• November

    6

    2025
  • 129
  • 0
ალი ბაბაევი : ,,ჩვენი მიზანი უცვლელია : 2030 წლისთვის წარმატებულად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა – აზერბაიჯანული საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ხედავს, რომ ის იცავს ჩვენს მშვიდობიან მომავალს” !

ალი ბაბაევი : ,,ჩვენი მიზანი უცვლელია : 2030 წლისთვის წარმატებულად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა – აზერბაიჯანული საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ხედავს, რომ ის იცავს ჩვენს მშვიდობიან მომავალს” !

საქართველოს ევროპული მომავალი და მშვიდობის პოლიტიკის მნიშვნელობა ,,GEO NEWS” ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს, ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ბატონ ალი ბაბაევს ესაუბრა. 

-მოგესალმებით, ბატონო ალი. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აზერბაიჯანული ორგანიზაციის ლიდერი საქართველოში, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კარგად ხედავს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს. მოდით, დავიწყოთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული მოვლენებით, უფრო ზუსტად ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ საქართველოს დისკრედიტაციასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზანი ევროკავშირის იმ ბიუროკრატების ქმედებების უკან, რომლებიც, თქვენი თქმით, შეგნებულად ახდენენ საქართველოს, როგორც ყველაზე პროგრესული კანდიდატი ქვეყნის დისკრედიტაციას, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ?

-მოგესალმებით. ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ძალიან მკაფიო და ურყევია. მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ცალკეული ბიუროკრატების ასეთი ქმედებების უკან დგას ორმაგი სტანდარტი და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება ატარებს პრაგმატულ, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ მშვიდობის პოლიტიკას, რაც სრულად შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნებას. თუმცა, ზოგიერთი ევროპული წრე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ჩვენს სუვერენულ არჩევანზე, მოითხოვოს ჩვენგან დათმობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. მათთვის მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ არ დაემორჩილა მათ მოწოდებებს, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში და დაესაჯა რუსეთის ფედერაცია სანქციების დაწესების გზით.

საქართველომ ეკონომიკური ზრდით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებითა და რეფორმებით ბევრად მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე სხვა კანდიდატებმა. ის, რომ ამ პროგრესზე თვალს ხუჭავენ და საუბრობენ ე.წ. „დემოკრატიულ უკუსვლაზე“, არის წარმოუდგენელი ტყუილი და ცილისწამება.

ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა, რომელიც მიზნად ისახავს პროდასავლური, მაგრამ ეროვნულად ორიენტირებული ხელისუფლების დისკრედიტაციას. ჩვენი მიზანი უცვლელია – 2030 წლისთვის წარმატებულად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

-ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქცენტი მშვიდობის პოლიტიკაზე. თქვენ ხმამაღლა განაცხადეთ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მშვიდობის პოლიტიკას. კონკრეტულად რაში ხედავთ „ქართული ოცნების“ მშვიდობის პოლიტიკის უპირატესობას და რატომ არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ?

-მშვიდობის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენს რეგიონს აქვს კონფლიქტების მძიმე გამოცდილება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ უზრუნველყო 12 წლიანი სტაბილურობა, რაც ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, ყველა მოქალაქის განვითარების საფუძველია.

ჩემი, ეთნიკური აზერბაიჯანელი თანამემამულეები, ისევე როგორც ყველა ქართველი, კარგად ხედავს განსხვავებას : სტაბილურობა ნიშნავს ეკონომიკურ აღმავლობას, უსაფრთხოებას, სოციალური პროგრამების გაუმჯობესებას, თავისუფალ ბიზნესსა და მშვიდ გარემოს.

ჩვენ გვახსოვს წარსული წლების ტერორი და არეულობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება და რაც მთავარია, ქვეყანა დგას ევროპული ინტეგრაციის მყარ გზაზე, მშვიდობიან პირობებში.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცხოვრონ ძლიერ, დემოკრატიულ და ერთიან საქართველოში, რომელიც ევროპის დიდი ოჯახის ნაწილია. ეს ყველაფერი კი, შეუძლებელია ომის და დესტაბილიზაციის პირობებში. აზერბაიჯანული საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ხედავს, რომ ის იცავს ჩვენს მშვიდობიან მომავალს.

-თქვენ ასევე მკვეთრი კრიტიკით გამოეხმაურეთ ევროკავშირის კომისრების დუმილს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც, თქვენი განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო სახეზე, რასაც მათი მხრიდან არანაირი დაგმობა არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ ამგვარ კრიტიკულ მომენტებში მკაფიო პოზიციის დაუფიქსირებლობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე და რამდენად აზიანებს ეს მათ სანდოობას ?

-ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დესტრუქციული ფაქტი. როდესაც ქვეყანაში ხდება სახელმწიფო ინსტიტუტზე – პრეზიდენტის სასახლეზე პირდაპირი თავდასხმა და სახეზეა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პარტნიორმა უნდა დაგმოს ასეთი ძალადობა. ევროკავშირი მუდმივად საუბრობს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვაზე, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, ისინი უცებ დუმილს ამჯობინებენ.

ეს დუმილი საქართველოს საზოგადოებისთვის ნიშნავს ერთ რამეს : მათთვის მიუღებელია ლეგიტიმური ხელისუფლების დაცვა, თუ ეს ხელისუფლება არ ასრულებს მათ ყველა მოთხოვნას. ეს აზიანებს ევროკავშირის სანდოობას, როგორც ობიექტური და სამართლიანი პარტნიორის და ადასტურებს ეჭვებს, რომ ისინი ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ქართველი ხალხი, მათ შორის აზერბაიჯანელები, ვხედავთ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენივე ხელით უნდა დავიცვათ. ევროკავშირი თუ მართლა დემოკრატიის მხარდამჭერია, უნდა დაგმოს ნებისმიერი ძალადობა და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევის მცდელობა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.

-ბატონო ალი, დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი და ამომწურავი პასუხებისთვის. თქვენი პოზიცია, როგორც საქართველოს ერთგული მოქალაქის და პოლიტიკური მოღვაწის, ნათელია – მშვიდობა და სტაბილურობა ევროპული მომავლის გასაღებია. ჩვენი საუბრიდან აშკარაა, რომ თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ მშვიდობის პოლიტიკის უდიდეს მნიშვნელობას და მზად ხართ აქტიურად დაიცვათ საქართველოს ეროვნული ინტერესები ევროპულ გზაზე. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.

-მადლობა თქვენ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა ეთნოსის მოქალაქე ერთიანია ძლიერი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს იდეის გარშემო. ჩვენი მიზანია სტაბილურობა, განვითარება და 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ გზაზე ჩვენი სიმტკიცე და ერთიანობა არის გარანტი ჩვენი წარმატებისა .

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო გმობს ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ, განსაკუთრებით ერთგვარი ქალთა ბანდის მხრიდან, საქართველოს მიმართ გამოვლენილ მიკერძოებას და უსამართლო რეზოლუციებს. რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატების ასეთი მიკერძოება ვერ იპოვიდა საქართველოში ნოყიერ ნიადაგს, რომ არა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, როგორიც უსამშობლო ,,ნაციონალური მოძრაობაა”, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სათანადო ვერდიქტს გამოუტანს და ეს ტერორისტების პარტია სამუდამოდ აიკრძადება. საერთო ჯამში, სრულად ვეთანხმები და ვიზიარებ ევრობიუროკრატებისა და მათი დესტრუქციული ქმედებების იმ შეფასებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის ღია წერილში იქნა გამოთქმული.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor