
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პენტაგონის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჩინეთმა აშშ-ს ბირთვული განიარაღების ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა
პენტაგონის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჩინეთმა აშშ-ს ბირთვული განიარაღების ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
„როგორც უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე სუპერბირთვული ძალისთვის, აშშ-სთვის ყველაზე გადაუდებელი ამოცანაა, გულმოდგინედ შეასრულოს ბირთვული განიარაღების განსაკუთრებული და პრიორიტეტული პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა სხვა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების განიარაღებისთვის პირობები უნდა შექმნას.
„აშშ-მ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს საკუთარი ბირთვული არსენალი, რათა შეიქმნას პირობები სხვა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებისთვის, რათა ისინი ბირთვული განიარაღების პროცესს შეუერთდნენ“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ამასთან, ლინ ძიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთი „ბირთვული შეიარაღების რბოლაში“ არცერთ ქვეყანასთან არ არის ჩართული.
ცნობისთვის, „როიტერის“ მიერ მოპოვებულ პენტაგონის ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ ჩინეთმა სავარაუდოდ, 100-ზე მეტი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა განათავსა მონღოლეთის საზღვართან მდებარე ობიექტებზე და შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება არ სურს.





