფლების, ხმის მიცემის, გაერთიანების, რეპრესიების შიშის გარეშე ცხოვრების უფლება. მრავალი თვის განმავლობაში ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მოახდინონ საქართველოში ამ არადემოკრატიული რეჟიმის იზოლირება, რათა მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, დამოუკიდებელ მედისა, ქართულს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დააშორონ საქართველო ევროპული მომავლისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებების, პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით, ევროპა ერთად უნდა დადგეს, რადგან დემოკრატიისა და თავისუფლების ფრონტი ახლა უკრაინასა და საქართველოში გადის. მისივე თქმით, ქართველები და უკრაინელები ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების იდეისთვის მსხვერპლს სწირავენ.

„სიტყვები ვერ გამოხატავს მადლიერებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ყველა დავიმახსოვრებთ იმ ადამიანების სახელებს, ვინც იდგა საქართველოს მოსახლეობასთან ერთად თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ თითქმის 224 წლის განმავლობაში. ჩვენ ყველამ ვიცით, როდესაც რუსები მოდიან. შესაძლოა, თქვენ ვერ გასწავლოთ, როგორ მუშაობს თანამედროვე სახელმწიფო, მაგრამ კანქვეშ ვგრძნობთ, როდესაც რუსები მოდიან. ჩვენ გვყავს რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ცდილობს, საკუთარი ქვეყნის საბოტაჟს, რათა ხელი შეუშალოს ევროპულ მომავალს. ევროპა ერთად უნდა დადგეს, რადგან დემოკრატიისა და თავისუფლების ფრონტი ახლა უკრაინაში და საქართველოში გადის. საქართველოში, ყველამ გვესმის, რომ ჩვენ არ ვიბრძვით, ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ეს არის ბრძოლა რუსი იმპერიალიზმის, ეს არის ბრძოლა პუტინიზმის წინააღმდეგ. და, სწორედ ამის გამო, ქართველები და უკრაინელები მსხვერპლს სწირავენ ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების იდეისთვის. ჩვენ, ვიმედოვნებთ და მოუთმენლად ველით, რომ ევროკავშირიც მტკიცედ დგას თავისი რწმენაში და ღირებულებებში. სხვაგვარად, ერთიანობისა და სოლიდარობის გარეშე, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ყველა სახის ავტორიტარებს და განსაკუთრებით რუს იმპერიალისტებს მსოფლიოში“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით კი, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს ქართველების დასახმარებლად, რომ საქართველო ან სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, იმპერიალისტური კოლონიალისტური იმპერიის ნაწილი არ გახდეს, ევროკავშირის ინტერესებშია, ევროპულ კონტინენტზე დემოკრატიები იყოს.

„მადლობა თქვენი ბრძოლისთვის. თბილისში რამდენჯერმე ვიყავი. მე ვხედავ საქართველოში ხალხის სიმტკიცეს. თქვენ იცით, რომ ქართველები დაახლოებით 80 პროცენტი პროევროპულები არიან, თუმცა თავად ისინი ამბობენ, რომ არიან არა პროევროპულები, არამედ ევროპელები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი იბრძვიან უფლებისთვის, რომ იყვნენ ევროპელები, როგორც არიან. ასევე მივმართავ ევროკავშირის ქვეყნებს, პოლიტიკოსებსა და ხალხს, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ხდება საქართველოში. ეს შეიძლება, მოხდეს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, როგორ არის შესაძლებელი ქვეყნის დაპყრობა შიგნიდან, დემოკრატიული გარემოს უკუსვლა და ჩვენ თვალს ვადევნებთ ზოგიერთ ქვეყანაში ზუსტად იგივე უკუსვლას. საქმე არ ეხება მხოლოდ ბრიუსელისგან სადღაც შორს მდებარე ქვეყნებს, სულაც არა, ეს ძალიან ახლოსაა. და ის ბრძოლა, რომელსაც ქართველები აწარმოებენ, არ არის განცალკევებული მოლდოველების, უკრაინელების ბრძოლისგან, ბელარუსი ხალხის ბრძოლისგან, რომელიც 2020 წელს დაიწყო და ახლაც იბრძვიან. ეს არის ერთი დ აიგივე ბრძოლა ერთი და იგივე იმპერიალისტური კოლონიალისტური ძალის წინააღმდეგ. ჩვენ, ევროკავშირში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ქართველებს, რომ საქართველო ან სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი არ გახდეს ამ იმპერიალისტური კოლონიალისტური იმპერიის ნაწილი. ეს ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ევროპულ კონტინენტზე იყოს დემოკრატიები“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მზია ამაღლობელი საქართველოში ყველა დაპატიმრებული ადამიანის სიმბოლო გახდა, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ მეტი სოლიდარობა მზიას და მისი ბრძოლის მიმართ“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor