
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოსა და ერევნის მიერ სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერას აფასებს
თეირანი : ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერა ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“-, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა ყურადღებით აკვირდება ამიერკავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ამ მოვლენებთან დაკავშირებით კავშირზეა ორივე მეზობელ ქვეყანასთან – აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და სომხეთის რესპუბლიკასთან…მიესალმება რა ორი ქვეყნის მიერ სამშვიდობო დეკლარაციის ტექსტის საბოლოო შემუშავებას, ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ მოვლენას რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმავალ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს“, – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავდროულად, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს, რომ თეირანი შეშფოთებას გამოთქვამს ნებისმიერი სახის საგარეო ჩარევის ნეგატიური შედეგების გამო, რომელიც ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებას, განსაკუთრებით საერთო საზღვრებთან ახლოს.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო გზების შექმნა და მათი ქსელების ბლოკადის მოხსნა რეგიონის ხალხების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება, როდესაც ის განხორციელდება ორმხრივი ინტერესების, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში და უცხოური ჩარევის გარეშე.
,,ირანი მზადაა გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების დასაცავად ორმხრივ და რეგიონულ დონეზე, მათ შორის 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მათ მეზობლებს : რუსეთს, ირანს და თურქეთს”,- ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ





