
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გურიაში ორი პირი დააკავეს
გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1962 წელს დაბადებული თ.ძ. და 1998 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს.
„პოლიციამ, დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნაგანის სისტემის რევოლვერი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, F1 ტიპის ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით, გპ-25-ის სასროლი მოწყობილობა ათი ჭურვით, სამი მჭიდი და 194 ვაზნა ამოიღო. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“ და „ბუპრენორფინი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





