
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ანდრეი სიბიგა – უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით დარტყმებით, პუტინმა ტერორისტული პასუხი გასცა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წინადადებებზე
უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით დარტყმებით, პუტინმა თავისი ტერორისტული პასუხი გასცა აშშ-ის და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წინადადებებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს.
მისი თქმით, უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია.
„პუტინმა თავისი ტერორისტული პასუხი გასცა შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წინადადებებზე, უკრაინაზე რაკეტებისა და დრონების დარტყმებით. რუსეთის მიერ ღამით დრონებით, ბალისტიკური, ფრთოსანი და აერობალისტიკური რაკეტებით განხორციელებული დარტყმის შედეგად კიევში, სულ მცირე, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. დარტყმები განხორციელდა ასევე ოდესაზე, ხარკოვის, ჩერნიგოვის და კიევის რეგიონებზე“, – წერს სიბიგა.
უკრაინელი დიპლომატის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და კრიტიკული სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდება სიცივის პირობებში.
„უკრაინა ერთგულია სამშვიდობო ძალისხმევისა და ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობას, რათა ვაიძულოთ აგრესორი, დაასრულოს ომი. რუსეთზე ზეწოლა, ასევე ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს შორის ძალა და ერთიანობა, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ომის დასასრულებლად“, – წერს ანდრეი სიბიგა.





