• September

    26

    2025
  • 156
  • 0
ექსკლუზივი : თამარ ჩიბურდანიძე – ,,ბიძინა ივანიშვილისა და მისი ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტის გზას დაადგება, რაც საბოლოოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც მოიტანს” !

ექსკლუზივი : თამარ ჩიბურდანიძე – ,,ბიძინა ივანიშვილისა და მისი ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტის გზას დაადგება, რაც საბოლოოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც მოიტანს” !

ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწეა, რომლის ანალიტიკური აზროვნება და ღრმა ცოდნა მუდამ დიდ ინტერესს იწვევს. ის არა მხოლოდ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, არამედ წარსულში გამოცდილი ჟურნალისტიც გახლდათ და დღეს უნივერსიტეტის პროფესორიცაა, რომელიც პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განსაკუთრებულ სიღრმესა და პრაგმატიზმს ავლენს.

თამარ ჩიბურდანიძესთან საუბარი ყოველთვის ღრმა, ინფორმაციული და საინტერესოა, რადგან მისი ხედვა მნიშვნელოვან პერსპექტივებს გვთავაზობს.

ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქალბატონი თამარი გვესაუბრება ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და მომავლის ხედვებზე.

-ქალბატონო თამარ, გილოცავთ მეფე ერეკლეს ძეგლის გახსნას. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მხოლოდ კულტურული მოვლენა არ არის და პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. რას გულისხმობთ და როგორ უკავშირდება ეს თქვენს ხედვას საქართველოს ისტორიულ გზაზე ?

მეფე ერეკლეს ძეგლის დადგმა კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შესასვლელში, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ კულტურული აქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ყოველ შემოსულ სტუმარს შეახსენებს, ვინ გადაარჩინა ეს ქვეყანა. ჩვენი ისტორია სავსეა გამოწვევებით, მაგრამ მეფე ერეკლემ, დემოგრაფიული კატასტროფის პირისპირ მდგარ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც შვიდასი ათასს შეადგენდა, არა მხოლოდ ფიზიკური გაქრობისგან იხსნა, არამედ გეორგიევსკის ტრაქტატით, მართალია საკამათო, მაგრამ იმ დროისთვის გადამწყვეტი ნაბიჯით, ჩვენი რწმენა და რელიგიაც შეუნარჩუნა. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი ისტორიული გაკვეთილის გაცოცხლებაა და ბევრი სიკეთის საწინდარი.

-თქვენ ხშირად საუბრობთ ოპოზიციის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. როგორ აფასებთ მათ მიერ არჩეულ ტაქტიკას და რამდენად სერიოზულად აღიქვამთ იმ დაპირებებს, რომლებსაც საზოგადოებას სთავაზობენ ?

ოპოზიცია დღეს ღრმა პოლიტიკურ დეპრესიაშია. მოგეხსენებათ, დეპრესიაში მყოფი ადამიანი ხშირად მიდრეკილია სუიციდური ქმედებებისკენ და, სამწუხაროდ, ამას ვხედავ ოპოზიციის ქმედებებშიც. როგორც პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტი, ვცდილობ ლოგიკა ვიპოვო მათ ნაბიჯებში, თუმცა ეს ძალიან რთულია.

ავიღოთ, მაგ:, თბილისის მერობის კანდიდატი, ბატონი კუპრაძე, რომელიც საარჩევნო კამპანიას დესტრუქციასა და ნგრევაზე აგებს. ის პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყებს თბილისის ნგრევას, გზების გადაკეტვასა და მეტროს გაუქმებას. განა, სერიოზულად უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი ? ნუთუ, „ლელომ“ მართლაც ამ დონემდე დაიწია, რომ ასეთი კანდიდატი წარადგინა ? ეს ყველაფერი სრულად არასერიოზულია და მიანიშნებს, რომ ოპოზიცია არა ხელისუფლებაში მოსვლას, არამედ საკუთარი თავის განადგურებას ცდილობს. მათი რადიკალური და რევოლუციური განწყობები არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, არამედ მხოლოდ ქაოსის შექმნას.

-როგორც გამოცდილი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, როგორ ხედავთ საქართველოს ადგილს თანამედროვე გლობალურ პოლიტიკაში ? რა გავლენა იქონია უკრაინის ომმა მსოფლიო პოლიტიკაზე და როგორ გამოიყენა საქართველომ ეს შესაძლებლობა ?

-საქართველოს არც საბჭოთა პერიოდში და არც შემდეგ არასდროს ჰქონია სრულიად თავისუფალი პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. იყო ცალკეული მცდელობები, მაგ: ,ზვიად გამსახურდიას პერიოდში, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. ასევე მახსოვს შევარდნაძის მცდელობა, მაგ: , „აბრეშუმის გზის“ პროექტი. დღეს, მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. ტრამპის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს ლიბერალური პოლიტიკის შედეგების გადახედვაზე.

როგორც ყოფილი ჟურნალისტი, დეტალურად ვაკვირდები მოვლენებს და კარგად მესმის რეალობა. რუსეთის დაძირვის მცდელობა უკრაინის ომით, რაც გლობალისტების არჩევანი იყო, ტრაგიკული შეცდომა აღმოჩნდა. ამან არათუ დაასუსტა რუსეთი, არამედ სამწუხაროდ, გააძლიერა ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

უკრაინის ომმა სერიოზულად დააზარალა ევროპა და აშშ-საც შეუქმნა პრობლემები. ამ მოვლენებმა ჩვენს ქვეყანას, საქართველოსაც, უნიკალური შესაძლებლობა მისცა. სწორედ აქ არის უდიდესი დამსახურება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გონივრული მიდგომისა და მისი გუნდის პრაგმატული პოლიტიკისა. მათ, ფაქტობრივად, იომეს მშვიდობისთვის და გადადგეს ნაბიჯები სუვერენიტეტისკენ, რამაც შესაძლებელი გახადა, საქართველო გამოსულიყო იმ ქაოსიდან, რომელიც გვემუქრებოდა.

„ხალხის ძალამ“ პირველმა აიღო თავზე ეს პოლიტიკური დარტყმები და მოამზადა საზოგადოება სუვერენიტეტის იდეის აღსაქმელად.

-ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობთ სუვერენიტეტზე და არა მხოლოდ დამოუკიდებლობაზე. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ცნება და როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ამ კუთხით ?

დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი რადიკალურად განსხვავებული ცნებებია. თუ აქამდე მხოლოდ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობდით, ახლა უკვე სუვერენიტეტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს სულ სხვა განზომილება და სხვა განაცხადია.

ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა მულტიპოლარული ხდება, სადაც ჩინეთი და არაბული სამყარო საკუთარ კუთვნილ ადგილს იკავებენ.

ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ტრამპის კონსერვატიულ ვექტორთან, თუმცა ზედმეტი „ჩახუტების“ გარეშე, რადგან ზედმეტ სიახლოვეს ზედმეტი პრობლემები მოსდევს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, დავალაგოთ ურთიერთობები გაძლიერებულ რუსეთთან, რაც აუცილებლად მოხდება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩვენი მიზანია, საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ეკონომიკური სიძლიერე გაზარდოს. ამის შედეგად გვექნება ჯვარედინი პოლიტიკა, როცა ჩვენც გავითვალისწინებთ სხვების ინტერესებს და სხვებსაც მოუწევთ ჩვენი ინტერესების გათვალისწინება. ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ჩვენს სამშობლოს საშუალებას მისცემს, დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოში.

მე ღრმად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტის გზას დაადგება, რაც საბოლოოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასაც მოიტანს.

ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor