
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – როდესაც ვსაუბრობთ აშშ-ზე, ქვეყანაზე, რომელსაც ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა ამ ომს დაემალა, რა თქმა უნდა, მეტი მოლოდინი გვაქვს
ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.
„ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეროვნული ინტერესების პრიზმაში. პირველ რიგში, ვხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანებს, რომელიც გვაქვს ორი. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინტერაქცია სხვებთან. როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით და ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა ამ ომს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ასეთი წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენს პარტნიორობაში, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება. ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.




