
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონი ლარის გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა და პასპორტის ჩამორთმევაზე.
თავად ღარიბაშვილს სხდომაზე განცხადება არ გაუკეთებია. შემოიფარგლა მხოლოდ მოკლე კომენტარით, რომ ბრალს ეთანხმება. განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცხადდა პირველივე გამოკითხვაზე, არ ჰქონია ქვეყნის დატოვების მცდელობა და, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიმალვის მცდელობაც გამორიცხულია.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო უკვე დატოვა.





